აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა იწყება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.
მათივე ცნობით, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.
„კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს. საკითხი სხდომაზე მისმა ერთ-ერთმა ინიციატორმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე განიხილება: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ“ (II მოსმენა) კანონებსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები და უმაღლესი საბჭოს კომიტეტების ანგარიშები”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონპროექტზე, ბიურომ, წამყვან კომიტეტს განხილვის ვადა 60 დღით გაუხანგრძლივა.
„რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს წევრების ანგარიშებს, როგორც დავით გაბაიძემ აღნიშნა, ეს საკანონმდებლო ორგანოში პირველი პრეცედენტია და ღია მმართველობის საბჭოს გეგმითაა გათვალისწინებული. საკითხი სხდომაზე ცნობად მიიღეს. ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო უმაღლესი საბჭოს კომიტეტების 2023 წლის სამოქმედო გეგმებთან და რეგიონების ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ საკანონმდებლო წინადადებასთან (ავტორი პაატა ურიადმყოფელი) დაკავშირებითაც.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონპროექტზე, ბიურომ, წამყვან კომიტეტს განხილვის ვადა 60 დღით გაუხანგრძლივა. საკითხთა ნაწილი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა - ლადო მგალობლიშვილმა და მარინე გვიანიძემ წარმოადგინეს”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.