მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ ალგეთში, წერეთელსა და თამარისში არსებული 9 აპრილის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, დაესწრნენ 9 აპრილს გარდაცვლილთა მოსახსენიებელ პარაკლისს.
მარნეულის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქალაქის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა და გამოიფინა 9 აპრილს განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტო მასალა.
„1989 წლის 9 აპრილი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. ამ დღემ გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეც არის, 1991 წელს, ამ დღეს, უზენაესმა საბჭომ ამავე წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ჩვენი ვალია არ დავივიწყოთ 9 აპრილის გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას“, - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა.