თენგიზ ცერცვაძე - თუ ჯანდაცვის სისტემაში სიღრმისეული ცვლილებების ბოლომდე მიყვანა შესაძლებელი გახდა, მოსახლეობა მიიღებს თვისობრივად ახალ, ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვას

თუ ჯანდაცვის სისტემაში სიღრმისეული ცვლილებების ბოლომდე მიყვანა შესაძლებელი გახდა, მოსახლეობა მიიღებს თვისობრივად ახალ, ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს. რა სიკეთეები მოუტანა მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელიც საქართველოში ათი წელია მოქმედებს? როგორ უყურებს კლინიკებისთვის დაფინანსების ახალი - DRG სისტემის შემოღებას, რამდენად სწორია სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება და როგორია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგები 2015 წლიდან დღემდე - ამ და სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, თენგიზ ცერცვაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საუბრობს...

- ბატონო თენგიზ, თქვენ არაერთგზის აღნიშნეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში სერიოზული რეფორმები მიმდინარეობს. დაგვიზუსტეთ, რას ეხება ეს რეფორმები და რა შედეგს ველით მათგან?

- ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა ცალკეულ სეგმენტებში ძალიან სერიოზული წარმატებების მიუხედავად, მთლიანობაში გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე ვთქვათ ამერიკაში, ან გერმანიაში. სამწუხაროდ, სხვანაირად ვერც იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და მისი რესურსები და ეკონომიკური პოტენციალი შეზღუდულია. ამ დროს მოსახლეობა ქვეყნის და სამინისტროს ხელმძღვანელობისგან ისეთივე დონის და ხელმისაწვდომობის ჯანდაცვას ითხოვს, როგორიც აქვს მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს და ეს გასაგებია, რადგან ჯანმრთელობა თითოეული ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასია და ის, რომ ქვეყნის შესაძლებლობები შეზღუდულია, მათთვის მისაღები არგუმენტი ვერ იქნება. ამ ვითარებაში, სამინისტროს ხელმძღვანელობამ ძალიან რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გზა აირჩია. დარგობრივი პროგრამების გარდა, იგი ახორციელებს ჯანდაცვაში სიღრმისეულ რეფორმებს სისტემური ცვლილებების გზით და თუ ამ რეფორმების და სისტემური ცვლილებების ბოლომდე მიყვანა შესაძლებელი გახდა, ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს თვისობრივად ახალ, ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვას. რეფორმების ძირითადი მიმართულებებია: მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების გზით; საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ოპტიმიზაცია; ინფექციის კონტროლი და შიდაჰოსპიტალური ინფექციების პრევენცია, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა და რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია; პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება; ახალი დარგობრივი პროგრამების, მაგალითად, B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედება და სხვა.

- ჯანდაცვის სამინისტროში კეთდება განცხადებები, რომ 2025 წლის ბოლოსთვის, შესაძლებლობა გვექნება, რომ C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციაზე ვისაუბროთ. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს და როგორია გეგმები ამ მიზნის მისაღწევად?

- ეს პროგრამა 2025 წელს ოფიციალურად მთავრდება ანუ, პროგრამის დასასრულებლად 2 წელიწად-ნახევარი დაგვრჩა. რა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ წარმატებით დასრულდება? - ეს არის აქამდე განვლილი გზა. პროგრამა 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ, ამ პროგრამის ფარგლებში, 80 000-ზე მეტი C ჰეპატიტის მქონე ავადმყოფი განიკურნა, რაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია. არც ერთ სხვა რომელიმე დარგობრივ პროგრამას, გარდა, რა თქმა უნდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა, რომელიც ყველა დარგს მოიცავს, საქართველოში და შეიძლება არც სხვა ქვეყნებში, არ გადაურჩენია 80 000 ავადმყოფის სიცოცხლე. პროგრამის დაწყებამდე - 2015 წელს ამერიკულმა CDC-იმ და ჩვენმა NCDC-იმ შეისწავლეს საქართველოში C ჰეპატიტის გავრცელება და ნახეს, რომ ქრონიკული C ჰეპატიტი მოზრდილი მოსახლეობის 5.4%-ს ჰქონდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს დაავადება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. როდესაც ეს კვლევა ისეთივე ფორმატით 2021 წლის ზაფხულში გაიმეორეს, C ჰეპატიტის გავრცელება 1.8%-მდე, ანუ 67%-ით - ზუსტად 3-ჯერ იყო შემცირებული, რაც თვითონ ამერიკელების შეფასებით, ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. მარტივი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ თუ 5 წელიწადში 67%-ით შევამცირეთ, დარჩენილი 33%-ის შემცირება სამ წელიწადში არ უნდა გაგვიჭირდეს. ასე რომ, პროგნოზი, რომ საქართველო ვადაში ჩაეტევა, ძალიან საიმედოა. C ჰეპატიტი ის გამონაკლისია, სადაც საქართველო მსოფლიოში უპირობო ლიდერია და ამაზე არავინ დავობს.

- რა სიკეთეები მოუტანა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მოსახლეობას ამ 10 წლის განმავლობაში?

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ქვეყნის მოსახლეობას უდიდესი სიკეთე მოუტანა, ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და ბევრ ხელმოკლე ადამიანს საშუალება მისცა, რომ ხარისხიანი მკურნალობა მიეღო. დღეს ჩვენთან საქართველოში ვიღაცას გულის ოპერაცია ან სხვა ძვირადღირებული მკურნალობა თუ სჭირდება, ეს მისთვის ტრაგედია არ არის, რადგან მან იცის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით იგი ამ მომსახურებას მიიღებს. ისიც უნდა დავაფასოთ, რაც 10 წლის წინ არ გვქონდა და ახლა გვაქვს. ადამიანებს აღარ ეშინიათ, რომ ავად გახდომის შემთხვევაში, ისინი ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ვერ მიიღებენ, ან სახლების გაყიდვა მოუწევთ და ეს ბოლო 10 წელიწადში ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ჯანდაცვა მსგავსი ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყნებს შორის საუკეთესოა, ან ერთ-ერთი საუკეთესო მაინც.

- DRG სისტემასაც შევეხოთ - უკვე 5 თვე სრულდება, რაც აღნიშნული სისტემა ამოქმედდა და შევაფასოთ, რა შედეგები მოიტანა ახალმა სისტემამ? წინააღმდეგობების მიუხედავად, მივიღეთ ის შედეგი, რაც გვინდოდა?

- კი შედეგები უკვე არის. დაფინანსების ე.წ. „დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების“ (DRG) მოდელის შემოღებით ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ხელმისაწვდომობა და მომსახურების ხარისხი გაიზარდა. კერძოდ, პროგრამის ხარჯები უფრო რაციონალურად და სამართლიანად ნაწილდება. თუ რაღაც სამედიცინო სერვისები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ იყო, ახლა ხელმისაწვდომია. თავიდან კლინიკების ნაწილის მხრივ გარკვეული წინააღმდეგობა და უკმაყოფილება იყო, მაგრამ ახლა უმეტესობა კმაყოფილია და აღიარებს, რომ DRG სისტემა უფრო ადრე რომ შემოეღოთ, უკვე გვექნებოდა უკეთესი ხელმისაწვდომობა და ხარისხი.

- DRG სისტემა ამ ეტაპზე მაინც საპილოტე რეჟიმშია. თავად კლინიკებმა როგორ აუღეს ალღო, რა ხარვეზები იყო?

- თავიდან შედარებით ძნელად, მაგრამ თანდათან ისწავლეს. ამაზე ტრენინგებიც ჩატარდა, ნელ-ნელა ეს ყველაფერი რეგულირდება და შემიძლია, წინასწარ გითხრათ, რომ DRG-მ უკვე გაამართლა და ეს სისტემა უეჭველად დამკვიდრდება, მითუმეტეს, რომ იგი კარგა ხანია წარმატებით გამოიყენება რიგ განვითარებულ ქვეყნებში.

- რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობას, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ გაჭიანურდა შენობის რეაბილიტაციის პროცესი. რა უკავშირდება ამას და რა ინფორმაცია გაქვთ, როდის შეიძლება დასრულდეს სამუშაოები?

- საკმაოდ კი არა ძალიან გაიწელა. ყველამ კარგად ვიცით, ეს როგორ მოხდა. ისტორია ასეთია: 2009 წელს, ძველი ხელისუფლების მიერ საავადმყოფოს ტერიტორია და შენობა-ნაგებობები ჩალის ფასად გაიყიდა ანუ, საავადმყოფო დარჩა საკუთარი ტერიტორიისა და შენობების გარეშე. ეს იყო დანაშაული, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისე „ავერსი ფარმას“ მხრიდან, ვინც შეიძინა. ის კერძო პირია და იტყვის - „მე მომყიდეს და ვიყიდე“, მაგრამ ყველაფერი არ უნდა იკადრო და წითელი ხაზები არ უნდა გადაკვეთო. არ შეიძლება იმ დროისთვის ყველაზე წარმატებულ და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საავადმყოფოს ე.წ. „რეიდერული“ მეთოდებით და საეჭვო გარიგებებით ყველაფერი წაართვა და ჰაერში გამოკიდებული დატოვო. ფაქტობრივად, ჩვენ არ გვაქვს საკუთარი შენობა და ტერიტორია. ამის შემდეგ იჯარა გაგვიფორმეს ანუ, ჩვენივე ტერიტორიაზე „ავერსი-ფარმას“ მდგმურები ვართ და დიდ ქირას ვუხდით. თან ძალიან შეგვავიწროვეს - 11 000 კვ.მ გვეკავა და ახლა მხოლოდ 6 000 კვ.მ გვიკავია. ჭერი გადახადეს ადმინისტრაციულ კორპუსს და წვიმა ჩამოდის, წამების ფორმაა. მესაკუთრემ არ მოგვცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანამედროვე ტექნოლოგიების განთავსების საშუალება, არა გვაქვს კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და სხვ. საშინელი პირობებია. უხეშად ირღვევა, როგორც მედპერსონალის, ისე ავადმყოფების უფლებები. 12 წელია ასე ვართ.

ამ ორი წლის წინ სახელმწიფომ შეხედა, რომ ბოლოს და ბოლოს ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და დიღომში, სამედიცინო მიზნებისთვის ახალდაშენებული, 11-სართულიანი შენობა შეიძინეს და გადმოგვცეს. ძალიან კარგი შენობაა. ახლა იქ შიდა სამუშაოები და ამ შენობის ინფექციური კლინიკის სპეციფიკაზე მორგება მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები ივნისში მთავრდება. ალბათ, კიდევ სამი თვე აღჭურვას და გადასვლას დასჭირდება და ამ წლის ბოლოს, უკვე ახალ მოსახლეობას აღვნიშნავთ ახალ შენობაში.

- შევეხოთ რესპუბლიკის საავადმყოფოს გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც. როგორ შეაფასებდით არსებულ ვითარებას, რამდენად დგას რეალური საჭიროება იმისა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაინგრეს და მის ადგილას ახალი აშენდეს?

- მე რესპუბლიკური საავადმყოფოს თემას 3 საკვანძო საკითხად დავყოფდი: 1. აუცილებელია, თუ არა ახალი საავადმყოფოს გაკეთება და რა ლოკაციაზე. 2. რა უკეთესია - ძველი ნაგებობის დანგრევა და ახლის აშენება, თუ მისი რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. 3. როგორ უნდა გაკეთდეს ეს ისე, რომ დღეს იქ მომუშავე სამედიცინო პერსონალის ინტერესები არ დაზარალდეს.

პირველი საკვანძო საკითხი - აუცილებელია, თუ არა ახალი საავადმყოფოს გაკეთება. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სულ ცოტა, ერთი მაინც სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი ჭეშმარიტად მრავალპროფილიანი, დიდი ზომის, სულ ცოტა 500 საწოლიანი და მეტი, საუნივერსიტეტო კლინიკის ტიპის თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების საავადმყოფო. არც ერთი ასეთი დაწესებულება საქართველოში დღეს არ არის. ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა-ნაგებობები, ფაქტობრივად, ამორტიზებულია. მისი ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გამოსულია მწყობრიდან და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2025 წლიდან ქვეყნის ჯანდაცვა ახალ საერთაშორისო სტანდარტებზე გადადის და ყველა სამედიცინო დაწესებულება მასთან შესაბამისობაში უნდა იყოს. მართალია, იქ დღესაც რამდენიმე განყოფილება და ათასამდე სამედიცინო პერსონალი მუშაობს, რომლებიც სამართლიანად არიან შეშფოთებულები საავადმყოფოს ბედით, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რა პოტენციალიც ასეთ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს და თუნდაც რა პოტენციალიც თავის დროზე ჰქონდა, ამიტომ მიმაჩნია, რომ ახალი საავადმყოფო აუცილებლად უნდა გაკეთდეს და ისიც სწორედ ამ ლოკაციაზე, ვინაიდან უფრო შესაფერისი ადგილის და ფართობის მოძიება თბილისში შეუძლებელია.

იმაზე აპელირება, რომ ეს ჩვეულებრივი საავადმყოფო კი არ არის, არამედ მეცნიერების ტაძარია, სადაც კორიფეები მუშაობდნენ და თაობები იზრდებოდნენ და ამიტომ მისი ხელის ხლება არ შეიძლება, სწორი არ არის. პირიქით - სწორედ ამიტომაა აუცილებელი აქ ახალი საავადმყოფოს გაკეთება, რომელიც კვლავ გახდება ქართული მედიცინის ფლაგმანი და ახალი თაობების სამჭედლო (მხოლოდ წარსული დიდებით მომავალში ვერ იცხოვრებ).

მეორე საკვანძო საკითხი - უნდა დაინგრეს ძველი ნაგებობა და მის მაგივრად მთლიანად ახალი უნდა გაკეთდეს, თუ შეიძლება ძველის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მოხდეს? ეს რთული საკითხია. ამაზე მე ვერ გიპასუხებთ. ეს სპეციალისტებმა - ექსპერტებმა, არქიტექტორებმა, კონსტრუქტორებმა უნდა განსაჯონ. რა მდგომარეობაშია საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა? მისი საძირკველი, კომუნიკაციები, ელექტროობა, ვენტილაცია, გათბობა, წყალმომარაგება და ა.შ.? შეიძლება მათი რეაბილიტაცია, თუ უკვე აღარ შეიძლება? და რაც მთავარია, როგორი იქნება ხარჯთეფექტურობა, რა უფრო ძვირი დაჯდება - ძველის დანგრევა და ახლის აშენება, თუ ძველის კაპიტალური რეკონტრუქცია-რეაბილიტაცია.

მესამე საკვანძო საკითხი - როგორ გადაწყდება იქ მომუშავე პერსონალის საკითხი? ისინი ძალიან კვალიფიციური, დამსახურებული და ღირსეული ადამიანები არიან. ბევრმა მათგანმა ქვეყნისთვის რთულ პერიოდში თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და გადაიტანა სიძნელეები, რითად დიდი სამსახური გაუწია სახელმწიფოს. საკმარისია გავიხსენოთ მათი დამსახურება COVID-ის პანდემიის პერიოდში, აგრეთვე ქვეყნისთვის სხვადასხვა კრიზისული მდგომარეობების დროს და სხვა. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი ინტერესების, თუნდაც მცირედით შელახვის ხარჯზე მოხდეს ცვლილებები. ქვეყნის და სამინისტროს ხელმძღვანელობამ ამ ადამიანების ღირსეული დასაქმება და ანაზღაურება აუცილებლად უნდა უზრუნველყოს.

ქვეყნის პრემიერმა და ჯანდაცვის მინისტრმა არაერთგზის საჯაროდ და ცალსახად განაცხადეს და დადეს პირობა, რომ იქ მომუშავე პერსონალის ინტერესები არ დაზარალდება, ყველა მათგანს ღირსეულ დასაქმებას და ღირსეულ ანაზღაურებას შესთავაზებენ. ახლა არის ეჭვები, რომ ეს მხოლოდ სიტყვის მასალად იყო ნათქვამი და შეიძლება არ შესრულდეს. არის ჭორების დონეზე უარესი ხმებიც, რომ იქ შესაძლოა საერთოდ არ გაკეთდეს ახალი საავადმყოფო და ტერიტორია კომერციული მიზნებით იქნას გამოყენებული. ახლა ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუ ვიღაცას ასეთი ვერაგობა აქვს ჩაფიქრებული. თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ქვეყნის პრემიერმა და ჯანდაცვის მინისტრმა თავიანთ განცხადებებში ამის თეორიული ალბათობაც კი გამორიცხეს.

- მედიკოსებს ამ დაპირებების შესრულების მიმართ უნდობლობა აქვთ...

- დიახ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის არც ჯანდაცვის მინისტრს და არც პრემიერს რამე საბაბი არ მიუციათ. ისინი თვლიან რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, შესაძლოა, მთავრობის და მინისტრის შეპირება ვერ შესრულდეს, მითუმეტეს, რომ ქვეყნის ირგვლივაც და ქვეყანაშიც სიტუაცია რთული და არასტაბილურია. ამიტომ 100%-იანი გარანტია, რომ მათი ინტერესები არ შეილახება, არა აქვთ. მე პირადად ვენდობი ქვეყნის პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის შეპირებას, მაგრამ მათთვის, ვინც არ ენდობა, ალბათ, მეტი არგუმენტებია საჭირო. ჯანდაცვის მინისტრმა უკვე დააანონსა, რომ მომავალ კვირაში წარდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს დეტალურ პრეზენტაციას რესპუბლიკური საავადმყოფოს თემაზე არსებულ ყველა პრობლემასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, უნდა დაველოდოთ ამ პრეზენტაციას და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები.

მიმაჩნია, რომ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს გაკეთება (ახლის აშენება ან ძველის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია) უდიდესი სახელმწიფო მნიშვნელობის, შეიძლება ითქვას საშვილიშვილო საქმეა, მაგრამ თუ დღეს იქ მომუშავე პერსონალის ინტერესები და ბედი მართლაც რისკის ქვეშ დადგება, მაშინ პროექტის განხორციელებისგან თავი უნდა შევიკავოთ.

- ერთ-ერთი რისკი არის მშენებლობის დროში გაწელვა. თქვენი კლინიკის - ინფექციური საავადმყოფოს შემთხვევაზეც ვისაუბრეთ, რომ დროში ძალიან გაიწელა. რამდენად რეალურია ეს რისკები რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში?

- ამ კუთხით მე უფრო გამიჭირდება პროგნოზირება. კი, ამის რისკები არსებობს. დიდი მშენებლობები ხანდახან ვადაში ვერ ეტევა და დროში იჭიმება. ასე იყო მაგალითად, რუხში, სადაც ახალი საავადმყოფოს აშენებას თავიდან დაგეგმილზე უფრო მეტი დრო დასჭირდა. მაგრამ მიმაჩნია, რომ გონივრული რისკის გაწევის გარეშე დიდი საქმეები არ კეთდება. როგორც იტყვიან „ვინც არ რისკავს, ის შამპანურს არ სვამს“. მაგრამ კიდევ ერთხელ დაველოდოთ ჯანდაცვის მინისტრის დეტალურ პრეზენტაციას და უფრო შორსმიმავალი დასკვნები, მათ შორის მშენებლობის შესაძლო გაჭიანურების რისკების შესახებ, ამის შემდეგ გავაკეთოთ.

- კიდევ ერთი საკითხია მედიკამენტებზე დაწესებული რეფერენტული ფასები. რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით გვითხრათ. აღმოჩნდა თუ არა რეფერენტული ფასების დაწესება შედეგიანი?

- მედიკამენტების სიძვირე მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემაა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მოსახლეობას ბევრი რამ ძალიან გაუადვილა, მაგრამ ადამიანებს ძვირიანი წამლების შეძენა უჭირთ. სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის მიერ გაწეული ხარჯების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მედიკამენტებზე მოდის და მედიკამენტების გაიაფებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება. ამიტომ სწორად მოიქცა მინისტრი, რომელმაც მოსვლიდან პირველივე დღეს დააანონსა, რომ ის ყოველგვარი კომპრომისის გარეშე შეებრძოლება განუკითხაობას ფარმაცევტულ ბაზარზე და ამ დაპირებას ასრულებს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ წინააღმდეგობებს აწყდება.

შედეგები უკვე შესამჩნევია. მოსახლეობამ სერიოზული შეღავათი, სერიოზული შვება იგრძნო მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობები, სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციები შემოვლითი გზებით რაღაცნაირად გადაილახოს. ასე მაგალითად, იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები ჯერ არ ვრცელდება, ფასებმა სამჯერ და მეტად მოიმატა, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს ამაზე მყისიერი რეაგირება ჰქონდა და ირწმუნება, რომ ამ მხრივ მომავალშიც უკომპრომისო იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმა მარტო წამლებზე რეფერენტული ფასების შემოღებით არ შემოიფარგლება და არაერთ სხვა ღონისძიებას, მათ შორის, საკანონმდებლოს მოიცავს. ჩვენ რომ მართლა ავტორიტარული სახელმწიფო ვიყოთ, რასაც ზოგიერთი გვაბრალებს, ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად გადაწყდებოდა - დაბარება, გაფრთხილება და არშესრულების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მაგრამ ახლა სამინისტროს წამლის ფასების დარეგულირება სხვადასხვა ცივილიზებული და სამართლებრივი, მათ შორის, საკანონმდებლო, მექანიზმებით უხდება, რაც გაცილებით უფრო მეტ დროს და ძალისხმევას მოითხოვს.

მარიამ ხვედელიძე

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა