ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2023

რა კითხვები გააჩინა კეზერაშვილის ინტერვიუმ და როგორ აისახება მისი გავლენა ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე

ენმ-ის მზადება 9 აპრილისთვის - რა მოთხოვნებს გააჟღერებს პარტია აქციაზე და იქნება თუ არა ის ხალხმრავალი

ტრამპის პირველი პროცესი დასრულდა - რა ელის ექსპრეზიდენტს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები

* * *

რა კითხვები გააჩინა კეზერაშვილის ინტერვიუმ და როგორ აისახება მისი გავლენა ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე

“თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ ხელს შეუწყობს ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას თუ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ვის აფინანსებს კეზერაშვილი, და რამდენად სუფთაა მისი ფინანსები, ამაზე “რეზონანსი” პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, კეზერაშვილის დაფინანსებას არ ადასტურებენ. თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვთ მმართველ გუნდში. “მე ახალ მენეჯმენტთან ვურთიერთობ (“ნაციონალური მოძრაობა”) იქ კიდევ ბევრი ადამიანია, რომლებთან ერთადაც მოვდივარ 2003 წლიდან. თუ მათ ექნებათ რამე სურვილი და იქნება საჭირო, რომ რამით შემიძლია, მივეხმარო, დიდი სიამოვნებით მივეხმარები”, - განაცხადა კეზერაშვილმა. მისი თქმით, ეს არ ეხება მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას”, არიან პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო საზოგადოების წაამომადგენლებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ სხვადასხვა სახის დახმარება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა კითხვები გააჩინა კეზერაშვილის ინტერვიუმ და როგორ აისახება მისი გავლენა ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე.

“ევროპულ საქართველოს” მხარს ვუჭერდი, თუმცა, პარტიის შედეგები ქვემოთ მიდიოდა და ხელმძღვანელობას რაღაც უნდა შეეცვალა, ნაწილმა ეს არ მიიღო და გაბრაზდნენ. მე არ ვარ პარტიული, არ მაქვს ჩემი პარტია, არ ვაპირებ, მქონდეს ჩემი პარტია. 2008 წელს წამოვედი პოლიტიკიდან, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა შესაძლებლობა, დავრჩენილიყავი და დღემდე არ ვარ პოლიტიკაში”, - აღნიშნა დავით კეზერაშვილმა “ფორმულასთან” ინტერვიუში. ამ ინტერვიუს თავად ოპოზიციის შიგნითაც აზრთა სხვაობა მოჰყვა. “ჩვენ ნამდვილად არ გვაფინანსებს დავით კეზერაშვილი, სტრატეგია აღმაშენებლის ფინანსები არის გამჭვირვალე, ჩვენ დაფინანსებას ვიღებთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩვენი მიღებული შედეგიდან გამომდინარე და აუდიტის სამსახურში ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩვენს ფინანსურ დეკლარაციებს წარმოვადგენთ, არანაირი შავი ბუღალტერია და სხვა მხრივ, სტრატეგია აღმაშენებლს არა აქვს”, - განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნაციონალური მოძრაობის” დაფინანსება არის კანონის შესაბამისი, ის რაც აქვს სახელმწიფოსგან და რასაც იღებს ოფიციალური შემომწირველებისგან, რომელიც ასევე არის საჯარო, და ნებისმიერი გადაცდომა რომ ჰქონოდა “ნაციონალურ მოძრაობას”, პარტიის ყველა წევრი უკვე ვიჯდებოდით დაჭერილი”, - განაცხადა ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის წევრმა ანა წითლიძემ. “რაც ყველაზე მიუღებელია, არის სწორედ რაღაცა ჩრდილში დგომა და ჩრდილიდან, გაურკვეველი წარმომავლობის ფულით, პოლიტიკური პროცესების მართვა და კეთება. ამას უნდა ვებრძოლოთ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში ორივე მხარეს”, - განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა მიხეილ დაუშვილმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დავით კეზერაშვილის ინტერვიუ პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს შეიცავს. მან პრაქტიკულად “დაადასტურა”, რომ ოპოზიციას აფინანსებს კეზერაშვილი, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს ეს დეკლარირებული არ აქვთ”, - განაგრძობს გამოცემა.

“მან საზოგადოებას თვალებში კიდევ ერთხელ შეაყარა ნაცარი და უთხრა, რომ გამდიდრდა კონკრეტული გამჭვირვალე ბიზნესით, და დღეს აქვს კეთილი ინტერესები, რომ დააფინანსოს საქართველოში რადიკალური ოპოზიცია, რაც შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს. პოლიტიკური ოპოზიციის დაფინანსებაზე, რომელზეც მან საჯაროდ ისაუბრა, არაფერია მოცემული ოპოზიციური პარტიების დეკლარაციებში. რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ აქ ოპოზიციური პარტიები ვალდებული არიან, საჯაროდ გასცენ პასუხი პირველ რიგში იმ განცხადებებს, რაც განაცხადა კეზერაშვილმა მედიის საშუალებით, მან პრაქტიკულად თქვა, რომ ის აფინანსებს ოპოზიციას, ოპოზიციურ პარტიებს ეს არა აქვთ დეკლარილებული”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, კეზერაშვილი უკვე ღიად საუბრობს ორი პარტიის “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დაფინანსებაზე, ამასთანავე არ უარყოფს, რომ შეიძლება სხვა პარტიებიც დააფინანსოს. მიიჩნევს, რომ კეზერაშვილის ფული ბინძურია და გავლენას ვერ მოახდენს ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე”, - დასძენს გამოცემა.

“მარჩიელობას ვერ დავიწყებ, კიდევ ვის აფინანსებს კეზერაშვილი, თქვა, და მგონი ამას არც არავინ უარყოფს, რომ აფინანსებდა ევროპულ საქართველოს, და აფინანსებს ტელევიზიას. და, ცხადია, “ფორმულას” აფინანსებს. მთავარ არხსაც და ახლა აფინანსებს “ნაციონალურ მოძრაობასაც”. გახსოვთ ალბათ მელიას განცხადებები, დაფინანსებაზე და კეზერაშვილთან უთანხმოებაზე, ახლა ამას არავინ უარყოფს, არც კეზერაშვილი და არც თვითონ “ნაციონალური მოძრაობა”, რომ არის პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელი. უფრო მეტიც, კეზერაშვილმა ბრძანა, რომ დააფინანსებს ყველას, ვინც იქნება ხელისუფლების წინააღმდეგი და, ვინც იქნება ევროპულად განწყობილი, პროდასავლური. ამიტომ ეს განცხადება არც საიდუმლოს წარმოადგენს და არც სიახლეს. რაც შეეხება მეორე თემას, შეიძლება თუ არა აქ მთლიანად ოპოზიციაზე ლაპარაკი, ალბათ არ შეიძლება. შეიძლება “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციაში მსხვილი მოთამაშე იყოს, მაგრამ ამ პარტიაში რთული პროცესი მიმდინარეობს და მას საბოლოო სახე ჯერ არ მიუღია, და არ ვიცით საბოლოო ჯამში როგორ ჩამოყალიბდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” გარდა უამრავი სხვა ოპოზიციური პარტიები არსებობს, რომელთაც, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, კეზერაშვილი არ აფინანსებს და არა მგონია მათ კეზერაშვილის დაფინანსება მიიღონ. ფინანსები პოლიტიკაში საჭიროა, მაგრამ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არასდროს ჰქონია, მით უმეტეს არ ექნება არც ახლა. კეზერაშვილის ფინანსები შეიძლება გარკვეულწილად ტოქსიკურიც კი იყოს ამომრჩევლის მიმართ, მისი ფინანსების წარმოშობიდან გამომდინარე. აქ ბევრი კითხვა არსებობს და ამ ინტერვიუდან, რომელიც მან თავის ტელევიზიას მისცა, მაინცდამაინც არ ჩანს, რომ მისი ფინანსები, ან მისი ბიზნესი გამჭვირვალე იყო და, ასე ვთქვათ, სუფთა ფულია. მას ძალიან ცუდი სუნი ასდის, ბიზნესის მოპოვების ბიზნესმენად გახდომის თუ კომერციული მხრიდანაც. აქედან გამომდინარე, მისი ფული პოლიტიკაში დიდი სიკეთის მომტანი არაა”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ვინ არის ოლიგარქი? ზოგადად უნდა ჩამოვყალიბდეთ, რას მივიჩნევთ და ვის მივიჩნევთ ოლიგარქად, როდესაც ეს კრიტერიუმები ფაქტიურად არ არის განსაზღვრული, ნებისმიერი პირი შეიძლება შევიყვანოთ ოლიგარქის სიაში მეტნაკლებად შეძლებული. “ქართულ ოცნებას” თუ ჰგონია, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია და ივანიშვილი არა, “ნაციონალური მოძრაობა” პირიქით ამბობს. მე რომ მკითხოს კაცმა, ორივე ოლიგარქია”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

ენმ-ის მზადება 9 აპრილისთვის - რა მოთხოვნებს გააჟღერებს პარტია აქციაზე და იქნება თუ არა ის ხალხმრავალი

“9 აპრილს ენმ-ს ორგანიზებით რუსთაველზე აქცია გაიმართება, მანამდე კი პარტიამ ახალი წევრები წარადგინა - ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით შესაძლოა აქციაზე ბევრი ხალხი მივიდეს, რადგან სურვილი სხვა ოპოიციურმა პარტიებმაც და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმაც გამოხატეს, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ პარტია “რადიკალურ გზაზე გადავიდა” და ახლა საკუთარი ძალების მოსინჯვას ცდილობენ. “9 აპრილს დაგეგმილი აქციის მოთხოვნა არის მხოლოდ ერთი, რომელიც უკავშირდება 12 რეკომენდაციის შესრულებას, კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას. „რუსული ოცნება" საბოტაჟს აწყობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე. ცხადია, აქციაზე პრიორიტეტული იქნება ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების საკითხი”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ენმ-ის მზადება 9 აპრილისთვის - რა მოთხოვნებს გააჟღერებს პარტია აქციაზე და იქნება თუ არა ის ხალხმრავალი.

მისი თქმით, “როდესაც საუბარია ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ეს საკითხი 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილია, რაც არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტის მოთხოვნაა, ასევე არის 27 ქვეყნის ელჩების დემარშის ერთ-ერთი საბაბი”. ამბობს, რომ 9 აპრილის აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან. ამის პარალელურად, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ახალი სახეები წარადგინა, გენერალი მამუკა ყურაშვილი პარტიის თბილისის ორგანიზაციაში, ხოლო გენერალი ზაზა გოგავა სამდივნოში დაიკავებს ადგილს. “ნაცმოძრაობის" და რადიკალური ოპოზიციის სიმბოლო გახდა “მოლოტოვის კოქტეილი” და რჩება ყავარჯნიანი კაცი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას დაძაბულობის შექმნა და ხელისუფლების მონსტრად წარმოჩენა სურს, თუმცა, აქციებზე “მათთვის სამწუხაროდ, სისხლი არ დაიღვარა, არავინ არ მოკვდა”. ჟურნალისტების კითხვაზე, რომ კონკრეტულმა პირმა მარტის აქციებზე მხედველობა დაკარგა, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ “ზოგადად, სიტუაციას უნდა გადავხედოთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გადავხედოთ სიტუაციას ზოგადად, ამ მხედველობის დაკარგვაზეც გარკვეული შეკითხვები არსებობს, მაგაზე არ არის, პიროვნებებზე ნუ გადაგვაქვს საქმე - სიკვდილის მოთხოვნა, ორი გვამის მოთხოვნა დღის წესრიგშია, სიმბოლო “ნაცმოძრაობის” და რადიკალური ოპოზიციის გახდა “მოლოტოვის კოქტეილი” და კვლავ რჩება ყავარჯნიანი კაცი, ეს არის სიმბოლო და ამას ვერაფერი შეცვლის მიუხედავად ათასგვარი მცდელობისა”, - თქვა ვოლსკიმ. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ენმ დღეს უფრო რადიკალური გზით წავიდა, ვიდრე ნიკა მელიას დროს იყო. ხოლო შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ხალხმრავალ აქციას ელოდება, სადაც მოთხოვნებიც გაჟღერდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ხაბეიშვილის არჩევით ენმ რადიკალურ გზაზე გადავიდა, “ნაცმოძრაობის” მესვეურებს ეტყობა ნიკა მელიას პროტესტების ტაქტიკა და სტილი არ მოსწონდათ და ახლა გადაწყვიტეს, რომ რადიკალური გზით იარონ. მათ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა და ისეთი სურათის შექმნა სურთ, რომ თითქოს სამოქალაქო დაპირისპირებაა, რასაც ვერ მიაღწევენ, ყოველდღიურადაც, რომ მიტინგები ატარონ. 9 აპრილი საქართველოს დღეა და არა რომელიმე პარტიის. ახლა ცდილობენ, რომ საკუთარი ძალები მოსინჯონ რამდენი მხარდამჭერი ჰყავთ, ქუჩაში გამომსვლელი რამდენია და ა.შ. ეს დიდად არაფერს არ ნიშნავს, ისინი ნებისმიერ არჩევნებში აგებენ და კიდევაც წააგებენ, რადგან ტოქსიკური ტაქტიკა და ქმედებები აქვთ. ისინი იმ ჯალათური რეჟიმის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც საქართველოს ათიათასობით ოჯახი დააზარალა. რასაკვირველია აქციაზე გზავნილები იქნება, სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება, შესაძლოა სია უფრო გაზარდონ. მიტინგზე მორიგი უაზრო მოთხოვნები გაჟღერდება, რასაც არანაირი აზრი არ ექნება. ენმ-ს ჭკუაზე ეს ქვეყანა დიდი ხანია აღარ დადის”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას გია აბაშიძე.

“მგონია, რომ 9 აპრილს დიდი აქცია იქნება, რადგან რეგიონიდანაც ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა. მართალია აქცია ენმ-მ დააანონსა, მაგრამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტია და საზოგადოების წარმომადგენლები ემზადებიან, რომ პროტესტს შეუერთდნენ. თუმცაღა ეს არ ნიშნავს, რომ ეგრევე ხელისუფლება შეიცვლება. მგონია, რომ აქციებს ყოველდღიური არა, მაგრამ გაცილებით უფრო ხშირი ხასიათი ექნება. 9 აპრილის მერე, არაა გამორიცხული, რომ 26 მაისს, 20 ივნისს გაიმართოს, ანუ დიდი აქცია დავუშვათ თვეში ერთხელ კონკრეტულ თარიღს მიეძღვნას. ხელისუფლება თუ ბევრ ხალხს დაინახავს, უკან დაიხევს, როგორც ეს 8-9 მარტის აქციებზე გააკეთა. თუმცა ფარ-ხმალის დაყრას არც ხელისუფლება აპირებს, თავის ოპონენტების მიმართულებით, ისევ და ისევ სიძულვილის ენას თესავს, რაც ძალიან სამწუხაროა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას მოითხოვენ, მგონია, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნების მოთხოვნას, ეს იმაზეა დამოკიდებული როგორი საპროტესტო მუხტი იქნება და აქციაზე რამდენი ადამიანი მივა. თუმცაღა მეორეს მხრივ ვადამდელი არჩვენებიც რომ გაიმართოს, ოპოზიციას სერიოზული მომზადება სჭირდება, მოსახლეობას რეალური გეგმა აუცილებლად უნდა შესთავაზოს, რომელიც ყველა სფეროს შეეხება”, - დასძენს ნიკა ჩიტაძე.

ტრამპის პირველი პროცესი დასრულდა - რა ელის ექსპრეზიდენტს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები

“ნიუ-იორკის სასამართლოში გამოსვლის შემდეგ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ფლორიდაში, საკუთარ რეზიდენციაში დაბრუნდა. ის აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, ვინც საბრალდებო სკამე დასვეს, მას ბრალი 34 მუხლით წაუყენეს, თუმცა არცერთს არ აღიარებს და აცხადებს, რომ წაყენებული ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. 4 აპრილს ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის მანჰეტენის რაიონულ სასამართლოში მივიდა. პარალელურად შენობის გარეთ მისი მომხრეების აქცია გაიმართა. პროცესი 45 წუთამდე გაგრძელდა და ტრამპი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ამის შემდეგ ის ფლორიდაში დაბრუნდა. მანამდე დონალდ ტრამპი ოფიციალურად დააკავეს და ბრალის წაყენებამდე ფორმალურად დააპატიმრეს. დაკავების დროს ტრამპს ხელბორკილები არ დაადეს, რადგან ის უკვე ყოფილი პრეზიდენტის სტატუსით სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტრამპის პირველი პროცესი დასრულდა - რა ელის ექსპრეზიდენტს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

“სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა “ფოქს ნიუსის” ჟურნალისტი ჯეიკ გიბსონი, რომელმაც განაცხადა, რომ ტრამპის საქმის პროკურორებმა სასამართლო პროცესის 2024 წლის იანვრისთვის დანიშვნა მოითხოვეს, რაც რესპუბლიკურ პარტიაში საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზის დაწყებას ემთხვევა, რომელშიც დონალდ ტრამპიც მონაწილეობს. 30 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელზისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო. ტრამპმა ასეთი ურთიერთობა უარყო და მისმა ადვოკატმა დანიელზს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო. ბრალდების მტკიცებით, ტრამპმა დენიელსს თანხა წინასაარჩევნო კამპანიის ფინანსებიდან გადაუხადა, რაც ნიუ-იორკის შტატში სს დანაშაულია და 4 წლამდე პატიმრობით ისჯება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნიუ-იორკის მოსამართლემ, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მანჰეტენის საოლქო პროკურორის საქმეს ზედამხედველობს, ყოფილი პრეზიდენტი გააფრთხილა, თავი შეიკავოს სოციალურ მედიაში ძალადობის წაქეზების პოტენციალის მქონე პოსტებისგან. ტრამპის ადვოკატმა, ტოდ ბლანშმა განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მკაცრად უპასუხა და იმედგაცრუებული იყო აღნიშნული მოთხოვნით. “ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს”, - თქვა ტრამპმა ფლორიდაში დაბრუნების შემდეგ, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. ამბობს, რომ ახლა ქვეყნის გადარჩენის დროა. ამასთან, აღნიშნა, მისთვის ბრალის წაყენება პოლიტიკურად მოტივირებულია. “ჩვენი არჩევნები დაემსგავსა მესამე მსოფლიოს ქვეყნების არჩევნებს და ახლა ადგილი აქვს მასშტაბურ ჩარევას არჩევნებში, რაც უპრეცენდენტოა და ამ დრომდე არ მომხდარა ამ ქვეყანაში. დაწყებული რადიკალი მემარცხენე სოროსის მიერ მხარდაჭერილი პროკურორით, ელვინ ბრაგით ნიუ იორკიდან, რომლის კამპანიაც იყო აგებული იმაზე, რომ ის დაიჭერდა ტრამპს”, - განაცხადა ტრამპმა. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ელვინ ბრაგმა პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ნიუ-იორკის შტატის კანონმდებლობით, ბიზნეს ჩანაწერების გაყალბება დანაშაულია”, - განაგრძობს გამოცემა.

“ნიუ-იორკის შტატის კანონმდებლობით, დანაშაულია ბიზნეს ჩანაწერების გაყალბება თაღლითობისა და სხვა დანაშაულის დამალვის განზრახვით. ეს არის ზუსტად ის, რასაც ეს საქმე ეხება: 34 ცრუ განცხადებაა გაკეთებული სხვა დანაშაულების დასაფარად. ეს დანაშაულია ნიუ-იორკის შტატში. ვინც არ უნდა იყოთ, ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაქცევთ სერიოზული დანაშაულებრივ ქმედებას ნორმად”, - განაცხადა მან. “რესპუბლიკელი” სენატორი ჯოშ ჰოული აცხადებს, რომ ეს კანონის უზენაესობაზე თავდასხმაა. “ტრამპის წინააღმდეგ ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს კანონთან. ეს არის თავდასხმა კანონის უზენაესობაზე. ეს საქმე ეხება ძალაუფლებასა და დემოკრატების გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ იგი ნებისმიერ ფასად”, - აღნიშნა სენატორმა. ტრამპის აქტიური კრიტიკოსი, რესპუბლიკელი სენატორი მიტ რომნიც მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალი პოლიტიკურად მოტივირებულია. აღნიშნავს, რომ ტრამპის ქცევიდან გამომდინარე ის შესაძლოა თანამდებობისთვის შეუფერებელი იყოს, მაგრამ ნიუ-იორკის პროკურორმა გააკეთა ყველაფერი, რათა ბრალდება სს ხასიათის ყოფილიყო, რაც პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი. მისი თქმით, “პროკურორი ქმნის პოლიტიკური ოპონენტების კრიმინალიზების სახიფათო პრეცედენტს, რაც აზიანებს ხალხის რწმენას ამერიკული სასამართლო სისტემის მიმართ”, - დასძენს გამოცემა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი