ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ ხელებზე თვითდაზიანება მიიყენა.
ბათუმის რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა დავითაძის ინფორმაციით, მოსწავლეები თავს კარგად გრძნობენ.
მისი ინფორმაციით, საგაკვეთილო პროცესში პედაგოგმა შენიშნა, რომ გოგონებს ხელზე დაზიანება ჰქონდათ.
გოჩა დავითაძე ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს ინფორმაცია მიაწოდეს.
“საგაკვეთილო პროცესის დროს პედაგოგმა შენიშნა, რომ მოსწავლეებს ხელებზე ნაკაწრები ჰქონდათ. მასწავლებელს შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. შეატყობინა სკოლის ადმინისტრაციას, სოცმუშაკს და ყველა უწყებას, რომელსაც საკითხი ეხებოდა. საგაკვეთილო პროცესის დროს დაინახა, რომ უმნიშვნელო ნაკაწრი ჰქონდა სამ გოგონას. სკოლის დირექციას არანაირი ინფორმაცია არ აქვს, ბავშვებმა რატომ გააკეთეს აღნიშნული. ისინი ამ დროისათვის უკვე სახლში არიან. სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა და მიმდინარეობს შესაბამისი პროცესები. ბავშვები ამბობენ, რომ ითამაშეს“, - განაცხადა გოჩა დავითაძემ.