ამბროლაურის კულტურის ცენტრში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, მუნიციპალური ა(ა).ი.პ–სა და შ.პ.ს–ების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან გაფართოებული შეხვედრა ჩატარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე უძღვებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნულ სამსახურებში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე სამუშაოები, დაგეგმილი ღონისძიებები და პრობლემური საკითხები. იმსჯელეს ზოგიერთი მიმართულებით არსებულ ხარვეზებსა და მათი მოგვარების გზებზე, ასევე ისაუბრეს იმ ინიციატივებზე, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროექტში ახალგაზრდების მეტად ჩართულობას. ამის გარდა, შეხვედრაზე მერის წარმომადგენლებმა, სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მოსახლეობის საჭიროებებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები, რომელშიც სოციალური პროგრამით დასაქმებულების გარდა ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად არის ჩართული.
ხელმძღვანელებმა ასევე, ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების, კულტურის, ტურიზმის და სხვადასხვა სფეროების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების შესახებ.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც ხელმძღვანელმა პირებმა მუნიციპალიტეტში, არსებული მდგომარეობა შეაფასეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
„ბოლო წლებში როგორც ქვეყანაში, ისე ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ყველა პროექტი ორიენტირებულია მოსახლეობის მოთხოვნებსა და მათ საჭიროებებზე. მოგიწოდებთ მაქსიმალური ჩართულობისა და აქტიურობისკენ, რათა ერთობლივად შევძლოთ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება“, - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.