მნიშვნელოვანია, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დადგინდეს „კლანის“ გამდიდრების ყველა წყარო და ნეპოტიზმის ფართო ქსელი, რაც არსებობს „ქართულ ოცნებასა“ და სასამართლოს შორის,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები სანქციების დაწესების თაობაზე გადაწყვეტილებას არსებული ინფორმაციის საფუძველზე იღებს, მოსამართლეების დასანქცირების მიზეზი კი „ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული უმძიმესი მდგომარეობაა“.
„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების საფუძველი იყო ის, რომ ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში უმძიმესი მდგომარეობაა. ამერიკა ინფორმაციის საფუძველზე თავად წყვეტს, დააწესოს თუ არა სანქციები საკუთარ ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დადგინდეს „კლანის“ გამდიდრების ყველა წყარო და ნეპოტიზმის ფართო ქსელი, რაც არსებობს „ქართულ ოცნებასა" და სასამართლოს შორის. სასამართლოში არიან პატიოსანი და კარგი მოსამართლეები, ვინც სერიოზულ ზეწოლას განიცდიდა „კლანის“ მხრიდან და ამიტომ საჭიროა გამოძიება",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, „დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი ზუსტად ის არის, რომ სამართლებრივად დადგინდეს სასამართლო სისტემაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა, რაც დაბრკოლებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის“.
„ასევე, საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დაინახოს, რა არის „კლანი“, როგორ გამდიდრდა არასწორი და უკანონო გზით. ეს ინფორმაცია არის საჯარო, რომელიც ეხება არ მხოლოდ ამ ოთხ მოსამართლეს, არამედ უფრო ფართოა და საზოგადოების ცნობილი უნდა იყოს. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომის მოწვევას, ეს არის სასწრაფოდ დასაწყები საკითხი. ორშაბათს პრეზიდენტს სხდომის მოწვევის მიზნით მივმართავთ, რათა კომისიის შექმნას ხმა მივცეთ. ოპოზიციისთვის ეს იქნება ტესტი, ვინ აძლევს ხმას და ვინ - არა",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.