„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, აშშ-ს მიერ მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესება კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს იზოლაციისკენ.
მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ ასეთი რეჟიმის ყოლა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კატასტროფაა.
„ამ სამარცხვინო რეჟიმის რეაქციებში ლიდერობს ისევ ირაკლი კობახიძე. კატასტროფული განცხადება გააკეთა, როცა თქვა, რომ ჩანაწერი აქვს, სადაც ისინი ჩვენ პარტნიორებს საქართველოს მტრობაში ამხელენ.
ქართველი ხალხის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან უმაღლესი თანამდებობის პირების სანქცირებაზე, ამ უპრეცედენტო ამბავზე, „ქართული ოცნების“ რეაქცია არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს იზოლაციისკენ. კიდევ ერთხელ, ყოველ დღე, საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ვუთხრათ, რომელიც აქამდე არ მიიჩნევდა, რომ საგანგაშო არაა ვითარება, კატასტროფაა ასეთი რეჟიმის ყოლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან იზოლაციაში გვაქცევს თავისუფალი სამყაროსგან თავისი პოლიტიკური კორუფციით. ანტიდასავლური, ანტიქართული პოლიტიკით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო” ავრცელებს.
ცნობისთვის, აშშ-მ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.