ქალაქ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად შეამკო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მემორიალთან ასევე დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა თეოდორემ გადაიხადა, ბოლნისის კულტურის სახლის შემოქმედებითი წრეების მონაწილეობით კი 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
„დღეს პატივი მივაგეთ და გავიხსენეთ 9 აპრილს დაღუპული გმირები. ეს დღე ტრაგიკული და ამავდროულად საამაყოცაა, რადგან 1989 წლის მოვლენებმა, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა კავშირის დაშლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას. 34 წლის წინ, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოთხოვნასა და მშვიდობიან პროტესტს 21 ახალგაზრდა ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი დაიჭრა და დაშავდა. ამ ადამიანების ღვაწლი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში არასდროს უნდა დავივიწყოთ და მათ შესახებ ჩვენს მომავალ თაობებსაც აუცილებლად ვუამბოთ. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დიდი და მნიშვნელოვანი ღირებულებაა ქართველი ერისთვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. 1989 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან ორ წელში, 1991 წლის 9 აპრილს, 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.