გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და თანადაფინანსებით, პირველად გორში, სპორტის სასახლე ძაღლების საერთაშორისო რანგის გამოფენებს „Georgian Spring 2023“- ს და „Golden Cup 2023“- ს მასპინძლობს.
გორის მერი ინფორმაციით, მერიის მიერ თანადაფინანსებულ პროექტს საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია ახორციელებს.
უწყების ცნობით, გამოფენები სპორტის სასახლეში დღეს გაიხსნა და ხვალ 9 აპრილს დაიხურება. ღონისძიება, ორივე დღეს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გრძელდება.
„გამოფენებში მონაწილეობას 600 -ზე მეტი ჯიშიანი ძაღლი იღებს, აქედან 360 ძაღლი გორს უცხო ქვეყნებიდან ესტუმრება.
საერთაშორისო გამოფენაზე გორში მოწვეულნი არიან საერთაშორისო ექსპერტებიც.
პროექტის მიზანია ძაღლის ჯიშობრივი ხარისხისა და გენოფონდის გაუმჯობესება. გამოფენები, ასევე, მიზნად ისახავს კინოლოგიის განვითარებაში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებას.
ძაღლების საერთაშორისო და ეროვნული რანგის გამოფენები ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება. დასწრება თავისუფალია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.