რუსთავს სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრები ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
დელეგაციის წევრები რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილს, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებს შეხვდნენ.
ნინო ლაცაბიძემ სტუმრებს რუსთავში მიმდინარე პროექტები და საინვესტიციო გეგმა გააცნო. ოფიციალური მიღების შემდეგ, რუსთავს და სომხეთის ქალაქ იჯევანს შორის, დამეგობრების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და იჯევანის მერმა არტურ ჩაღარიანმა.
სამთავრობო დელეგაცია, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანის, მინისტრის მოადგილე ქრისტინე გალეჩიანის, სამინისტროს რეგიონთაშორისი თანამშრომლობის, პროტოკოლის და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ნუნე პაპიკიანის, სამინისტროს ფონდის „საგზაო დეპარტამენტის“ აღმასრულებელი დირექტორი იგორ ავეტისიანის და ტავუშის რაიონის იჯევანის მერის არტურ ჩაღარიანის შემადგენლობით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
დელეგაციის წევრებთან ერთად, რუსთავის მერიაში გამართულ შეხვედრას, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, კონსული ლევონ ზარგარიანიც ესწრებოდნენ.
,,ჩვენი ქალაქის ახალი განვითარების ეტაპზე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება და ახალ ქალაქებთან დამეგობრება. დღეს ხელი მოვაწერეთ რუსთავსა და იჯევანს შორის დამეგობრების მემორანდუმს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ისტორია კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მემორანდუმი ქალაქ რუსთავსა და იჯავანს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის, მუნიციპალური მართვის ახალი ტექნოლოგიების, ინვესტიციების მოზიდვის, მყარი ნარჩენების მართვისა და წყალმომარაგების, ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურის, საქალაქო ტრანსპორტისა და პარკირების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ჯანდაცვისა და სოციალური, ბუნების დაცვისა და გამწვანების, განათლების, ასევე საერთო ინტერესების სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.
,,საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, ქალაქ რუსთავსა და იჯევანს შორის დამეგობრების მემორანდუმის ხელმოწერა. აუცილებლად აღსანიშნია, რომ ეს მემორანდუმი ორივე ქალაქს გამოცდილებისა და მიღწეული წარმატებების ურთიერთ გაზიარების საშუალებას მისცემს, მით უმეტეს, რომ რუსთავი ბოლო წლებში უამრავი რეფორმის მომსწრე გახდა“, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, მხარეები თითოეული სფეროს მიმართულებით შეიმუშავებენ ყოველწლიურ პრაქტიკულ, ერთობლივ პროგრამებს.