პაატა დავითაია - სანქცირებულმა მოსამართლეებმა თანამდებობები უნდა დატოვონ -  თუ  ხელისუფლებამ სწორი დასკვნები არ გააკეთა, სანქცირებულთა რიცხვი გაიზრდება

თუ ხელისუფლებამ შესაბამისი და სწორი დასკვნები არ გააკეთა, დიდი ალბათობით, სანქცირება უფრო მკაცრ სახეს მიიღებს და სანქცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება არის პარტნიორების სრული მხარდაჭერის გამოხატვა ქართველი ხალხის მიმართ.

„ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი მთავარი პარტნიორის მიერ მიღებული მკვეთრი გადაწყვეტილება მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით, ლოგიკურია იმ განცხადებების ფონზე, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კეთდებოდა სასამართლო რეფორმასთან და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. თუ ხელისუფლებამ შესაბამისი და სწორი დასკვნები არ გააკეთა, დიდი ალბათობით, სანქცირება უფრო მკაცრ სახეს მიიღებს და სანქცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

ამ ფონზე, რუსეთის გააქტიურებას საქართველოსთან დაკავშირებით ვხედავთ. განცხადებების გავრცელებით, თითქოს დასავლეთი საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას აიძულებს, რუსეთი ცდილობს შემოატრიალოს ის დემოკრატიული პროცესი, რაც დასავლეთმა ქართველ ხალხთან ერთად დაიწყო. ჩვენს პარტნიორებს მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა დააბრალო, არის სრული აბსურდი, პირიქით, დასავლეთის მხრიდან ხდება მაქსიმალური ხელშეწყობა იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლი ევროპის უსაფრთხოების საკითხებში. ეს ეხება, როგორც ნავთობპროდუქტების გატარებას, ასევე ელექტროკაბელის განთავსებას შავი ზღვის ფსკერზე, რაც ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია, ფაქტობრივად, ბაქო -ჯეიჰანის ნავთობსადენის ტოლფასი პროექტი. თუნდაც, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა შედიოდეს ჩვენი პარტნიორების ინტერესებში არ შეიძლება, შესაბამისად, ამ სახის მოწოდებები არის სრული აბსურდი. ეს არის შიდა პოლიტიკური ნარატივი, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოს წინააღმდეგ იყენებს, სამწუხაროდ, ამ ნარატივის გავრცელება ხდება საქართველოშიც, რაც ძალიან სახიფათოა.

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შექმნილი სიტუაცია სწორად შეაფასოს, გადადგას მკვეთრი ნაბიჯები ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სანქციების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე შეჩერდეს, როგორც მოსამართლეებზე, ასევე სხვა თანამდებობის პირებზე.

იმ მოსამართლეებმა, ვისზეც გამოტანილი სანქციები იქნა, პასუხისმგებლობა აიღონ და დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობები, რადგან მათი საქმიანობის გაგრძელება სასამართლო სისტემაში ქვეყნის იმიჯს აზიანებს. ხელისუფლებამ კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან უნდა დაიწყოს, საზოგადოებასთან შექმნილი რთული და ჩიხური სიტუაციიდან ქვეყნის გამოყვანისთვის“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი