საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ “ინტერპრესნიუსი“არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკატერინე ციმაკურიძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ეკატერინე, ფაქტია, რომ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარი თემაა მიიღებს თუ არა საქართველო წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, და რადგან მმართველი გუნდი ამბობს, რომ ევროპული რეკომენდაციებს ასრულებს, ამ თემებზე სასაუბროდ დაგიკავშირდით.
ვიცით, რომ თქვენ რამდენადაც შესაძლებელი იყო აქტიურად იყავით ჩართული იმ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც მმართველმა გუნდმა პარლამენტში შექმნა.
მაგრამ, სანამ ამ თემებზე გადავალთ, აჯობებს ჩვენი საუბარი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლითა და მისი გამოსვლის ირგვლივ გამართული პოლემიკის შეფასებით დავიწყოთ.
ზოგს, პრეზიდენტის ხელისუფლების კრიტიკა გაუხარდა, ზოგს ოპოზიციის, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მან ქართული პოლიტიკის ძირითად აქტორებს ევროპული პერსპექტივის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობისკენ მოუწოდა. თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას იმ კუთხით, რაც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ეხება?
- ჩვენ ძალიან ბევრს ვმსჯელობთ, ვცდილობთ გამოვიცნოთ, იქნება თუ არა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
გაცილებით ნაკლებს ვმსჯელობთ იმაზე, არსებულ არათანამშრომლურ გარემოში ვის და რის გაკეთება შეუძლია 12 რეკომენდაციის საკანონმდებლო და პრაქტიკული ნაწილების შესასრულებლად.
სწორედ ჩართულობის გარკვეული ხარისხის ხარჯზე, რომელიც გაცილებით მაღალი შეიძლებოდა ყოფილიყო, რიგი პუნქტების ნაწილობრივ შესრულებულია. ამას დღეს არავინ უარყოფს, ვინც პუნქტების შესრულების მონიტორინგი და შეფასება განახორციელა.
გაცილებით ნაკლებს ვმსჯელობთ იმაზე, არსებულ არათანამშრომლურ გარემოში ვის და რის გაკეთება შეუძლია 12 რეკომენდაციის საკანონმდებლო და პრაქტიკული ნაწილების შესასრულებლად
საჭიროა მეტი აქცენტი რეკომენდაციების შინაარსზე, თუ რა უნდა გაკეთდეს თითოეული მიმართულებით და მეტი აქცენტი შესრულებაზე პასუხისმგებელ დამოუკიდებელ პირებზე - ანტიკორუფციული ბიუროს ახალი ხელმძღვანელი, ახალი სახალხო დამცველი, საქართველოს პრეზიდენტი, გენერალური პროკურორი, ინდივიდუალური მოსამართლე და სხვა.
როცა ხელისუფლება წინააღმდეგობას წევს რეფორმების გატარებაში, დამოუკიდებელი აქტორების როლი და პასუხისმგებლობა იზრდება. ეს კომპლექსური საკითხია და შემდგომ კითხვებში უფრო დეტალურად ავხსნი რას ვგულისხმობ.
- გასული წლის ოქტომბერში თქვენ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეთ - „12-დან არც ერთ რეკომენდაციაზე არ დასრულებულა მუშაობა, სამ რეკომენდაციაზე მუშაობა ჯერ არც დაწყებულა, რეკომენდაციების შესრულებაზე მთავარი პასუხისმგებელი ხელისუფლებაა“.
მეტიც, „ქართული ოცნების“ გეგმა ერთპარტიულია, მათ არავინ ჩართეს გეგმის შედგენაში, კარგი იქნებოდა მმართველ გუნდს თავიდანვე მიეთითებინა თავისივე გეგმაში, რა ნაბიჯისთვის არის მზად, რომ კონსენსუსი შედგეს.“
რომელ სამ რეკომენდაციაზე არ იყო დაწყებული შარშან ოქტომბერში მუშაობა და ახლა ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით რა ვითარება გვაქვს?
- ის სამი რეკომენდაცია კვლავ ხელუხლებელი რჩება. ორი რეკომენდაცია, რომლებზეც თავად პარლამენტის მიერ გაცემული ინფორმაციით, არაფერია გაკეთებული შეეხება 2021 წლის ივლისის მოვლენების დროს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების ყოველმხრივ გამოძიებას, მათ შორის, ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემას.
ასევე ლგბტ პირების მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოძიება. რაც შეეხება მესამე რეკომენდაციას, რომელზეც „ქართულ ოცნებას“ ძალისხმევა არ გაუწევია, ის დეპოლარიზაციას შეეხება.
5 ივლისს ჟურნალისტები ამოიღეს სამიზნეში და ამ ძალადობებს ჰყავდა ორგანიზატორები. არაერთი მათგანის ვინაობა ცნობილია, მტკიცებულებები არსებობს ვიდეოჩანაწერების და სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის სახით. მიუხედავად ამისა, დღემდე არავინაა პასუხისგებაში მიცემული ძალადობის ორგანიზებისთვის.
გარკვეული პირები პასუხისგებაში არიან მიცემული ჟურნალისტების და ოპერატორების ჯანმრთელობის დაზიანების, ძალადობის და სხვა დანაშაულებისათვის, მაგრამ არა ძალადობის ორგანიზატორები, რომელთა შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილია.
გარკვეული პირები პასუხისგებაში არიან მიცემული ჟურნალისტების და ოპერატორების ჯანმრთელობის დაზიანების, ძალადობის და სხვა დანაშაულებისათვის, მაგრამ არა ძალადობის ორგანიზატორები, რომელთა შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილია
ანალოგიურად, ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობაში დამნაშავეები რჩებიან დაუსჯელი. ამ დანაშაულების სათანადოდ გამოძიებით მე-7 და მე-8 რეკომენდაციები უნდა შესრულდეს.
ამავე რეკომენდაციების ნაწილია მედია მფლობელების მიმართ გახშირებული სისხლის სამართლის დევნის საქმეებზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება.
ნიკა გვარამია კვლავ იხდის ყველაზე მკაცრ სასჯელს ძალიან საკამათო და სუსტად დასაბუთებული ბრალდების გამო. აქ პრეზიდენტს შეუძლია თავისი როლი შეასრულოს, მათ შორის იმის დემონსტრირებისთვის, რომ ასეთი პოლიტიზებული განაჩენები ამ ქვეყანაში ვერ აღსრულდება.
გეგმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დასახა მე-7 და მე-8 რეკომენდაციების შესასრულებლად გულისხმობდა საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებას მოძალადეთა დასჯის შესახებ, მაგრამ ასეთი ინფორმაცია „ქართულ ოცნებას“ არ გაუვრცელებია.
ზოგადი რეკომენდაციაა, რომ სასამართლო უნდა გახდეს ნამდვილად და სრულად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი. ეს ზოგადი რეკომენდაცია, ჩემი აზრით, ეხება არა კანონმდებლობას, არამედ პრაქტიკაში როგორ მუშაობს სასამართლო
- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ყველაზე პრობლემური მართლმსაჯულების რეფორმა მგონია. ასე ჩანს, რადგან მმართველი გუნდი ამბობს, რომ მართლმსაჯულების სფეროში სამი თუ ოთხი ტალღის ეტაპები უკვე გავლილი გვაქვს და შესაცვლელი ბევრი არც არაფერია.
თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა მართლმსაჯულების სფეროში რეფორმა ჩატარებულად ჩაგვითვალონ?
- მგონი „ქართულ ოცნებას“ დაავიწყდა ოთხიდან ერთ-ერთი თავისი გატარებული რეფორმა 2021 წლის დეკემბერში, დაჩქარებულად თავადვე რომ გააუქმა და ამით სერიოზულად შეასუსტა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიები. სხვა თუ არაფერი, ეს მაინც ხომ აქვს გასასწორებელი.
რაც შეეხება რა რეფორმების გატარებას გულისხმობს ევროკომისიის რეკომენდაცია სასამართლოსთან დაკავშირებით. აქ არის ერთი ზოგადი რეკომენდაცია და რამდენიმე კონკრეტული.
ზოგადი რეკომენდაციაა, რომ სასამართლო უნდა გახდეს ნამდვილად და სრულად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი. ეს ზოგადი რეკომენდაცია, ჩემი აზრით, ეხება არა კანონმდებლობას, არამედ პრაქტიკაში როგორ მუშაობს სასამართლო.
სასამართლო რეფორმის საკითხები არც რთულია და არც აბსტრაქტული. სირთულე მხოლოდ პოლიტიკური ნების არარსებობაში მდგომარეობს, რომ სასამართლო ნამდვილად დამოუკიდებელი გახდეს. ამიტომ საკანონმდებლო რეფორმის კუთხით საჭიროა ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციაც და ოპოზიციის ჩართულობაც
აღარ უნდა ვნახოთ სასამართლო დავები, რომლებზეც სასამართლო მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მიერ წინასწარ გაკეთებული განცხადებების მიხედვით მოქმედებს და სათანადოდ არ ასაბუთებს მიღებულ გადაწყვეტილებას. აქ თითოეული ინდივიდუალური მოსამართლის პასუხისმგებლობაა ქვეყნისთვის ყველაზე გარდამტეხ მომენტში.
ინდივიდუალურ მოსამართლეებს აქვთ პასუხისმგებლობა ხალხის ევროპული არჩევანის წინაშე. მათ იციან, რომ თითოეული მათი ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არ არის სამართლიანი და ემსახურება პარტიის ინტერესებს, ხდება ევროკავშირის შეფასების საგანი და აისახება ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე.
კონკრეტული საკითხები შეეხება:
- სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას ყველას ჩართულობით. დაამტკიცეს, მაგრამ არც ჩართულობა იყო და არც რაიმე სტანდარტს აკმაყოფილებს ეს დოკუმენტები. ასეთი შაბლონური შესრულებით არავინ მოტყუვდება.
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. ზოგადად მოსამართლეთა დანიშვნის რეალური რეფორმა არასოდეს გატარებულა. სწორედ ესაა მიზეზი, რომ მოსამართლეთა დანიშვნებს რეფორმა არაერთხელ შეხებია, მაგრამ უშედეგოდ. ამ რეფორმების შედეგი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ცნობილი დანიშვნები, რაც ძალიან მკაცრად იყო გაკრიტიკებული ეუთო/ოდირის მიერ.
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა. აქ პირველ რიგში იგულისხმება საბჭოს არამოსამართლე წევრების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებაში. დღეს საბჭო ყველა გადაწყვეტილებას იღებს ისე, რომ არამოსამართლე წევრების ხმები არ სჭირდება. სწორედ ეს არის კორპორატივიზმი, როცა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მხოლოდ მოსამართლეები იღებენ. სწორედ აქედან გაჩნდა ევროკომისიის რეკომენდაციაც.
- იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის არჩევა პარლამენტის მიერ, რომლებიც პარლამენტმა თითქმის 2 წელია ვერ აირჩია ოპოზიციასთან ვერ შეთანხმების გამო.
როგორც ვხედავთ, სასამართლო რეფორმის საკითხები არც რთულია და არც აბსტრაქტული. სირთულე მხოლოდ პოლიტიკური ნების არარსებობაში მდგომარეობს, რომ სასამართლო ნამდვილად დამოუკიდებელი გახდეს. ამიტომ საკანონმდებლო რეფორმის კუთხით საჭიროა ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციაც და ოპოზიციის ჩართულობაც.
პროკურატურა ინსტიტუციურად დამოუკიდებელია ხელისუფლების ყველა შტოსაგან და მისი ხელმძღვანელი მრავალპარტიული მხარდაჭერით უნდა ინიშნებოდეს... პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის შესახებ კონსტიტუციური ცვლილებები პირველი მოსმენით არის მიღებული
როცა ბოიკოტზეა საუბარი, მინდა ვინმემ ჰკითხოს ოპოზიციის წარმომადგენლებს, რატომ ვერ გატარდა სასამართლო რეფორმა 2012-2016 წლებში, როცა ახლად მოსული ხელისუფლება კოალიციური იყო?
არის თუ არა კოალიციური მმართველობა სასამართლოს დამოუკიდებლობის გზაზე დაყენების გარანტია? თუ რეფორმების გატარებისთვის შექმნილი მომენტების გამოყენებაა მნიშვნელოვანი ფაქტორი? თუ ყველაფერი ერთად?
- შარშან ამ თემებზე მსჯელობისას თქვენ გაქვთ ნათქვამი - „სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს“.
რადგან სასამართლოზე მეტ-ნაკლებად ვისაუბრეთ, ახლა მოდით პროკურატურის რეფორმირების საკითხს შევეხოთ.
პროკურატურაში რეალური რეფორმის გატარების თვალსაზრისით სავარაუდოდ რაა გასაკეთებელი და სახელისუფლებო გუნდი რაზეა მზად წავიდეს?
- პროკურატურის შესახებ რეკომენდაცია შეეხება გენერალური პროკურორის არჩევისას გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებას. პროკურატურა ინსტიტუციურად დამოუკიდებელია ხელისუფლების ყველა შტოსაგან და მისი ხელმძღვანელი მრავალპარტიული მხარდაჭერით უნდა ინიშნებოდეს. ანუ, გენერალური პროკურორი თავად მმართველი პარტიისგანაც უნდა იყოს დამოუკიდებელი, რაც ბუნებრივია, ის სხვა დანაშაულებთან ერთად, მაღალი დონის კორუფციის ფაქტებსაც უნდა იძიებდეს და დამნაშავე თანამდებობის პირებს პასუხისგებაში უნდა აძლევდეს.
პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის შესახებ კონსტიტუციური ცვლილებები პირველი მოსმენით არის მიღებული. ცვლილება ითვალისწინებს გენერალური პროკურორის არჩევის დროებითი წესის შემოღებას: მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.
ფაქტია, „ქართული ოცნება“ არ თანხმდება არცერთი თანამდებობის პირის დანიშვნას, რომელსაც ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ, ამ რეკომენდაციის შესრულების ბედი კვლავ გაურკვეველია
თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მისი არჩევა მოხდება სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.
„ქართული ოცნების“ გეგმით ეს ცვლილება სამივე მოსმენით ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო მიღებული. ცვლილების მიღება პარლამენტმა ორჯერ გადაავადა და ამჟამად ვადა 15 აპრილამდეა განსაზღვრული.
პარლამენტს კიდევ ბევრჯერ შეუძლია გადაავადოს ცვლილების მიღება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მმართველმა პარტიამ არაერთი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ მათ არ სურთ ამ ცვლილების მიღება.
ფაქტია, „ქართული ოცნება“ არ თანხმდება არცერთი თანამდებობის პირის დანიშვნას, რომელსაც ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ, ამ რეკომენდაციის შესრულების ბედი კვლავ გაურკვეველია.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა უარყოფითია
- ევროპულ რეკომენდაციებში უმთავრესი საკითხები იქნებოდა დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია, თავიდანვე ცხადი იყო.
დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით ვხედავთ, რომ პოლარიზაცია აწყობს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციის ნაწილს მაინც. ამაზე მეტყველებს ის რიტორიკა, რომელიც როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციის ნაწილიდან გვესმის.
ვიცით, რომ სახელისუფლებო გუნდმა დეოლიგარქიზაციის თავისი ვარიანტი შეიმუშავა და მის მიღებას შეეცდება. რა ხდება დეოლიგარქიზაციის პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით?
- „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა უარყოფითია. ვენეციის კომისია მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რაც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის შერჩევითად გამოყენებას ახლავს და იმასაც უსვამს ხაზს, რომ დეოლიგარქიზაციისთვის კანონის მიღება აუცილებელი არ არის, ეს არც რეკომენდაციითაა მოთხოვნილი.
არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როცა ცენტრალური ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირმა აგო პასუხი კორუფციისთვის. ყველა ეს საკითხი დღის წესრიგში ოპოზიციამ უნდა წამოწიოს საპარლამენტო ფორმატებში
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პოლიტიკური ოპონენტების ხმის ჩასახშობად გამოყენების რისკი იმდენად მაღალია, რომ ასეთი კანონის მიღება არა დეოლიგარქიზაციას, არამედ ოლიგარქის ძალაუფლების კიდევ უფრო გაძლიერებას გამოიწვევს. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე არაერთხელ განაცხადა რომ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება. ეს შერჩევითი მიდგომის წინასწარ გაცხადებაა.
ამიტომ დეოლიგარქიზაციის პირობის შესასრულებლად კანონი კი არ უნდა მივიღოთ, არამედ უნდა იქნას გამოყენებული სისტემური მიდგომა: უნდა შესრულდეს სასამართლო რეფორმის პუნქტი, უნდა მოხდეს პრეცედენტი, როცა მაღალი დონის კორუფციის ფაქტები იქნება გამოძიებული და დამნაშავე თანამდებობის პირები პასუხისგებაში მიცემული, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს დეპუტატების ინტერესთა კონფლიქტის და შეუთავსებლობის ფაქტებზე და სხვა.
ამ დრომდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მაღალი დონის კორუფციაზე რეაგირება შემოიფარგლება მუნიციპალიტეტებში საკრებულოების და მერიების თანამდებობის პირთა პასუხისგებაში მიცემით.
არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როცა ცენტრალური ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირმა აგო პასუხი კორუფციისთვის. ყველა ეს საკითხი დღის წესრიგში ოპოზიციამ უნდა წამოწიოს საპარლამენტო ფორმატებში.
ახალი სახალხო დამცველის პასუხისმგებლობაა იყოს მკაფიო და დამოუკიდებელი თავისი მანდატის შესრულებისას
- როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვი, მმართველი გუნდი ამბობს, რომ ასრულებს ევროპული რეკომენდაციებს. ამის მაგალითად სახელდება ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და სახალხო დამცველის ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობით არჩევა.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ მმართველმა გუნდმა ანტიკორუფციული ბიურო ისე შექმნა, რომ კანონით იგი პრემიერს დაუქვემდებარა, რომელიც მას ნიშნავს.
არადა, ევროპულ რეკომენდაციებში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი დამოუკიდებელი ფიგურა უნდა ყოფილიყო და ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე.
სახალხო დამცველის არჩევისას სახელისუფლებო გუნდმა კატეგორიული უარი თქვა ომბუდსმენად არასამთავრობო სექტორის მიერ შერჩეულ სამ კანდიდატზე და საბოლოოდ სახალხო დამცველად პარლამენტარი ლევან იოსელიანი აირჩია.
თქვენი აზრით, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ჩაგვითვლიან ანტიკორუფციული ბიუროს შექმნასა და სახალხო დამცველის არჩევას შესრულებულ ვალდებულებად?
- ახლა უკვე ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ შეფასდება ახალი სახალხო დამცველის მუშაობა ამ პერიოდში. ახალი სახალხო დამცველის პასუხისმგებლობაა იყოს მკაფიო და დამოუკიდებელი თავისი მანდატის შესრულებისას.
ევროკომისიის მომდევნო შეფასებამდე არც ისე დიდი დროა და ამ პერიოდში ახალმა სახალხო დამცველმა დამაჯერებლად უნდა გამოავლინოს პარტიისგან დამოუკიდებლობა. ის, რომ სახალხო დამცველად პოლიტიკოსი იქნა არჩეული ართულებს მის ამოცანას მოიპოვოს საზოგადოების ნდობა და მან ეს უნდა გაითვალისწინოს უფლება დარღვევების შეფასებისას.
ახლა, როცა სახალხო დამცველის საქმიანობა ერთ-ერთია რაზეც დამოკიდებულია კანდიდატის სტატუსის მიღება, საჭიროა, რომ მისი შეფასებები არ იწვევდეს საზოგადოებაში ეჭვებს მის მიდგომებთან დაკავშირებით. ვისურვებდი, რომ სახალხო დამცველის შეფასებები კონკრეტული საქმეების გარშემო იყოს მეტად პრაქტიკული დემოკრატიის განვითარებისთვის
ერთი რამ უნდა ითქვას ნათლად, როცა სახალხო დამცველი აკეთებს კონკრეტული ფაქტის შეფასებას, მისი ფუნქციაა გამოავლინოს დარღვევა და სახელმწიფო უწყებებს მიუთითოს ამაზე.
ჩემი აზრით, უფლებადარღვეული მხარის გამოვლენა და იმავდროულად არაკონკრეტული მინიშნებების გაკეთება იმაზე, რომ ზოგადად უფლება დამრღვევსაც აქვს უფლებები, თითქოს იმის დემონსტრირებისთვის, რომ ორივე მხარეს თანაბრად უდგება სახალხო დამცველი, ასუსტებს მის რეაგირებას და საზოგადოებისთვის არ არის მკაფიო გზავნილი.
ახლა, როცა სახალხო დამცველის საქმიანობა ერთ-ერთია რაზეც დამოკიდებულია კანდიდატის სტატუსის მიღება, საჭიროა, რომ მისი შეფასებები არ იწვევდეს საზოგადოებაში ეჭვებს მის მიდგომებთან დაკავშირებით. ვისურვებდი, რომ სახალხო დამცველის შეფასებები კონკრეტული საქმეების გარშემო იყოს მეტად პრაქტიკული დემოკრატიის განვითარებისთვის.
რაც შეეხება ანტიკორუფციულ რეფორმას, ვფიქრობ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა პრობლემად რჩება ის, რომ ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ინიშნება პრემიერ-მინისტრის მიერ ნაცვლად პარლამენტისა, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის დამოუკიდებლობას
რაც შეეხება ანტიკორუფციულ რეფორმას, ვფიქრობ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა პრობლემად რჩება ის, რომ ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ინიშნება პრემიერ-მინისტრის მიერ ნაცვლად პარლამენტისა, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის დამოუკიდებლობას.
როგორც ყველა სხვა პუნქტთან მიმართებაში, აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ იმუშავებს ბიუროს ახლად დანიშნული ხელმძღვანელი. პირველი საკითხი, როცა ანტიკორუფციული ბიუროს ახალ უფროსს მოუწევს დამოუკიდებლობის დემონსტრირება იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება, რომელიც შემდეგ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
მართალია, ახალი ბიუროს ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრის დანიშნულია, თუმცა მისი თანამდებობიდან განთავისუფლება, ამავე რეფორმის მიხედვით, არ არის მარტივი. ეს ფაქტორი მან კარგად უნდა გამოიყენოს. სახალხო დამცველის მსგავსად, პირადად მასზეა დამოკიდებული რამდენად მედეგი გამოდგება ის პარტიული ინტერესების მიმართ
რაც შეეხება სხვა ფუნქციებს, პრობლემაა, რომ ნაწილი ამ ფუნქციებისა მხოლოდ სექტემბერში ამოქმედდება და იქამდე შეუძლებელია გამოვლინდეს რამდენად ეფექტური იქნება მაგალითად თანამდებობის პირების დეკლარაციების მონიტორინგი ახალი ბიუროს მიერ.
თუმცა, აქაც დარწმუნებული ვარ დამოუკიდებელ ინსტიტუციას შეუძლია აჩვენოს მაღალი სტანდარტი და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად. ის არ არის რიგითი საჯარო მოხელე. ის დამოუკიდებელი ინსტიტუციის ხელმძღვანელია ქვეყანაში, რომელიც დგას გზაგასაყარზე.
მართალია, ახალი ბიუროს ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრის დანიშნულია, თუმცა მისი თანამდებობიდან განთავისუფლება, ამავე რეფორმის მიხედვით, არ არის მარტივი. ეს ფაქტორი მან კარგად უნდა გამოიყენოს. სახალხო დამცველის მსგავსად, პირადად მასზეა დამოკიდებული რამდენად მედეგი გამოდგება ის პარტიული ინტერესების მიმართ.
თუკი ხელისუფლებამ არ გადახედა თავის მიდგომებს, მაქსიმალურად ღიად არ შემოგვთავაზა სამუშაო პროცესი, გასაგები იქნება, რომ ისინი კვლავ არ აპირებენ 12 პუნქტის რეალურად შესრულებას, ამ შემთხვევაში საზოგადოების რეაქცია იქნება მნიშვნელოვანი
- პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლამ და ამ თემებზე გამართულმა მსჯელობამ დაგვანახა, შიდა პოლიტიკაში ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისის დასასრულებლად ხელისუფლებას არ აქვს საკმარისი თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი.
მცირე გამონაკლისის გარდა, ეს ეხება ოპოზიციურ სპექტრსაც. ოპოზიციამ რომ მიიღოს პრეზიდენტის შეთავაზება ითანამშრომლოს მმართველ გუნდთან, ამისთვის პრეზიდენტს მოუწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, ნიკა გვარამიას შეწყალება.
„ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე იმედოვნებს რომ პრეზიდენტი „წითელ ხაზებს“ არ გადალახავს, რაშიც როგორც ჩანს, გვარამიას შეწყალება იგულისხმება.
პარლამენტში გამართულმა მსჯელობამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე გაგიჩინათ იმის განცდა, რომ პოლიტიკური ძალები დროებით მაინც დაივიწყებენ დაპირისპირებას და ერთობლივად შეეცდებიან ევროპული რეკომენდაციების შესრულებას?
- პრეზიდენტი მართალია, როცა ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის მიუხედავად, პასუხისმგებლობის ლომის წილი მაინც ხელისუფლებაზე მოდის. თავიდანვე, „ქართულ ოცნებას“ არავისთან შეუთანხმებია 12 პუნქტის შესრულების გეგმა; არავის აზრი და მოწოდებები არ გაითვალისწინა, როცა სამუშაო ფორმატებში შეზღუდა დაინტერესებული პირების მონაწილეობა.
ბოიკოტში მყოფი იმ ოპოზიციისთვის, რომელმაც წერილობითი რეკომენდაციები მიაწოდეს სამუშაო ჯგუფებს, არ უთქვამს, რომ იწყებს მათი წინადადებების განხილვას და საჭიროა წინადადებების ავტორების ჩართულობა.
ხელისუფლებამ უბრალოდ უგულებელყო როგორც ოპოზიციის, ისე სამოქალაქო სექტორის კონკრეტული წინადადებები. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ დეპოლარიზაციისთვის და ჩართულობისთვის ხელისუფლებას ბევრი შეეძლო გაეკეთებინა, მაგრამ არ გააკეთა. ამდენად, 12 პუნქტის შესასრულებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფები და გარემო სრულად მმართველმა ხელისუფლებამ შექმნა და პასუხისმგებლობაც მასზეა.
ახლა, როცა 12 პუნქტის ფარგლებში შემუშავებულ ფაქტობრივად ყველა კანონპროექტზე ვენეციის კომისიიდან უარყოფითი დასკვნებია მოღებული, თუკი ხელისუფლებამ არ გადახედა თავის მიდგომებს და მაქსიმალურად ღია და ჩართულობითი სამუშაო პროცესი არ შემოგვთავაზა, გასაგები იქნება, რომ ისინი კვლავ არ აპირებენ 12 პუნქტის რეალურად შესრულებას და ამ შემთხვევაში საზოგადოების რეაქცია იქნება მნიშვნელოვანი.
დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას ფორმატები, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული პირი წარადგენს წინადადებებს და ისინი იქნება განხილული და გათვალისწინებული. ქართული ოცნების ერთპარტიულად შემუშავებული რეფორმები რომ დაწუნებულია, ეს ხომ ფაქტია.
თავის მხრივ, ოპოზიციამ უნდა გამოთქვას მზაობა ჩაერთოს საგნობრივ განხილვებში და ამისათვის უნდა მოითხოვოს შესაფერისი სამუშაო ფორმატების შექმნა. დღეს არ არსებობს სამუშაო ჯგუფები, სადაც ვენეციის კომისიის დასკვნებზე და სხვა შეუსრულებელ საკითხებზე განახლდებოდა მუშაობა.
თავის მხრივ, ოპოზიციამ უნდა გამოთქვას მზაობა ჩაერთოს საგნობრივ განხილვებში და ამისათვის უნდა მოითხოვოს შესაფერისი სამუშაო ფორმატების შექმნა. დღეს არ არსებობს სამუშაო ჯგუფები, სადაც ვენეციის კომისიის დასკვნებზე და სხვა შეუსრულებელ საკითხებზე განახლდებოდა მუშაობა
თავის მხრივ, პრეზიდენტსაც შეუძლია გააკეთოს მეტი იმისთვის, რომ დღის წესრიგში წამოწიოს 12 პუნქტის საკითხების განხილვა. მან შეწყალების ფუნქციაც და თავისი ტრიბუნაც აქტიურად უნდა გამოიყენოს დეპოლარიზაციისთვის და თითოეულ პუნქტზე საზოგადოების ინფორმირებისთვის.
ახლა ყველა როგორც თანამშრომლობით, ისე ინდივიდუალურად უნდა იყენებდეს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი