ირაკლი კობახიძე - მაქვს იმედი, რომ პრეზიდენტი წითელ ხაზებს არ გადაკვეთს და უკადრებელს არ იკადრებს

[საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღების ინტერესთან დაკავშირებით] სალომე ზურაბიშვილს აქვს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია, თუმცა, როგორც ჩანს, მას აქვს განსხვავებული ინტერესები, მე არ დავაკონკრეტებ! მაქვს იმედი, რომ ის წითელ ხაზებს არ გადაკვეთს და უკადრებელს არ იკადრებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე თუ რატომ გამორიცხავს 2008 წელს ომის დაწყებაზე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ დღეს „მეორე ფრონტზე“ საუბარი არის კონსპირაცია, კობახიძის თქმით, პრეზიდენტს ამ საკითხზე ინფორმაცია აქვს, თუმცა საპირისპირო განცხადებებს აკეთებს.

„მინდა საქართველოში გამოირიცხოს ის, რაც მოხდა 2008 წელს. ეს არის ჩვენი პოლიტიკა და ვმოქმედებთ ამ პოლიტიკის შესაბამისად. 2008 წელს სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო ომი, მან დაბომბა მძინარე ცხინვალი და ა.შ. ეს არის მისი დამოკიდებულება. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღების ინტერესი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ დავუშვათ. სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ ფართო ინფორმაცია აქვს ამასთან დაკავშირებით და ამ ფონზე რატომ აკეთებს საპირისპირო განცხადებებს, ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ. სინამდვილეში, ის საკმაოდ ფართოდ ინფორმირებულია იმ საკითხების შესახებ, რასაც ის კონსპირაციის თეორიას ეძახის. მას აქვს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ჩანს, მას აქვს განსხვავებული ინტერესები. მე არ დავაკონკრეტებ. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, დღესაც მოვისმინეთ მისი მხრიდან ძალიან ბევრი გაუგებარი განცხადება, თუმცა მე მაინც მაქვს იმედი, რომ ის წითელ ხაზებს არ გადაკვეთს და უკადრებელს არ იკადრებს.

ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იცვალა მან ფერი, თუმცა მოვერიდებით ამ დეტალებზე საუბარს, მათ შორის იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს. წითელ ხაზებზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარია საქართველოს კეთილდღეობა. დამოუკიდებლობის დაცვა, სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვა, ამაში იგულისხმება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც არის ასახული საქართველოს კონსტიტუციაში. ამაზე მათ შორის იგულისხმება ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. ეს ყველაფერი ასახულია ჩვენს პროგრამაში, საქართველოს კონსტიტუციაში და მივყვებით ამ ყველაფერს განსხვავებით იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომელიც ჩვენ გვიპირისპირდებიან. ყველაფერი ნათელია როდესაც ვხედავთ ვის მოსწონს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, მოსწონს სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, ლევან ბეჟაშვილს და ა.შ. იმსჯელოს საზოგადოებამ სად ვდგავართ ჩვენ და სად სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, კობახიძემ პრეზიდენტის მოხსენების შეფასებისას მას აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გაახსენა.

„ის ფაქტი, რომ თითქოს მეორე ფრონტი არის კონსპირაცია, ამაზე მინდა შევახსენო პრეზიდენტს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რას ამბობდა ის 2008 წლის ომის შესახებ, როგორ დაიწყო 2008 წლის ომი ის იყო კონსპირაცია თუ რა იყო, იქნებ გაიხსენოს საკუთარი განცხადებები და ამის შემდეგ ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება