თორნიკე რიჟვაძე - 2025 წლისთვის აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობის 6 მილიონამდე, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტის 1 მილიარდ ლარამდე გაზრდას ვგეგმავთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯაბა ფუტკარაძემ მთავრობის თავმჯდომარეს მიმდინარე ეკონომიკურ, საპრივატიზაციო, საინვესტიციო და საბიუჯეტო პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდა.

„შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლე გააჟღერა - „კურორტ გოდერძის ახალი საბაგირო და სათხილამურო ტრასა დაემატება, რაზეც მთის კურორტების სააგენტოსთან მუშაობა მიმდინარეობს. გარდა ამისა, იგეგმება ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ღომას მთაზე და გულების ციხეზე”.

აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, რესპუბლიკური ბიუჯეტი ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა და 2025 წლისთვის ბიუჯეტის 1 მილიარდამდე გაზრდა იგეგმება. 2022 წელს აჭარას 3.9 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა და აჭარის მთავრობის მიზანს 2025 წლისთვის ვიზიტორთა რაოდენობის 6 მილიონამდე გაზრდა წარმოადგენს“, - ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ზრდა გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში, რაც მოწმობს, რომ ქვეყანა, რეგიონი სტაბილურ ბიზნეს გარემოს ინარჩუნებს. როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ინვესტორებს აქვს სრული ნდობა, რომ მათი კაპიტალი ჩვენს ქვეყანაში და კერძოდ, ჩვენ რეგიონში დააბანდონ, რაც თითოეული აჭარაში მცხოვრები ოჯახის შემოსავლების ზრდაზე აისახება.

ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებას ინარჩუნებს. ამიტომ, ყველგან, როგორც ბათუმში, ასევე მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა განვავითაროთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი მოვიზიდოთ“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ცნობით, აჭარის 2023 წლის 3 თვის ბიუჯეტი 118,9 %-ით შესრულდა.

„აჭარაში აქტიური საპრივატიზაციო პოლიტიკა გრძელდება. 2023 წელს ჯამში 55 000 000 ლარის ღირებულების ქონების აუქციონის გამოცხადება იგეგმება.

ტურიზმის, როგორც რეგიონის წამყვანი სექტორის განვითარება, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 62%-ით გაიზარდა.

სპორტული ტურიზმის განვითარებაზე 155 მლნ ლარი დაიხარჯება. აჭარის პროექტების მართვის კომპანია, ამ ეტაპზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 10-მდე მასშტაბურ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის და ეკონომიკური გუნდის წევრები ესწრებოდნენ, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა