ქართული პრესის მიმოხილვა 10.04.2023

გიორგი კობერიძე - “პარტნიორები ერთმანეთთან სანქციებით არ საუბრობენ, მაგრამ...”

შეიქმნება თუ არა პარლამენტში საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოსაკვლევად

მამუკა ახვლედიანი - “სისულელეა ყველაფერი, რასაც მურუსიძე ლაპარაკობს”

იქნება თუ არა სააღდგომო ზავი და რატომ ნაღმავენ უკრაინელები ტერიტორიებს ბელარუსისა და რუსეთის საზღვართან

ვახტანგ ძაბირაძე - “ქართული ოცნება” შემოდგომაზე შეეცდება რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს”

* * *

გიორგი კობერიძე - “პარტნიორები ერთმანეთთან სანქციებით არ საუბრობენ, მაგრამ...”

“ეს არის აშშ-ის კონკრეტული პოლიტიკური აქტი, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებში გაჩენილი ბზარის შედეგია. ვიყოთ ობიექტური და ვაღიაროთ, რომ წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიისთვის სასამართლო სისტემა კვლავ აქილევსის ქუსლია. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი რეალობის პრობლემა, ის არსებობდა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული. ამერიკა წინა თუ დღევანდელ ხელისუფლებას მუდმივად მიუთითებდა სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე. მუდმივად იყო ლაპარაკი, რომ მოსამართლეების დანიშვნის წესისთვის უნდა გადაეხედათ”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერიუში, სათაურით “პარტნიორები ერთმანეთთან სანქციებით არ საუბრობენ, მაგრამ...”

“ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა ესაქმება ამერიკას საქართველოს შიდა საქმეებშიო, მაგრამ ამ 20 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ამერიკას დიდძალი ინვესტიცია აქვს ჩადებული. იგულისხმება არა მარტო დაფინანსება, არამედ უამრავი სხვა რამ, მაგალითად, გამოცდილების გაზიარება, საჯარო მოხელეების გადამზადება, უმნიშვნელოვანესი სასწავლო პროგრამები... ბოლოს და ბოლოს, ამერიკა საქართველოს განიხილავდა მოკავშირედ და დემოკრატიის დასაყრდენად კავკასიაში. აქედან გამომდინარე, ის ანტიდასავლური რიტორიკა, რაც არა მარტო სასამართლოს უკავშირდებოდა, სრულიად მიუღებელი გახდა არა მარტო აშშ-ისთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც. შექმნილ ვითარებას ორი მხარე აქვს; ერთია სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, რომელსაც მარტო ამერიკელები კი არა, უპირველესად ქართველი მოსახლეობა გრძნობდა, მეორე კი ის პოლიტიკური პროცესები, რაც ბოლო ხანს ხელისუფლებისგან ვიხილეთ და რაც აშკარად აშშ-სთან დაპირისპირება იყო - ირიბად თუ პირდაპირ მიანიშნებდნენ, რომ თურმე ე.წ. ომის პარტიასთან კავშირი ჰქონდა მთლიანად ამერიკას თუ მის წარმომადგენლებს, სულ ცოტა, რამდენიმე სენატორს მაინც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“ამ ძალიან ნეგატიურმა პროცესებმა განაპირობა ბზარის გაჩენა ურთიერთობაში, ხიდჩატეხილობა, რომელსაც წინ უძღოდა საქართველოს არაერთი შეუსრულებელი დაპირება. გასაოცარი იყო ხელისუფლების წევრების ენის მოჩლექით საუბარი რუსეთთან და იმავდროულად, დიდგულა და შეურაცხმყოფელი განცხადებებიც სტრატეგიული პარტნიორის შესახებ. მოკლედ, ამ პროცესების ლოგიკური შედეგია ის, რაც მივიღეთ. ჩემი აზრით, მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება უპირველესად ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობის გაგრძელებაა. ისიც კი, ვინც ხელისუფლების მომხრეა, დიდწილად დარწმუნებულია, რომ სასამართლო სისტემა არაჯანსაღად, პოლიტიკური ზეგავლენების მიხედვით იმართება. ეს არ არის ახალი ამბავი, ასეთივე განწყობა იყო წინა ხელისუფლების დროსაც და ასეთივეა ახლაც. ამ ხელისუფლებამ სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე ოდიოზური მოსამართლეები გადმოიბარა. ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი გამოკითხვა ცხადყოფდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში სასამართლოს რეიტინგი უკიდურესად დაბალია, რომ სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის, სანდოობა არ არსებობს. გვარებით იყო დასახელებული სასამართლოს სხვადასხვა კლანური წარმომადგენლობა. დარწმუნებული ვარ, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება სწორედ საზოგადოებრივ განწყობებზე დაკვირვებით მიიღო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ეს არის პოლიტიკური აქტი, რასაც შესაძლოა სხვა ჩვენთვის არასახარბიელო გადაწყვეტილებებიც მოჰყვეს. სანქციებს არავინ განიხილავს პანაცეად და არ ელის, რომ მათი დაწესების შემდეგ ყველაფერი მყისიერად გამოსწორდება. სანქციები საფეხურებრივი და გრძელვადიანი პროცესია. გავიხსენოთ, როგორ ხდებოდა რუსეთში, ირანში თუ ჩრდილოეთ კორეაში. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს, დაფიქრდება, გააანალიზებს პრობლემას და ადეკვატურად მოიქცევა. ჯერჯერობით, როგორც ქალბატონმა ელჩმა კელი დეგნანმაც ბრძანა, მათ ძალიან ემოციურად მიიღეს ეს სანქციები და არასერიოზული და, ცოტა არ იყოს, ბავშვური განცხადებებიც კი გააკეთეს, რაც სახელმწიფოს პარტნიორს არ ეკადრება. თუ ვინმე იტყვის, რომ პარტნიორები ერთმანეთში სანქციებით არ საუბრობენო, დავეთანხმები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ გატეხილი პირობებისა და არაერთი “გადაგდების” შემდეგ, აშშ-ს, ფაქტობრივად, სხვა გზა აღარ დაუტოვა. ჩემი აზრით, ხელისუფლებაში კი გაბრაზდნენ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება დიდად მოულოდნელი არ ყოფილა”, - მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

“მათ განცხადებებში დასავლეთისა და აშშ-ის ნეგატიურად მოხსენიება იშვიათი არ ყოფილა. ბოლო დროს მიზანმიმართულად ნერგავდნენ ამ რიტორიკას და წესით, შედეგიც უნდა გაეთვალათ... რაც უფრო დიდი ხანი გავა და გაჭიანურდება პროცესები, უფრო რთული იქნება ისეთი რამის გაკეთება, რასაც დადებითი შედეგი მოჰყვება. თუ გავიდა 6 თვე და არაფერი შეიცვალა ხელისუფლების მოქმედებებში, დარჩა იგივე რიტორიკა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ დასავლეთმა სანქციები გაზარდოს. ვგულისხმობ პერსონალურ სანქციებს. ახლა ყველაზე ჯანსაღი და მარტივი ნაბიჯი შეიძლება იყოს სანქცირებული მოსამართლეების სასამართლო სისტემიდან ჩამოშორება, მათი საქმეების საჯარო სივრცეში გამოტანა და შესწავლა. თუ ხელისუფლებას სურს საკუთარი თავის გაჯანსაღება, მაშინ ეს უნდა გააკეთოს. ეს პროცესი ორმხრივი უნდა იყოს: საშინაო და საგარეო. საგარეო თვალსაზრისით, ბევრად უფრო რთული იქნება გაჯანსაღება, ქვეყანაშიც სულ უფრო ეწურება ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ ძლიერი პოზიცია დაიბრუნოს როგორც ჯანსაღმა და ფუნქციონირებადმა სისტემამ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, უნდა შეძლოს და აღიაროს შეცდომები”, - თვლის გიორგი კობერიძე.

“დიახ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაამეტეს ბევრ შემთხვევაში და მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. სასამართლო სისტემიდან ერთი ან ორი კაცის წასვლა ხელისუფლების სანდოობას ვერ გაზრდის, უფრო სხვა, ღრმა და სერიოზული პროცესებია საჭირო, რაც შეცდომების აღიარებით უნდა დაიწყოს. უნდა დაისაჯონ ის პირები, რომელთა ქმედებებმაც ეს შეცდომები განაპირობა. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ქმედითი ნაბიჯი. სანქციები არის პოლიტიკური აქტი და არა სამართლებრივი სასჯელი. მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება ნამდვილად არა აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს, მაგრამ თუ საჭიროდ მიიჩნევს, ვფიქრობ, არც ეგ გაუჭირდება. სავარაუდოდ, დაინდობენ ჩვენი ხელისუფლების იმიჯს და ამას საჯაროდ არ გააკეთებენ, მაგრამ კულუარულად ამ მტკიცებულებებს გაუზიარებენ, თუ, რა თქმა უნდა, საჭიროდ მიიჩნევენ”, ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან, ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები”, - განაცხადა `ქართული ოცნების~ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. დაახლოებით ამგვარი რამ გაიმეორა ერთ-ერთმა სანქცირებულმა მოსამართლემაც...” - პასუხობს:

“ეს განცხადებები აშკარად შეიცავს შანტაჟის ნიშნებს. დიპლომატიურ კორპუსთან შანტაჟით ლაპარაკი 1961 წლის ვენის კონვენციის დარღვევაა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და აჩენს ძალიან ბევრ ეჭვს იმ სახელმწიფოზე, რომელიც ასე საუბრობს. იმედია, ამგვარი რიტორიკა შეწყდება”.

“საქართველოს ომში ჩართვაზე ლაპარაკი ძირშივე მცდარია. ამერიკისა და ევროპისთვის რეგიონში, მათ შორის საქართველოში, მშვიდობა უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, ჰიპოთეზურადაც კი წარმოუდგენელია იმის დაშვება, რომ მათ აქ ომის გაჩაღება სურთ. გარდა ამისა, დასავლეთმა იმდენად დიდი თანხა ჩადო საქართველოს ინსტიტუციებსა და დემოკრატიული პროცესის განვითარებაში, ნგრევა ნამდვილად არ აწყობს. ამდენი მილიარდი იმიტომ კი არ ჩაყარეს, რომ აქ ახლა ომი გააჩაღონ. ომი დღეს არც დასავლეთის, არც საქართველოს და სავარაუდოდ, არც რუსეთის ინტერესშია. მას თავისი უდიდესი პრობლემები აქვს უკრაინაში. ამიტომაც ამგვარი დადანაშაულება პოლიტიკურადაც და იდეურადაც წარმოუდგენლად მცდარია და ემსახურება რუსეთის პროპაგანდის გაგრძელებას, რომ თურმე “ომის და ძალადობის პარტია არის დასავლეთი”, და ასევე ემსახურება ხალხის დაშინებას. მათი გზავნილი ასეთია: თუ “ქართული ოცნება” არ იქნება ხელისუფლებაში, ომი იქნებაო”, - დასძენს გიორგი კობერიძე.

შეიქმნება თუ არა პარლამენტში საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოსაკვლევად

“ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. გაითვალისწინებს თუ არა მმართველი გუნდი ამ მოთხოვნას და შექმნის თუ არა საგამოძიებო კომისიას პარლამენტში? “ქართულ ოცნებაში” ამაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საპარლამენტო კომისიის შექმნას სარისკოდ მიიჩნევს. ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ორშაბათს, 10 აპრილს, საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს. “რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ჩვენ ორშაბათს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით, ხელმოწერები გვექნება, ხმები გვყოფნის, ესეც ტესტი იქნება ოპოზიციისთვის და ეს იქნება იმის მტკიცებულება, თუ როგორ არის სასამართლო სისტემა, კლანი, “ქართული ოცნება”, კორუფციაში ნეპოტიზმში და ზოგადად მმართველობის ერთიან სქემაში ჩაბმული”, - თქვა ხატია დეკანოიძემ. ზაალ ანჯაფარიძის აზრით, კორუფციული სქემების გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნა კონკრეტულ მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეიქმნება თუ არა პარლამენტში საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოსაკვლევად.

“ამის თაობაზე ალბათ “ქართულმა ოცნებამ” უნდა გასცეს პასუხი. მე რამდენადაც ვიცი აზრები გაიყო. იყო განცხადებები რომ თითქოს ისინი თანახმა იყვნენ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, თუმცა ცალკეულმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მაინც და მაინც მისაღები არ არის კომისიის შექმნა. საერთოდ, საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლო წევრების საქმიანობის, მათი საკუთრებასა თუ კორუფციული საქმიანობასთან დაკავშირებით ცოტა არ იყოს სარისკო თემაა. თუ კომისია შეიქმნება იმის გამო, რომ ამერიკელებს დაანახონ, რომ მათ გადაწყვეტილებას ამ მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების შემოღების თაობაზე უკვალოდ არ ჩაუვლია და ხელისუფლებას რეაქცია ჰქონდა, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ეს გააკეთონ. მაგრამ არ მგონია ეს მაინც და მაინც პროდუქტიული იყოს. ჩვენს სახელმწიფოში ასეთი პრეცენდენტი არ მახსენდება. ვერ ვიხსენებ ასეთ პრეცენდენტს სახვა სახელმწიფოშიც. ალბათ სადღაც ყოფილა, რომ მოსამართლეების კორუფციული საქმიანობები გამოუძიებიათ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჯერ უნდა იყოს წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც უნდა გახდეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ახლა სტუდია “მონიტორის” და სხვა ოპოზიციური ტელეარხების რეპორტაჟები არ მგონია ამის საფუძველი გახდეს. თუ წარმოდგენილი იქნება მყარი მტკიცებულებები, რომ ეს მოსამართლეები მართლა არიან ჩართული კორუფციულ საქმეებში და ამას ამტკიცებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მაშინ ალბათ შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნა”, -მიიჩნევს ზაალ ანჯაფარიძე. შეგახსებთ, 5 აპრილს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მათ საკუთარი თანამდებობები ბოროტად გამოიყენეს. “რეზონანსმა” დღის განმავლობაში სცადა დაკავშირებოდა “ქართული ოცნების” პარლამენტარებს ამ საკითხზე მათი პოზიციის დასაფიქსირებლად, თუმცა სამწუხაროდ, უშედეგოდ”, - დასძენს გამოცემა.

მამუკა ახვლედიანი - “სისულელეა ყველაფერი, რასაც მურუსიძე ლაპარაკობს”

"ეს სანქციები ამ მომენტისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა, ვფიქრობ, ცოტა დაგვიანებულიც არის. უფრო ადრე რომ დაეწესებინათ, შეიძლება სასამართლო სისტემა ასე არ დეგრადირებულიყო. აქამდე დიპლომატიურად იქცეოდნენ. მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ქვეყნის ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ხელისუფლება აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში გასაკეთებელი არაფერია, რომ სისტემა დამოუკიდებელია, რეფორმები გატარებულია. არც აპირებდნენ საკითხის გადახედვას, მაგრამ ახლა მოუწევთ. სასამართლოში მხოლოდ ეს 4 პირი არ არის პრობლემა, სისტემური პრობლემებია. მერწმუნეთ, არავის უხარია მოქმედი მოსამართლეების სანქცირება, რადგან ეს მთლიანად ქვეყანას ეხება. ნორმალური ხელისუფლება გადახედავდა ამ საკითხებს, ეს მოსამართლეები დაწერდნენ განცხადებას და წავიდოდნენ, როცა ასეთი დამოკიდებულებაა მთავარი პარტნიორისგან. თუ რამე დადებითი აქვს ჩვენს სასამართლო სისტემას, მათი დახმარებით, მათი ფინანსებით არის შექმნილი”, - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სისულელეა ყველაფერი, რასაც მურუსიძე ლაპარაკობს”.

“როცა მიგვითითებენ დარღვევებზე, კონკრეტულ მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ ამაზე რეაქცია. ეს სიგნალია დავალების შემსრულებელი სხვა მოსამართლეებისთვისაც. ვფიქრობ, ამის შემდეგ იოლად ვერ დაემორჩილებიან დავალების მიმცემებს. ის, ვინც ამდენი წლის განმავლობაში მათ მფარველობასა და უსაფრთხოებას ჰპირდებოდა, თავად აღმოჩნდა სანქცირებული. დარწმუნებული ვარ, ისიც შემთხვევითი არ არის, რომ ყოფილი მოსამართლეც სანქცირებულია. ეს ნიშანია, რომ შეიძლება სხვებსაც დაუწესონ სანქციები. არ არის გამორიცხული, ცერცვაძე დღესაც ერეოდეს სასამართლო სისტემაში. მისი როლი ამ სისტემის შექმნაში უმნიშვნელოვანესია. ამიტომ აგებინებენ პასუხს. იმედია, ხელისუფლება გაუსწორებს თვალს რეალობას და დაიწყება სასამართლო სისტემაში ცვლილებები. თუკი ნამდვილად სურთ ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაშინ სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამერიკა არ არის ის სახელმწიფო, რომელიც გაბრაზებულზე იღებს გადაწყვეტილებებს. თუ ეს არ გამოსწორდა, ადრე თუ გვიან, კვლავ მიუბრუნდებიან საკითხს. ამასთან, არა მარტო ამერიკა, ევროკავშირიც. სანქციები არა მარტო დავალების გამცემ მოსამართლეებსა და შემსრულებლებზე, შეიძლება პოლიტიკური თანამდებობის პირებზეც გავრცელდეს. დავალების მიმცემი მოსამართლეები არიან ხელისუფლების “ხელები”, ისინი აკეთებენ ბინძურ საქმეებს პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად. მათ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მათ ძალიან კარგად ვიცნობ. იმდენი რამ ჩაიდინეს და იმდენად დააზიანეს სასამართლო სისტემა და ქვეყანა, დარწმუნებული ვარ, ეშინიათ და თანამდებობების დატოვება ძალიან გაუჭირდებათ. იციან, მათ საქმიანობას შეისწავლიან და გამოაშკარავდება ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში დაამახინჯეს. იმდენი რამე დააშავეს, ახლა მათ დანაშაული კრავთ, მაგრამ მათი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. 30 წელიწადია ვერ შეიქმნა სამართლიანი სასამართლო და როცა ის არ არსებობს, ქვეყანაში მუდმივად უსამართლობაა”, - განმარტავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.

“როგორც თვითონ შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს მტკიცებულების გარეშე მოსცხონ ჩირქი და გაასამართლონ, ჰგონიათ, სხვებიც ასე იქცევიან. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მონაყოლი ამბებით არ იღებს გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ექნებათ მტკიცებულებები, მაგრამ სულაც არ არიან ვალდებული წარმოადგინონ. მტკიცებულებები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებშია. უამრავი მონიტორინგია ჩატარებული, ამაზე ლაპარაკობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. კორუფცია მხოლოდ ფულით მოსყიდვა ხომ არ არის, არსებობს პოლიტიკური კორუფციაც, ხელისუფლებასთან გარიგება. ქვეყანაში ყველაფერი ერთი ჯგუფის ხელშია. ეს ვიცით ყველამ, იციან დემოკრატიულმა ქვეყნებმაც. მათთვის უფრო თვალში საცემია ეს ყველაფერი. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ უამრავი მტკიცებულებაა მოქმედ თუ ყოფილ მოსამართლეებზე. მათ ინფორმაცია მოქმედი მოსამართლეებისგანაც აქვთ. მურუსიძის ნათქვამი ამერიკის ელჩი სასამართლოში კონკრეტულ მოსამართლეებს ხვდებოდაო აბსურდია და მათგან გასაკვირი არც არის”, - მიიჩნევს მამუკა ახვლედიანი.

“ყველაფერზე მტკიცებით ფორმაში საუბრობენ. 10 წლის განმავლობაში ვიყავი მოსამართლე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მქონდა პირადი ურთიერთობა უამრავ საელჩოსთან, განსაკუთრებით, ამერიკის. არაერთხელ შევხვედრივარ ელჩს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაზე და არ მახსოვს ამ საკითხებზე ესაუბროს. პირიქით, სრულ მხარდაჭერას გვიცხადებდა, ხომ არ იყო ხელისუფლების რაიმე ფორმით ზეწოლა. სურდათ ჩვენი სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი ყოფილიყო. ყველაფერი ამერიკის დახმარებით, ფინანსებით და მხარდაჭერით არის შექმნილი. თუკი რამე ვიზიტები იყო, მხოლოდ მხარდასაჭერი, რათა მოსამართლეს მეტი დამოუკიდებლობა ჰქონოდა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების ვიზიტები ნიშნავდა იმას, რომ მოსამართლეებს ახლო კომუნიკაცია ჰქონოდათ საელჩოსთან, თუკი ზეწოლა იქნებოდა ხელისუფლებისგან. წარმოუდგენელია, კონკრეტულ მოსამართლეს შეხვდეს ელჩი და ესაუბროს კონკრეტულ საქმეზე” - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მურუსიძემ ამას მორალური ტერორი უწოდა და თქვა, შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენო” - პასუხობს:

“ესეც ცხადყოფს, რომ სისულელეა ის ყველაფერიც, რაზეც ლაპარაკობს. ამერიკას საქართველოში კონკრეტული თანამდებობის პირის ლიკვიდაცია სურდეს, მსგავსი აბსურდი როგორ შეიძლება მოუვიდეს საღად მოაზროვნე ადამიანს? ეს როგორ უნდა თქვას მოქმედმა მოსამართლემ, მით უმეტეს, როგორც უწოდებენ თავიანთ თავს, სასამართლოს ლიდერებს? მტკიცებულება აქვთ? ამ სისულელეების მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფზე, მათ მომხრეებზე, პოლიტიკურ მოკავშირეებზე. ყველაფერს იკადრებენ. მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ძალიან გაღიზიანებული ჩანან”.

“ყველაზე თავშეკავებული და სწორი შეფასება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან მოვისმინე. თუმცა მიმაჩნია, რომ უფრო მკაფიოდ უნდა თქვას სათქმელი, რათა არ აღმოჩნდეს თავისი წინამორბედის სიტუაციაში, თუ როგორ აიძულებდნენ სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას. დღევანდელი იუსტიციის საბჭოს წევრთა 90 პროცენტი მორჩილების ნიშნით არის შერჩეული, ნებისმიერ რამეს იტყვიან, რასაც დაავალებენ ჩინჩალაძე ან მურუსიძე. აშშ-ში მხოლოდ ერთი რამე სურთ - ჩვენს ქვეყანაში იყოს დამოუკიდებელი სასამართლო და საამისოდ უზარმაზარ რესურსს ხარჯავენ - ასე მხოლოდ რუსეთში ლაპარაკობენ, რომ თუკი რამ ცუდი ხდება დედამიწაზე, ყველაფერი ამერიკის ბრალია. თურმე მთავარი მურუსიძე ყოფილა, მისი ხელში ჩაგდება უნდათ. მათ სულ სხვა შეხედულება აქვთ სასამართლოზე. ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს სასამართლოში. როცა ვუყვებოდით კონკრეტულ ფაქტებს, მათთვის­ გაუგებარი იყო და წლები დასჭირდა დარწმუნებას, რათა გაეაზრებინათ, რასთან გვქონდა საქმე. მახსოვს, კონკრეტულ საკითხზე კონფერენცია გაიმართა და ვისაც ყველაზე მეტი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი სისტემაში, ყველაზე მეტს სწორედ ისინი ლაპარაკობდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ამ ფორმით შეინიღბნენ და დღემდე მოვიდა ეს სიტუაცია”, - დაასკვნის მამუკა ახვლედიანი

“კარგია, რომ დაიწყო პროცესი. ჩვენმა პარტნიორებმა გაიაზრეს, სად არის პრობლემის სათავე და დაიწყეს კიდეც მმართველი ჯგუფიდან. მაგალითად, 2014-2015 წლებში სისტემაში ხელოვნურად შექმნეს კრიზისი: დააგროვეს უამრავი საქმე, მოსამართლეებს ვადები ეწურებოდათ, უნდა მომხდარიყო მათი გადანიშვნა. რამდენიმე გაათავისუფლეს და არ დანიშნეს ახლები... იუსტიციის სკოლაშიც ყველაფერი იქამდე დაიყვანეს, რომ წელიწადში მხოლოდ 5 კაცი ამთავრებდა სკოლას. თითო მოსამართლეს 500-600 საქმე ეწერა. ხელისუფლებას აშანტაჟებდნენ, ეუბნებოდნენ, თუ არ მოხდებოდა ამ მოსამართლეთა გადანიშვნა, სისტემა ჩამოიშლებოდა. ამ ყველაფერს დაემატა არაკომპეტენტურობა და გადაწყვიტეს, რომ ისევ გასვრილი მოსამართლეები, რომლებსაც იმდენი სიბინძურე ჰქონდათ სასამართლო სისტემაში გაკეთებული, იცოდნენ, უფრო მორჩილი იქნებოდნენ, ისინი გადანიშნეს. ის მოსამართლეები, რომლებიც 2012 წელს დაკავებას ელოდებოდნენ, კიდევ მეტად წინ წაწეული აღმოჩნდნენ. ამიტომაც ისინი ყველა იმ დავალებას შეასრულებენ, რასაც დაავალებენ, აბა, რა იქნება?! დააკვირდით, სახეებიც კი არ იცვლება წლების განმავლობაში იუსტიციის საბჭოში. სხვა პირები ვერ ხვდებიან ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ჯგუფის ხელშია სასამართლო. ამით ყველას ეუბნებოდნენ, ხომ უყურებთ, წინა დანაშაულებიც შეგვრჩა და მომავალშიც შეგვრჩებაო. აქამდე ამით იყვნენ დაიმედებული, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ”, - დასძენს მამუკა ახვლედიანი.

იქნება თუ არა სააღდგომო ზავი და რატომ ნაღმავენ უკრაინელები ტერიტორიებს ბელარუსისა და რუსეთის საზღვართან

“უკრაინის ფორნტზე საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობამ შედარებით იკლო და როგორც რუსული ისე, უკრაინული მხარე თავდაცვას აძლიერებს. ამას სააღდგომო დღეები დაემთხვა და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს შედარებითი სიმშვიდე მოწინააღმდეგეების არაოფიციალურ სააღდგომო დაზავებას უკავშრდება, თუმცა დასძენენ, რომ ვლადიმირ პუტინის ბოლომდე ნდობა არ შეიძლება და რუსებისგან “სიურპირზები” მაინც მოსალოდნელია. ბახმუტში კი კვლავ სისხლისმღვრელი ბრძოლებია და როგორც სამხედრო სპეციალისტები აცხადებენ, რუსული “ვაგნერი” ნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევს. მათ ქალაქში სტადიონი “ავანგარდი” და კიდევ რამდენიმე ცენტრალური შენობა აიღეს. ამჟამად ბრძოლები ქალაქის მთავარ სარკინიგზო სადგურთანაა. დანაკარგები დიდია და დაღუპულთა შორის უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი მოხალისეებიც არიან. პარალელულად უკრაინელები ბელარუსისა და რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებს ნაღმავენ და სხვადასხვა ტიპის თავდაცვით ზღუდეებს ქმნიან. ანალიტიკოსები ამას ლოგიკურად მიიჩნევენ, რადგანაც, მათი შეფასებით, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ მასშტაბური შეტევის დაწყება როგორც უკრაინული, ისე რუსული მხარისგანაა მოსალოდნელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით იქნება თუ არა სააღდგომო ზავი და რატომ ნაღმავენ უკრაინელები ტერიტორიებს ბელარუსისა და რუსეთის საზღვართან.

“აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსები დიდი თავდაცვისთვის ემზადებიან და დაჩქარებული ტემპით განსაკუთრებით ყირიმში სანგრების და ტანკსაწინააღმდეგო ბარიერების მთელ ქსელს ქმნიან, რომელთა სიგრძე ზოგან 900 მეტრიც კია. ამის პარალელურად უკრაინული ძალები ბელარუსისა და რუსეთის საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების გასაძლიერებლად მუშაობენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, გასულ კვირაში, უკრაინის საინჟინრო ქვედანაყოფებმა რამდენიმე ათეული დანაღმული ველი მოაწყო, რისთვისაც 6 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი გამოიყენა. “ბელარუსისა და რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში საინჟინრო დაბრკოლებების გაფართოება მიმდინარეობს. ხორციელდება ტანკსაწინააღმდეგო დანაღმული ველების მოწყობა ტანკებისთვის მისადგომ ადგილებსა და მარშრუტებზე, რომელიც, შესაძლოა, მტერმა ჩვენს ტერიტორიაზე ღრმად შემოსაჭრელად გამოიყენოს”, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურმა. როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” აცხადებს, ბელარუსსა და რუსეთის საზღვრის გასწვრივ უკრაინამ ნებისმიერ ვარიანტში უნდა გააძლიეროს თავდაცვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ძნელი სათქმელია უკრაინას რა მონაცემები აქვს. ზოგადად, ნებისმიერ შემთხვევაში, ბელარუსისა და რუსეთის მიმართულებაზე თავდაცვის ხაზები უნდა გააძლიეროს. უშუალოდ ეს მოქმედებები რას უკავშირდება არ ვიცი, თუმცა შესაძლოა რუსების ამ მიმართულებაზე გააქტიურების ინფორმაცია აქვთ, ან ბელარუსიდან რაღაც საფრთხეს ელოდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში მათ საზღვარი და სასაზღვრო მიმართულება უნდა გააძლიერონ, რომელიც რუსეთსა და ბელარუსის უკავშირდება.... პუტინი რას იზამს, ეს არავინ იცის. ჯერჯერობით არავითარი ნიშანი არ ჩანს, რომ რაღაც ზავზე იყოს საუბარი. როგორც მახსოვს, შობაზე ეს არ გამოვიდა. ახლა როგორ იქნება, არ ვიცი. წესით და რიგით რაღაც შეიძლება განისაზღვროს, სააღდგომო დღეებია და შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტის რაღაც მინიმალური დღეები გამოიყოს, თუმცა ამაზეც ეჭვი მეპარება. ცხელი წერტილები ავდივკა, ბახმუტი და ჩრდილოეთისკენ სვიატოვოა. სვიატოვო რუსებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იქ ძალიან ბევრი მიმართულება იშლება, მაგრამ ამ მომენტისთვის ძირითადი დაწოლა მაინც ავდიივკა-ბახმუტია”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ბახმუტში “ვაგნერმა” სტადიონი “ავანგარდი” და კიდევ რამდენიმე ცენტრალური შენობა აიღო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრძოლა ქალაქის მთავარ სარკინიგზო სადგურთანაა და “ვაგნერი” ნელა, მაგრამ თანდათან წინ მიიწევს და გარკვეულ ტერიტორიებს იკავებს”, - ამბობს კაპანაძე. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიიდან საფრთხე განსაკუთრებით 2 აპრილის შემდეგ წამოვიდა, რაც რუსეთ-ბელარუსის განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა”, - დასძენს გამოცემა.

“შეტევისთვის ემზადება არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რუსეთიც. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ მათ რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან შეუტიონ. ახლა უკვე ეს საფრთხე რეალურია. ადრე ასე არ იყო, მაგრამ საფრთხე რეალური მას შემდეგ გახდა, რაც ლუკაშენკომ რუსეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობებზე დოკუმენტს ხელი მოაწერა. აპრილის დასაწყისში ფაქტიურად მორიგი საკავშირო მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა. ბელარუსი-რუსეთის ერთგვარი კონფედერაციის შექმნაზეცაა საუბარი. პლუს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაც ამ ყველაფერს ერთ კონტექსტში ალაგებს. ამიტომ უკრაინელები ამ გარემოებასაც ითვალისწინებენ და შესაბამისად ემზადებიან. თან პუტინმა რუსეთის სამხედრო ძალებს კონკრეტული ამოცანა და გეოსტრატეგიული მისია განუსაზღვრა. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მაქსიმალურად იმ ტერიტორიებამდე გადასწიონ, რომ მათი რაკეტები ოკუპირებულ დონბასის და რუსეთის ტერიტორიებს ვერ მისწვდნენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ის ვარაუდი, რომ რუსეთის ინტერესებში დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დაკავება იყო ფაქტობრივად დადასტურდა. ბახმუტი, ავდიივკა, მარიინკისა და უგლედარის მიმართულებით რუსეთი შეტევას აგრძელებს, რათა სლავიანსკი-კრამატორსკისა და ჩასივ იარის მესამე თავდაცვის ზღუდეზე გავიდნენ. არ მგონია, რომ ეს სიჩუმე სააღდგომო დაზავებას უკავშირდებოდეს. უბრალოდ, რუსული მხარე უკრაინის საკმაოდ მასირებულ შეტევას მოელის და ამის გამო რუსები პასიურ თავდაცვით სტრატეგიაზე გადავიდნენ. აქტიურ თავდაცვით ოპერაციებს მხოლოდ დონეცკში ახორციელებენ. ცდილობენ, რომ უკრაინის მთავარი დარტყმის მიმართულება გათვალონ და მერე უკვე მოემზადნენ ისე, რომ კონტრშეტევაზე თავად გადავიდნენ”, - ამტკიცებს მაისაია.

“თუმცაღა რუსებისგან სააღდგომო დღეებში “სიურპრიზები” მოსალოდნელია. უკრაინას რაც შეეხება, გასაგები მიზეზების გამო, ამ დღეებში დიდი კონტრშეტევა მოსალოდნელი არაა. ყოველ შემთხვევაში კლიმატური პირობები ამის საშუალებას არ იძლევა. ამასთან, დანარჩენი ფორმირებების ჩასვლა და ასევე დასავლეთის შეიარაღების გადასროლა კვლავ გრძელდება, რაც ფარულად ხდება და ეს ლოგიკურიცაა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სააღდგომო დღეებში ფრონტზე შედარებით პასიურობა იყოს, თუმცა ჯერჯერობით პოზიციური ბრძოლებია. ბახმუტში მძიმე ბრძოლებია, “ვაგნერი” წინ მიიწევს, სამწუხაროდ ბახმუტისთვის ბრძოლაში ჩვენი დანაკარგებიც დიდია”, - თვლის ვახტანგ მაისაია.

ვახტანგ ძაბირაძე - “ქართული ოცნება” შემოდგომაზე შეეცდება რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს”

“4 მოსამართლის დასანქცირება საქართველოსთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა. ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ჩვენსა და ჩვენს მთავარ პარტნიორს შორის ვითარება უკვე კრიტიკულია და კრიზისის უმაღლეს დონეზე მიანიშნებს. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, ამ გადაწყვეტილებას ჩვენი ხელისუფლების რა რეაქციაც მოჰყვა, მოსალოდნელია სანქცირება უკვე სხვა ფორმით გაგრძელდეს, რაც ქვეყანას ახალი საფრთხეების წინაშე დააყენებს - აბსოლუტურად დაუცველს გახდის. შევძლებთ თუ არა ევროინტეგრაციას მაშინ, როცა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ასეთი ურთიერთობა გვაქვს, სერიოზულ კითხვებს აჩენს. “ქართული ოცნება”, ისევე, როგორც აგენტების კანონპროექტის გამო, როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებგარეთ, ფაქტობრივად, იზოლაციაში აღმოჩნდა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა ჩვენი პარტნიორების მომხრეა. ისიც იცის ყველამ, ამ ოთხეულიდან ვინ რას წარმოადგენს, მიუხედავად 2013 წელს ჩვენი ხელისუფლების თავგამოდებისა, რომ ისინი როგორმე გაეთეთრებინა, როცა სააკაშვილის მოსამართლეებიდან ივანიშვილის მოსამართლეებად იქცნენ”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქართული ოცნება” შემოდგომაზე შეეცდება რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს”.

“ერთი სიტყვით, დღეს “ქართულ ოცნებას” ელექტორატთან, საზოგადოებასთან დიდი პრობლემები აქვს. ამას დაემატა ეს სანქციებიც. ჯერ ევროკავშირის განცხადებები არ ჩანს, მაგრამ, ადრე თუ გვიან, იქნება მკაცრი განცხადებები, მით უმეტეს, ხშირად ვისმენთ ევროკავშირის წარმომადგენლებზე მმართველი პარტიის ურიგო განცხადებებს. ხელისუფლების განმარტებას, სანქცირება კი არა, სავიზო შეზღუდვააო, გაიზიარებს ელექტორატის მხოლოდ ის ნაწილი, რომელსაც “ქართულ ოცნებასთან” პირდაპირი ინტერესი აქვს, რა თქმა უნდა, დიდწილად კორუფციული, და მეორე, მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც თვლის, რომ ამერიკას რუსეთი სჯობს. ხელისუფლებისა და ხალხის გაუცხოება დიდი ხნის დაწყებულია და უკვე დაპირისპირებაში იწყებს გადასვლას. რაც მთავარია, საქართველოს დასავლეთთან დაპირისპირებით და ქვეყანაში არეულობით რუსეთი სარგებლობს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები პოლიტიკურ სიტუაციას კი არ ამშვიდებს, არამედ ამძაფრებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ავტორიტარულ რეჟიმს უკან დახევა არ სჩვევია. ახლაც ამიტომ გადავიდნენ შეტევაზე. მუდმივად არის შიში, რომ უკან დახევას მოსახლეობა სისუსტედ ჩათვლის. მარტის აქციების შემდეგ იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ, მაგრამ მას შემდეგ მუდმივად იმას გაიძახიან, კანონი სწორი იყოო. ამ შემთხვევაშიც თუ მათ პასუხებს ქუჩიდან არ მოჰყვება მძაფრი რეაქცია, პარტნიორების რეაქცია ნაკლებად ადარდებთ, რადგან ამერიკის არ ეშინიათ. თუმცა მშვენივრად ხვდებიან, რომ ეს უბრალო განცხადება არ ყოფილა და არც მხოლოდ “სავიზო შეზღუდვა”, როგორც ბატონმა პაპუაშვილმა ბრძანა. ჩემი აზრით, არის სიმპტომები იმისა, რომ “ქართული ოცნება” შემოდგომაზე შეეცდება რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს. დღეს ასეთი რეალობაა - “ქართულმა ოცნებამ” ან თავის რიგებში უნდა ჩაატაროს ფუნდამენტური წმენდა, ან ქვეყანა მიდის დაპირისპირებამდე, რაც ისევ მათ დაღუპავს, ქვეყნისთვის კი ხომ საშინელება იქნება. ამას თვითონაც ხვდებიან”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გარდა ამისა, არის სიმპტომები, რომ თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, ამას მოჰყვება დიდი აქციები, ამაზე თვითონაც ლაპარაკობენ და აქედან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება იქნება ხელახალი ლეგიტიმაცია. შემოდგომაზე “ოცნება” თუ ამას გააკეთებს, დღევანდელი ოპოზიციითა და იმ კანონით, რაც დღეს მოქმედებს, დიდი შანსი აქვს, რომ ისევ დარჩეს ხელისუფლებაში ახალი ლეგიტიმაციით. 2024 წელსაც ჩაატარებს არჩევნებს, მაგრამ პოლიტიკურად უკვე ლეგიტიმური ხელისუფლება იქნება. ძველი გუნდი მთლიანად ჩანაცვლდება ახლით, რომელიც მოსახლეობაში სიახლის განცდას გააჩენს. ვფიქრობ, სწორედ ამისთვის ემზადება “ქართული ოცნება”. თუ ევროკავშირი სტატუსს მოგვცემს, მოგვცემს დათქმებით, ხელისუფლებას ლეგიტიმაცია ასეთ შემთხვევაშიც დასჭირდება. კაცმა არ იცის, შემოდგომამდე რა მოხდება. ველოდები, რომ კრიზისი უფრო გაღრმავდება და გამოსავალი კი ახალი ლეგიტიმაცია იქნება”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “შეიძლება ვიფიქროთ, რომ ხელისუფლებას მოსამართლეების ეშინია და ამიტომ იცავს?” - პასუხობს:

“არა, საქმე ისაა, როგორც კი ხელისუფლება თავის გუნდს გაწირავს, ის ვერტიკალი დაეშლება, რაზეც დგას და ამომრჩეველსაც დაკარგავს. ავტორიტარულ სისტემაში თავად ვერტიკალი არ უნდა შესუსტდეს და უნდა იყოს განცდა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკონტროლებს და იცავს ყველას, ვინც მასთან არის”.

“რაც შეეხება კობახიძის მუქარას სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს გამოვაქვეყნებთო, ეჭვი მეპარება ჩანაწერები ჰქონდეთ, მაგრამ თუ მართლა არსებობს, მისი გამომზეურება უფრო დაძაბავს ურთიერთობას ჩვენს პარტნიორებთან, რადგან პარტნიორები ერთმანეთს არ იწერენ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას რამდენიც არ უნდა უძახო, ამერიკა ცუდიაო, საშუალება რომ ჰქონდეს, 100-დან 90 კაცი ამერიკაში გაიქცევა. ხალხი სახლებს ყიდის, ვალებს იღებს, მექსიკით მიდის, რომ ამერიკაში მოხვდეს და ანტიამერიკული რა უნდა უთხრა, რომ კობახიძეს დაუჯეროს? ხელისუფლებამ ამის ანალიზის უნარიც კი დაკარგა, რომ ასეთი მიდგომით რეალობას ვერ შეცვლის. რაც უფრო მეტად დაუპირისპირდება ხელისუფლება ამერიკას, მით უფრო მოხვდება იზოლაციაში და მით მეტად გააღრმავებს დაპირისპირებას ქვეყანაში. ხელისუფლება რომ პარტნიორების რეკომენდაციებს ანგარიშს არ უწევს, გავიგეთ, მაგრამ ოპოზიციაც რომ არ უწევს? იმედია, პროცესში პრეზიდენტიც ჩაერთვება - ვგულისხმობს ყველაფერს, მათ შორის იმასაც, რომ რაღაც მომენტში დატოვოს პოსტი და ოპოზიციის გამაერთიანებელი გახდეს, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა