აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია დასრულდა.
როგორ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, მასშტაბური აქცია 9 აპრილს თბილისში გაიმართება, სადაც მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება იქნება.
„საინფორმაციო შეხვედრები გვექნება კახეთში, ხვალ ქუთაისში და ასევე შიდა ქართლში. 9 აპრილს მთელი საქართველოდან ევროპული მომავალი ვისაც სურს, ანტიპუტინისტებმა, ანტირუსებმა, მოიყარონ თავი დედაქალაქის ცენტრში. ეს არ იქნება ერთი პარტიის აქცია, ამას საზოგადოება კარგად ნახავს. ევროპული მომავალი სურს არა თუ რომელიმე კონკრეტულ პარტიას, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას.
მოვუწოდებ ყველას, 9 აპრილს 17:00 საათზე, მხოლოდ ერთი მოთხოვნით შევიკრიბოთ, ეს უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით 12 რეკომენდაციას. უნდა ვაიძულოთ, პოლიტიკური ნება არსებობდეს რუსულ ოცნებაში, თუ ეს პოლიტიკური ნება არ იარსებებს და ჩვენ ვხედავთ, რომ არ არსებობს ასეთი, მაშინ ქართველ ხალხს ექნება ლეგიტიმაცია, არა რუსული კანონის შემდეგ მოითხოვოს არა რუსულ მთავრობას.
ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და საკითხის განხილვას, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი იქნება ყველგან მათ შორის პარლამენტში. პეპლების კანონპროექტში განხილვებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, თუმცა რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, რეკომენდაციის შესრულებას ყველაფერში აქტიურად ვიქნებით ჩართული. ჩვენდა სამწუხაროდ, ვხედავთ, რუსული ოცნება ეწევა საბოტაჟს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ამიტომაც 9 აპრილს ძალიან დიდი აქცია იქნება. ჩვენ არ გვინდა რუსეთი”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.