13-14 მაისს, საქართველოში პირველად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, გერმანული საკონსულტაციო ორგანიზაცია Mesopartner-ის მხარდაჭერით, ფოთის მუნიციპალიტეტში მართავს სითითონს თემაზე „ფოთი - „ქალაქი ზღვას, მდინარეებსა და ტბებს შორის“. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სითითონის მიზანი ფოთის „ლურჯი ეკონომიკის“ განვითარების მაღალი პოტენციალის წარმოჩენა და ქალაქის, ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნეს-სექტორის გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნაა.
„მონაწილეები იდეების გენერირების პროცესში იმუშავებენ შემდეგ სამ გამოწვევაზე:
იმ ინვესტორების გამოვლენა და მოზიდვა, რომლებიც წვლილს შეიტანენ ლურჯი ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით ტურიზმსა და ლოგისტიკის სექტორებში;
ქალაქში არსებული ურბანული პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გადაწყვეტილებების და ინიციატივების წახალისება;
კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე გადაწყვეტილების ინოვაციური ბიზნეს-მოდელების და პროტოტიპების გენერირება ფოთის ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად; თითოეულ გამარჯვებულს იდეის განსახორციელებლად გადაეცემა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.
სითითონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლის ასაკიდან. მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად და გუნდურად. მონაწილე გუნდების შემადგენლობა შეიძლება იყოს შერეული და აერთიანებდეს სტუდენტებს, მოსწავლეებს, მკვლევრებს, დეველოპერებს და მეწარმეებს. სითითონის მონაწილეს არ შეუძლია იყოს ერთ გუნდზე მეტის წევრი. სითითონში გუნდური მონაწილეობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოს გუნდის თითოეულმა წევრმა, ინდივიდუალურად.
სითითონის წესებისა და რეგულაციების შესახებ, ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: shorturl.at/rBEHV
სითითონში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: shorturl.at/lFMQ0“, - აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.