ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლის ფარგლებში პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლია საკმაოდ კრიტიკული და მწვავე იყო.

აშკარად არ გამართლდა მმართველი გუნდის მოლოდინი, რომ პრეზიდენტის განცხადებები „ნაკლები დოზით გაუგებარი“ იქნებოდა.

ფაქტია, რომ პრეზიდენტის განცხადებები არა თუ გაუგებარი, საკმაოდ გასაგები და მკაფიო იყო ისეთ თემებზე, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და დღეს ამ მიმართულებით საკეთებელ საქმეს ეხება.

პრეზიდენტმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას მოუწოდა შეეცადონ „მთავარ გამოწვებზე“ შეთანხმდნენ“ და ერთობლივად იმუშაონ ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად.

თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს და მათზე მმართველი გუნდის რეაქციებს?

- მოდით, ჯერ იმაზე ვილაპარაკოთ, რაც პრეზიდენტის გამოსვლაში, ასე ვთქვათ, „პწკარებს შორის“ ამოვიკითხე. დავიწყოთ ზოგადით.

ძალიან ბევრი ხელისუფლების კრიტიკოსი ჩვენ მმართველ ძალას პრორუსულ მენტალიტეტში ადანაშაულებს. ეს ესე არ არის, საქმე გაცილებით უფრო რთულადაა.

ჩვენი მმართველი ელიტა ადამიანის ძირძველ უფლებას - ნების თავისუფლებას დაემუქრა. წმინდა ავგუსტინედან მოყოლებული ნების თავისუფლებაზე მრავალი ასეული თეოლოგიური თუ თეოსოფიური ტრაქტატია დაწერილი, მაგრამ მე ძალიან მომწონს მე-19 საუკუნის დანიელი თეოლოგისა და ფილოსოფოსის, თანამედროვე ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის სერენ კერკეგორის გამონათქვამი, რომელიც თვლიდა, რომ ნების თავისუფლება ღმერთის მიერ ადამიანისთვის ნაბოძი ყველაზე დიდი საჩუქარია, საჩუქარი, რომელიც სარწმუნოებაზე მაღლა დგას.

მართლაც, რწმენა ნებაყოფლობითი აქტია და თქვენი ნებაა გწამთ თუა არა ღმერთის, თქვენი ნებაა, რომელ რელიგიას აირჩევთ, კონფუციანობას, ბუდიზმს, ისლამს თუ ქრისტიანობას, თანაც თქვენთვის სასურველ კონფესიას. თქვენი ნებაა, მიყვებით დემოკრატიულ თუ ეტატისტურ პოლიტიკურ დოქტრინას, თქვენი ნებაა, გიყვართ თუ არა მმართველი პოლიტიკური ძალა.

აი, ზუსტად ნებისა და არჩევანის თავისუფლებას ებრძვიან „ქართული ოცნების“, მაპატიეთ, მაგრამ ინფანტილური ლიდერები, რომლებიც თვლიან, რომ „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“.

პოლიტიკურ სპექტრს ისინი განზრახ ამარტივებენ, ხედავენ მხოლოდ თეთრსა და შავს, ვერ ამჩნევენ პოლიტიკურ თუ ინტელექტუალურ ნიუანსებს, ადამიანების განსაკუთრებულობასა და თვითმყოფადობას. პარადოქსია, მაგრამ ზუსტად იმ პოლიტიკას ატარებენ, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის ბაირაღმა მათ არჩევნებში გამარჯვება მოუტანა.

ეს არ არის რუსული მენტალიტეტი, ეს ავტოკრატიული მენტალიტეტია, რომელიც უმალვე შეიცვლის ფერს, როგორც კი ამის პრაგმატული საჭიროება დადგება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთ დოქტრინას სტრატეგიული მომავალი არ გააჩნია.

აი, ამიტომ, ვინც კი „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, ის „ხალხის მტერია“, ამიტომ ჩვენი პრეზიდენტი თურმე „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი ყოფილა. აი, ამიტომ მოღალატეებს კრიტიკულად განწყობილ სტუდენტურ ახალგაზრდობაში ეძებენ, რომელთა სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი, თურმე, კი არ აძლიერებს დემოკრატიას, არამედ, მმართველთა აზრით, ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას.

მე სულაც არ მინდა ვთქვა, რომ ჩვენთან რეალური თუ პოტენციური მოღალატეები არ არიან. ისინი საუბედუროდ უხვადაა განთესილი, მათ შორის მმართველი თუ ოპოზიციური პარტიების რიგებში. მაგრამ სხვაგან ეძებეთ ისინი, ბატონებო, დააკვირდით ადამიანთა ზნეობას.

გეყოფათ, თქვა პრეზიდენტმა, ცოტა ხნით მაინც გვერდზე გადადეთ პოლიტიკური დაპირისპირება და შეთანხმდით იმაზე, რასაც ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილი თქვენგან მოითხოვს

აი, ჩემი აზრით, ამ თვალთახედვით უნდა შევაფასოთ გინდ პრეზიდენტის, გინდ ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსის საჯარო გამოსვლები, გამონათქვამები და ქმედებები.

პრეზიდენტმა კი ზოგადად თქვა მარტივი რამ, რაც ნებისმიერი ევროპული საზოგადოებისთვის პოლიტიკური ანი და ბანია - არსებობს პოლიტიკური პრაგმატიზმი, პარტიული დისციპლინა და ძალაუფლებისადმი ლტოლვა, ეს გასაგებია, მაგრამ არსებობს ზეპარტიული ფასეულობები, რომელთა პატივისცემა აუცილებელია სახელმწიფოს მდგრადობისთვის.

გეყოფათ, თქვა პრეზიდენტმა, ცოტა ხნით მაინც გვერდზე გადადეთ პოლიტიკური დაპირისპირება და შეთანხმდით იმაზე, რასაც ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილი თქვენგან მოითხოვს.

ძალაუფლებას საფლავში ვერ წაიღებთ. ასეთი სიტყვებით მას არ მოუმართავს, მაგრამ ეს პათოსი მე მაინც ამოვიკითხე. რასაკვირველია, ეს არ მოეწონა არც მმართველ ძალას, არც ოპოზიციას, რომელნიც თავიანთ თავს ზუსტად პოლიტიკურ დაპირისპირებაში პოულობენ. როგორც მადამ დე პომპადურმა თქვა, "Après nous, le déluge" - ჩემს მერე თუნდაც წარღვნა ყოფილიყოს.

- პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე საკმაოდ კრიტიკული შეფასებები ჰქონდათ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. მათ პრეზიდენტს მოუწოდეს თავადაც იყოს უფრო აქტიური პოლიტიკურ პროცესში, რომელიც ქვეყნის ევროპისკენ სავალ გზას უკავშირდება.

ოპოზიციის ნაწილის მტკიცებით, ისინი პრეზიდენტის ხელისუფლების მიმართ პოზიციონირებას მხოლოდ მას შემდეგ დაიჯერებენ, თუ ევროპული რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში პრეზიდენტი მესამე პრეზიდენტსა და „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას შეიწყალებს.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტი სააკაშვილს რომ არ შეიწყალებს, ვიცით, მაგრამ როგორც ამბობენ, მას ივანიშვილისთვის არ აქვს მიცემული პირობა, რომ გვარამიას არ შეიწყალებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის გამოსვლაზე ოპოზიციის რეაქციას? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალებას მოაწეროს ხელი?

- ქალბატონი სალომე ევროპული სულისკვეთების ადამიანია და ის თავის მისიას ისე ასრულებს, როგორც თვლის საჭიროდ.

პრეზიდენტი კი თვლის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მიუკერძოებელი უნდა იყოს და არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს არ უნდა გამოხატავდეს. მმართველი ძალაც და ოპოზიციაც კი მისგან პოზიციონირებას მოითხოვს, ანუ საჯაროდ საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვას.

პრეზიდენტი კი თვლის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მიუკერძოებელი უნდა იყოს და არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს არ უნდა გამოხატავდეს. მმართველი ძალაც და ოპოზიციაც კი მისგან პოზიციონირებას მოითხოვს, ანუ საჯაროდ საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვას

ახლა, სასწორის ერთ თეფშზე დადეთ ნიკა გვარამიას, ან მიხეილ სააკაშვილის, ან თუნდაც ორივეს შეწყალება და მეორე თეფშზე ჩვენი ევროპული პერსპექტივა და შვილების კეთილდღეობა.

სამართლიანია ოპოზიციის მოთხოვნები? აქაც ხომ პოლიტიკურმა პრაგმატიზმმა, რევანშის სურვილმა და წუთიერი პოლიტიკური სარგებლის წყურვილმა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები გადაწონა.

- პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა - „რატომ არ გესმით ხალხის დაჟინებული თხოვნა რა მომავალი უნდათ და სად არ უნდათ ყოფნა? ... პასუხისმგებლობის ლომის წილი ხელისუფლებაზეა.“

მისი თქმით, „საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს სეპარატისტებისა და რუსეთის ხელისუფლების რიტორიკა მეორე ფრონტის გახსნაზე“. და ეს მაშინ, როცა, ევროკავშირი სწორედ მშვიდობისა და განვითარებისთვის შექმნილი ორგანიზაციაა, რომლის რეკომენდაციების შესრულებას ხელისუფლება მხოლოდ „ფორმალურად უნდა შეასრულოს“.

თქვენთან დაკავშირებამდე თქვენს შარშანდელ ინტერვიუებს გადავხედე „ინტერპრესნიუსთან“. ერთ-ერთში თქვენ ამბობთ - „ოცნების საკრალური შეცდომა იყო შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლა, ამ წინდაუხედავი საბედისწერო ქმედებების შედეგებს ახლა ვიმკით“.

რატომ ემთხვევა ხშირად ერთმანეთს „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით სეპარატისტებისა და მოსკოვის რიტორიკა? სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა?

- ნებისმიერი მსჯელობა სეპარატიზმზე, მეორე ფრონტზე, სხვა ამგვარი ნარატივი ეს სოციალური ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ჩვენი ზოგიერთი, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსი მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ლამობს.

პრეზიდენტი კი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი

მახსენდება აწ გარდაცვლილი ბატონი ვახტანგ რჩეულიშვილის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ დააფუძნა მან სოციალისტური პარტია. იმიტომ, ხუმრობით უპასუხა მან, რომ ყველა სხვა პარტია დაკავებული იყოო. არაფერს გაგონებთ?

პრეზიდენტი კი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი.

თანამედროვე დემოკრატია არა უმრავლესობის დიქტატი, არამედ უმცირესობის აზრის პატივისცემაა.

- პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა - „ახლა დაყოფისა და დაპირისპირების დრო არაა“ და პოლიტიკურ სპექტრს ისევ შესთავაზა ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით თავად იყოს მოდერატორი, ორივე მხარემ გამოიყენოს პრეზიდენტი ინსტიტუტი როგორც მათ შორის თანამშრომლობის პლატფორმა.

პარლამენტში გამართულმა მსჯელობამ დატოვა იმის გაცდა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტს მისცემს საშუალებას უფრო აქტიურად ჩაერთოს ოპოზიციისა და ხელისუფლებას პოზიციების შეჯერებასა და იმაში, რასაც წლის ბოლომდე ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი ჰქვია?

- აი ნახეთ, პრეზიდენტისგან მოითხოვენ პოლიტიკურ პოზიციონირებას, ის კი საზოგადოებას მედიატორის როლს სთავაზობს. შუამავალი კი ნეიტრალური უნდა იყოს.

რასაკვირველია, პრეზიდენტის ინსტიტუტის გამოყენება ყველაზე უფრო სარფიანი და სწორი იქნებოდა. მითუმეტეს, რომ მსოფლიოში დღეს მას ქართველ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. მაგრამ წავლენ ამაზე პოლიტიკოსები? ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. ჩემი აზრით, ეს დიდწილად ხალხისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლაზე იქნება დამოკიდებული.

მაგრამ წავლენ ამაზე პოლიტიკოსები? ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. ჩემი აზრით, ეს დიდწილად ხალხისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლაზე იქნება დამოკიდებული

- უკრაინაში მიმდინარე ომმა რომ ქვეყანას „ფართოდ გაუხსნა“ ევროკავშირის კარი, ამაზე ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტებიც მეტყველებენ.

სწორედ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქალბატონმა ბერკოვმა თქვა თბილისში, რომ ჩვენთვის ევროპის კარი „ფართოდაა ღია“.

ამ ვიზიტების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ სახელისუფლებო გუნდი და ოპოზიცია იმაზე დაიწყებდნენ ფიქრს რომ მსოფლიო მართლაც შეცვლილია და ახლა ქვეყნის წინაშე მთელი სიცხადით დევს ახალ რეალობის დღის წესრიგი.

სამწუხაროდ, ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ რჩებიან მკაცრი პრესინგისა და ოპონირების რეჟიმში. დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, ქვეყანა რეალურად ცხოვრობს „სამოქალაქო ომის რეჟიმში“.

სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდი იძულებული გახდა „ჩაეგდო“ კანონი „აგენტების“ შესახებ, ქვეყანას ახალ პოლიტიკურ რეალობაში უწევს ცხოვრება?

- მე ზუსტად საპირისპირო აზრი მაქვს - იმის მიზეზი, რომ „ქართულ ოცნებას“ ხსენებული კანონპროექტის ჩაგდება მოუწია, ახალი პოლიტიკური რეალობის შედეგია. ახალი რეალობა და არა ქართული, არამედ მსოფლიო მასშტაბით იწყება სულ მცირე 2022 წლის 24 თებერვალს, შეიძლება ადრეც, 2020 წლის იანვარში, კოვიდის პანდემიის დაწყებიდან.

ჯერ პანდემიამ, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომმა დაგვანახა, რომ მსოფლიოს ეპიდემიოლოგიური, სოციალური, ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო უსაფრთხოება ურთულესი გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდა და მისი დაძლევა დაიწყო მაშინ, როცა მსოფლიოს სოციალურ-ეკონომიკურმა ინფრასტრუქტურამ გარდაქმნა დაიწყო.

ჩვენმა მმართველმა პოლიტიკურმა ელიტამ ეს ვერ გაიაზრა. მათთვის ყველაფერი მარტივად დარჩა - ბოროტების თავი და თავი „ნაცმოძრაობაა“.

სრულიად ქართველი ერი კი უფრო გამჭრიახი აღმოჩნდა. შეიძლება ქვეცნობიერ დონეზე, მაგრამ მან არჩევანი გააკეთა - თანამედროვე მსოფლიოში არ შეიძლება განმარტოვდე და დარჩე მედროვე, წუთიერი მოკავშირეების ანაბარად. ჩვენ სტრატეგიული ხედვა, სტრატეგიული მომავალი და სტრატეგიული განვითარების გეგმა გვჭირდება, რათა მოვძებნოთ მსოფლიოში ჩვენი მდგრადი ადგილი.

სრულიად ქართველი ერი კი უფრო გამჭრიახი აღმოჩნდა. შეიძლება ქვეცნობიერ დონეზე, მაგრამ მან არჩევანი გააკეთა - თანამედროვე მსოფლიოში არ შეიძლება განმარტოვდე და დარჩე მედროვე, წუთიერი მოკავშირეების ანაბარად. ჩვენ სტრატეგიული ხედვა, სტრატეგიული მომავალი და სტრატეგიული განვითარების გეგმა გვჭირდება, რათა მოვძებნოთ მსოფლიოში ჩვენი მდგრადი ადგილი

კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ, მოდით, სამომავლოდ ამ თემაზე ვილაპარაკოთ, არჩევანზე, რომელიც ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ბედს ათწლეულობით განსაზღვრავს. შევეშვათ წუთიერებას.

- მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდი იძულებული გახდა „ჩაეგდო“ კანონი „აგენტების“ შესახებ თვალს ვადევნებთ ორივეს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ქმედებას.

ხელისუფლებას ემჩნევა დისკომფორტი, რომ კანონის გაწვევა მოუწია, ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბებულა ბრძოლის როგორ გზას დაადეს.

ქვეყანა რომ მართლაც დაპირისპირების რეჟიმში უწევს ცხოვრება, ამაზე ის ბანერებიც მეტყველებს, რომლებითაც აჭრელებულია დედაქალაქი და რომლითაც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთისთვის ომი აქვთ გამოცხადებული.

მიუხედავად იმისა, რომ „აგენტების“ კანონის „ჩაგდება“ მმართველ გუნდს მოუწია, იგი კანონის მიუღებლადაც „მშვენივრად“ ახერხებს ოპონენტებს „აგენტები“ და „მოღალატეები“ უწოდოს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესების რადიკალიზაციისკენ ნაბიჯებს თავად ხელისუფლება დგამს. ეს კი ბევრს აფიქრებინებს ამტკიცოს, რომ ხელისუფლება „აგენტების“ კანონის სხვა ფორმით ისევ შეტანას შეეცდება. თქვენი დაკვირვებით, ამგვარი რამ რამდენად რეალისტურად გამოიყურება?

- არ მესმის მე ხელისუფლების: მათ თუ მარტო ფინანსური გამჭვირვალობა ადარდებდათ, საკმარისი იყო საგადასახადო კოდექსში ერთი მუხლის დამატება - დეკლარაციის შევსება ევალება როგორც სამეწარმეო, ისე არასამეწარმეო იურიდიულ პირებს. შემდეგ ამ ინფორმაციას რეესტრი როგორ გააანალიზებდა, ეს მისი საქმე იქნებოდა. კანონის ინიციაცია უფრო დემარშის, მუქარის ფუნქციას ასრულებდა.

ისე კი, მე არც ერთი უცხო ქვეყნის მართლაც აგენტი თუ ჯაშუში დაპატიმრებული არ მინახავს. თქვენ? ვიფიქროთ ერთად, რაზე მეტყველებს ჩვენი სპეცსამსახურების ამგვარი პასიურობა

რადიკალიზაცია კი არც შემცირებულა, არც გაზრდილა - მოქიშპე პოლიტიკური სუბიექტები თავიანთ ტაქტიკურ პოზიციებს იკავებენ. ბანერების თემაც არახალია, ეს ხავსმოკიდებული ტექნოლოგიაა.

ისე კი, მე არც ერთი უცხო ქვეყნის მართლაც აგენტი თუ ჯაშუში დაპატიმრებული არ მინახავს. თქვენ? ვიფიქროთ ერთად, რაზე მეტყველებს ჩვენი სპეცსამსახურების ამგვარი პასიურობა.

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ მას შემდეგ, რაც მმართველ გუნდს მოუწია „აგენტების“ კანონის „ჩაგდება,“ „ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი“.

ფაქტია ისიც, რომ ხელისუფლების პროპაგანდამ თითქოს კოლექტიური დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს, ხალხმა დაიჯერა. ისევ თქვენ ინტერვიუებს „ინტერპრესნიუსთან“ გავიხსენებ, სადაც ერთგან თქვენ ამბობთ - „არც მმართველ ძალას და არც ოპოზიციას ტალეირანები არ ჰყავს“.

გასაგებია, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერები „ტალეირანებად“ ივანიშვილსა და „ოცნების“ ლიდერშიფს მიიჩნევენ, მაგრამ, ოპოზიციას რომ ლიდერის პრობლემა აქვს, ფაქტია.

თქვენი დაკვირვებით. იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა ოპოზიციაა, სავარაუდოდ, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია მოძებნოს სამოქმედო, ფორმულა და ლოზუნგი“?

- მართლაც არ გვყავს ტალეირანები და რა ვქნათ? ჭადრაკის თამაში როგორც გროსმაისტერების ტურნირზე, ისე სოფლის კლუბში შეიძლება.

ჩვენმა პოლიტიკოსებმა კი ჩვენი პოლიტიკური რეალობა ზუსტად სოფლის კლუბად აქციეს. კარგი მოჭადრაკე რამდენიმე ათეულ სამომავლო სვლას აანალიზებს, ჩვენი პოლიტიკოსები კი ერთ სვლაზე მეტს ვერ ხედავენ, ჯერ მოქმედებენ, შემდეგ ფიქრობენ. ამიტომაც არა აქვთ სამოქმედო გეგმა.

კარგი მოჭადრაკე რამდენიმე ათეულ სამომავლო სვლას აანალიზებს, ჩვენი პოლიტიკოსები კი ერთ სვლაზე მეტს ვერ ხედავენ, ჯერ მოქმედებენ, შემდეგ ფიქრობენ. ამიტომაც არა აქვთ სამოქმედო გეგმა

- ყველა თანხმდება, რომ საქართველოსთვის 2023 წლის მთავარი გამოწვევაა მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ამას წინათ პრემიერმა ამ თემაზე ევროპას დაახლოებით ასე რამ უთხრა ევროპას - „მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართ.“

არადა ჩვენი ევროპელი პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ კანდიდატის სტატუსს რეკომენდაციების შეუსრულებლად ვერ მივიღებთ.

ამ თემაზე თქვენ გაქვთ ნათქვამი - „თუ ხელისუფლება ახალ სასულეებს არ ჩაიდენს, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მალე შეიძლება მოხდეს, ევროპას რუსეთის აღარ ეშინია“.

ოპოზიციის მტკიცებით, - „ჩვენ რომ სხვა ხელისუფლება გვყავდეს, გარდა ივანიშვილისოცნებისა“, უკვე ევროპაში ვიქნებოდით“

გაქვთ განცდა, რომ საქართველო წლის ბოლოს მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს?

- აზრი არ შემიცვლია, „იგივე ვარ მარად და მარად“. მაგრამ, განა არ იყო „აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ასეთი სისულელე?

ახლა მეორე. ევროკავშირის სტატუსს იღებს ქვეყანა, მისი მოსახლეობა. მოსახლეობა მუდმივია, მთავრობები კი იცვლება.

ამ რეკომენდაციებიდან ყველაზე პრობლემურად მე მართლმსაჯულების რეფორმა მიმაჩნია

რაღაც ფორმალურ დონეზე რეკომენდაციები შესრულდება, სხვა საქმეა, როგორ შეეგუება ამას ევროკავშირი. ამ რეკომენდაციებიდან ყველაზე პრობლემურად მე მართლმსაჯულების რეფორმა მიმაჩნია. ამაზე არაერთხელ გვაქვს გვისაუბრია.

მოდით, ამ კითხვას ზაფხულის ბოლოს დავუბრუნდეთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა