გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს, დატოვეთ ეს გემი

„ქართული ოცნების“ გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს, დატოვეთ ეს გემი, - ასე შეაფასა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 4 მოსამართლისთვის აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესება.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, აშშ-ის მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

"ეს არის ქართველი ხალხის ერთად დგომის შედეგი. დასავლეთმა ძალიან მკაფიოდ დაინახა, რომ ქართველ ხალხს არა უბრალოდ უნდა ევროკავშირი და ნატო, არამედ მზად არის იბრძოლოს ამისთვის. სწორედ ამის დემონსტრირება იყო 7-9 მარტს, მათმა ნაბიჯებმა არ დააყოვნა. დიახ, დღეს სანქცირებულია 4 მოსამართლე, მაგრამ კიდევ მოუწევს სანქცირება, თუ ისინი ხალხის ნების გაყალბებას შეეცდებიან. მეგობრებო, ჩვენს გვერდით არის აშშ, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა და ჩვენს ერთიანობას აქვს ასეთი პასუხი მათი მხრიდან. ეს მხოლოდ ნაბიჯების დასაწყისია. ამიტომ, მინდა პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს მივმართო-შეეშვით ხალხის ნების გაყალბებას, "ქართულმა ოცნებამ" დაკარგა ყოველგვარი მორალური საფუძველი, რომ მას საქართველოს ხელისუფლება ერქვას. ჩვენს გვერდით დგას აშშ და ევროკავშირი. იცოდეთ, თუ გააგრძელებთ ხალხის ნების გაყალბებას, შემდგომი იქნებით თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი გარემოცვა. არა უბრალოდ სანქციები, არამედ კიდევ ბევრი ქმედება იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ვფიქრობ, ჯერ კიდევ გაქვთ დრო მშვიდობიანად დაიწყოთ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება",-განაცხადა ვაშაძემ.

მან საქართველოს მოქალაქეებს მიმართა, რომ არ მოდუნდნენ. გიორგი ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნება" არის რუსეთთან დაკავშირებული რეჟიმი და ერთადერთი, რაც მათ უნდათ ისაა, რომ საქართველოში რუსული ჭაობი იყოს.

"საბოლოო გამარჯვება არის წინ. ჩვენ გავიმარჯვებთ მაშინ, როცა რუსულ რეჟიმს მოვიშორებთ, როცა საქართველო გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი და როდესაც ძლიერი საქართველოს იდეის რეალიზებას ყველანი ერთად მოვახდენთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, "ქართული ოცნების" გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს, დატოვეთ ეს გემი. სხვა მოსამართლეებსაც, აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოში მყოფ სხვა პირებს, რომლებიც ხელს აწერდნენ ქართველი ხალხის ნების გაყალბებას, ჯერ კიდევ გაქვთ დრო. ეს იყო აშშ-ის მთავარი გზავნილი და 7-9 მარტს იმ მრავალათასიანი მიტინგის დროს, რომელიც თბილისში, რუსთაველზე იყო. 9 აპრილს უნდა ვიყოთ ბევრი. ვფიქრობ, ჩვენი ერთიანობის დემონსტრირება არის სწორედ ის ძალა, რომელიც საბოლოოდ გამარჯვებას მოგვიტანს", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა