ლევან შენგელია - პროცესი იმდენად ღრმად არის წასული და იმდენად აშკარაა თავის ყველა გამოვლინებაში, რომ გაოცების და მოულოდნელობის ადგილს აღარ ტოვებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ანთროპოლოგს, საქართველოს პარლამენტის მე-4 მოწვევის დეპუტატს, ლევან შენგელიას ესაუბრა.

- ბატონო ლევან, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა, საინტერესო იყო როგორ უპასუხებდა მომხდარს ერთი მხრივ ქართული მართლმსაჯულება, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც შეხვედრის მოთხოვნით სასამართლოს წევრებმა მიმართეს.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა - „სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს - სასამართლო ჩვენი მმართველობისას გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან - როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან“.

მას ასევე თქვა - „მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდე მოსამართლეებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, მითუმეტეს სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოსა და მოსამართლეებზე.

“მისივე თქმით, „ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლოში ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ, რათა სასამართლო გამხდარიყო ისეთი, როგორიც დღესაა - დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან“.

თუ ამ თემაზე პრემიერთან გამართულ შეხვედრამდე მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს გავიხსენებთ, მოულოდნელი არაფერი მომხდარა. სახელისუფლებო გუნდმა დაიცვა აშშ-ს მიერ დასანქცირებული მოსამართლეები და ისინიც, ვინც შესაძლოა, აღმოჩენილიყვნენ აშშ-ს მხრიდან დასანქცირების კანდიდატები.

თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე ქვეყნის ხელისუფლების რეაქციას? იმ გზას რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დაადგა?

- პროცესი იმდენად ღრმად არის წასული და იმდენად აშკარაა თავის ყველა გამოვლინებაში, რომ გაოცების და მოულოდნელობის ადგილს აღარ ტოვებს. ის, ვინც რამე სხვას ელის, ან ზედმეტად გულუბრყვილოა, ან რაღაც როლშია.

მე რამდენიმე თვის წინ თქვენთან ერთ ერთ ინტერვიუში ვახსენე “სუვერენული დემოკრატია“. ვინც იცის სად, ვის მიერ და რა მიზნით წარმოიშვა ესტერმინი, იმას არ გაუჭირდება დაინახოს თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ვის რა მიზანი და როლი აქვს ამ პროცესში, რას და როგორ იტყვიან და იმოქმედებენ.

„სუვერენული დემოკრატიის“ მშობელი რუსეთია. მაგალითი თვალწინ გვაქვს. ეს, კეთილშობილი სიტყვებით შედგენილი ცნება, რომელიც სინამდვილეში თავისი შინაარსით და მიზანდასახულობით მხოლოდ ნეგატივს გამოხატავს და რაც ავტოკრატიულებისკენ სწრაფვას, ცივილიზაციასთან დაპირისპირებას, კაცობრიობის მაღალი იდეალებისგან გამიჯვნას, ადამიანის თავისუფლების იგნორირებას, შიდა და გარე აგრესიას ბადებს - სწორედ სახელმწიფოს სუვერენიტეტს და დემოკრატიას ანგრევს.

გარკვეული აზრით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი სწორედ “სუვერენული დემოკრატიის“ იდეამ მიიყვანა ომამდე და აუცილებლად მიიყვანს ფატალურ დამარცხებამდე. ნებისმიერი ბოროტი, დესტრუქციული იდეა და პოლიტიკა ადრე თუ გვიან დამარცხებისთვისაა განწირული - ამას უგამონაკლისოდ ადასტურებს მსოფლიოს არცთუ დიდი ხნის წინანდელი ისტორია.

რუსეთი სწორედ „სუვერენული დემოკრატიის“ იდეამ მიიყვანა ომამდე და აუცილებლად მიიყვანს ფატალურ დამარცხებამდე. ნებისმიერი ბოროტი, დესტრუქციული იდეა და პოლიტიკა ადრე თუ გვიან დამარცხებისთვისაა განწირული - ამას უგამონაკლისოდ ადასტურებს მსოფლიოს არცთუ დიდი ხნის წინანდელი ისტორია

ახლა, ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება საგარეო ომს არ და ვერ დაიწყებს, მაგრამ მცდარ იდეოლოგიას და პოლიტიკას ასეთი ბუნება აქვს - მას აუცილებლად გადაჰყავს მისი განმახორციელებელი სუბიექტი შტოპორში, პროცესის განვითარების მის არსენალში არსებული პოზიტიური სცენარები განუხრელად მცირდება და მდგომარეობა გადადის ცუგცვანგში ანუ მდგომარეობაში, როცა რჩება მხოლოდ ცუდი, დამღუპველი სვლები.

- გასაგებია, მაგრამ ახლა მთავარია რა გაგრძელება ექნება პროცესების იმ დინამიკას, რასაც მოსამართლეების დასანქცირებამ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს შესძინა.

ჩვენი ამერიკელი და დასავლელი პარტნიორების მისამართით ხელისუფლების შერჩეული რიტორიკისა და ტონის ფონზე ალბათ ცოტა ვინმეს თუ ჰქონდა მოლოდინი, რომ სახელისუფლებო გუნდი გააცნობიერებდა, რომ „დისკრეტირებული მოსამართლეების დაცვისა და მათთვის ხელის ჩაჭიდების გზა მარცხიანი და ძალიან მძინე იქნება“.

სავარაუდოდ, როგორ აღიქვამენ დასანქცირებულ მოსამართეელბთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას ჩვენი ამერიკელი პარტნიორები? სავარაუდოდ, მომხდარის შემდეგ როგორ განვითარდება აშშ-საქართველოს ურთიერთობები?

- ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე გადალახა ფსიქოლოგიური ბარიერი და კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ სულ უფრო ღიად და თამამად უპირისპირდება იმ იდეებსა და მიზნებს, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას და რაც დეკლარირებულია ჩვენი კონსტიტუციით.

ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე გადალახა ფსიქოლოგიური ბარიერი და კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ სულ უფრო ღიად და თამამად უპირისპირდება იმ იდეებსა და მიზნებს, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას და რაც დეკლარირებულია ჩვენი კონსტიტუციით

აქ ერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი - დღეს მსოფლიოში მძვინვარებს ომი, ომს კი თავისი ლოგიკა და ენა აქვს. თუ მშვიდობიანობის დროს საერთაშორისო პოლიტიკის ენა უფრო დიპლომატიურია, მინიშნებებზეა აგებული, თავაზიანი და ხანდახან ალერსიანიც კია, მომთმენია, ომების დროს პოლიტიკა უფრო ოპერატიული, პირდაპირი, მკაცრი და ერთმნიშვნელოვანი ხდება. a la guerre comme a la guerre - "ომია, ომი იყოს".

ჩვენი პარტნიორების ენა სულ უფრო შესაბამისი გახდება დღევანდელი ვითარებისა, ისინი სულ უფრო ნაკლებად მოერიდებიან მკვეთრ განცხადებებს და მოქმედებებს. კონკრეტულად როდის და როგორი იქნება ეს მოქმედებები მე ვერ ვიმარჩიელებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგადად ამ მიმართულებით განვითარდება მოვლენები.

ჩვენი პარტნიორების ენა სულ უფრო შესაბამისი გახდება დღევანდელი ვითარებისა, ისინი სულ უფრო ნაკლებად მოერიდებიან მკვეთრ განცხადებებს და მოქმედებებს

- მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო გუნდს ქუჩის აქციების ზეწოლის შემდეგ მოუწია „აგენტების“ შესახებ პირველი მოსმენით მიღებული კანონის მეორე მოსმენაზე „ჩაგდება“, შიდა პოლიტიკაში აშკარად მოხდა ცვლილებები.

მომხდარ ცვლილებებს ხელისუფლება არ იმჩნევს. გამოსდის კიდეც, სუსტი და დაქსაქსული ოპოზიცია ვერ ახერხებს თუნდაც ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ერთიან სამოქმედო გეგმაზე შეჯერებას.

თქვენი დაკვირვებით, 7-8 მარტის შემდეგ რა ტიპის ცვლილებებია მომხდარი საშინაო პოლიტიკაში? ახალ რეალობაში როგორ იქცევა ხელისუფლება და ოპოზიცია?

- თქვენს ამ შეკითხვაში პასუხებიც იკითხება. იმ კანონის „ჩაგდება“ უფრო უეცარი ელდის შედეგი იყო, რაც მომიტინგეთა რაოდენობამ, მათში ახალგაზრდების დიდმა წილმა და მათმა უკომპრომისობამ გამოიწვია. ხელისუფლებას დასჭირდა დრო ძალთა მოკრებისა და შოკიდან გამოსვლისთვის - ჩემი აზრით, სწორედ ამან განაპირობა ეს ტაქტიკური უკანდახევა.

ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ხელისუფლების მოქმედების პათოსი და შინაარსი არ შეცვლილა, ის ისევ ცდილობს ერთიანობის, სიმტკიცის და უკომპრომისობის დემონსტრირებას.

ოპოზიციაც სწორედ ისე გამოიყურება როგორ თქვენ ბრძანებთ. მოკლედ შეიძლება ასე ვთქვათ - ვერცერთმა მხარემ ვერ გამოიტანა ეფექტიანი დასკვნები მოვლენათა სწორი განვითარებისთვის.

თვისობრივი ცვლილება არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის ქმედებებში არ ჩანს. როგორც ეტყობა, პროცესის ძირითადი სუბიექტი სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება და ეს არის ახალგაზრდობა, რომელიც არსად და არასდროს დამარცხებულა, როცა კი მოქმედება გადაუწყვეტია. და ეს გადაწყვეტილება - თავად აიღოს ხელში ქვეყნის ბედის განსაზღვრა - სულ უფრო მკაფიოდ ჩანს.

თვისობრივი ცვლილება არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის ქმედებებში არ ჩანს. როგორც ეტყობა, პროცესის ძირითადი სუბიექტი სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება და ეს არის ახალგაზრდობა, რომელიც არსად და არასდროს დამარცხებულა, როცა კი მოქმედება გადაუწყვეტია. და ეს გადაწყვეტილება - თავად აიღოს ხელში ქვეყნის ბედის განსაზღვრა - სულ უფრო მკაფიოდ ჩანს

- და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია მომხდარი.

ფაქტია, რომ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია მომხდარი საერთაშორისო ურთიერთობებში. უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალი გზა მნიშვნელოვნად შემცირებულს ჰგავს.

ევროპელი ლიდერები ლამის ერთ ხმაში და პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ევროკავშირისა და ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ, ისეთი პირი უჩანს, რომ საქართველო ხელისუფლება რბილად რომ ვთქვათ, არ ჩქარობს. გასაგებია, რომ ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში.

არადა, წლის ბოლომდე საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამ სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციები რომ გვაქვს შესასრულებელი, ეს თბილისში ვიზიტად მყოფმა ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ღიად გვითხრეს.

რეკომენდაციის შესრულების საკითხებზე ხელისუფლება ამბობს, რომ მას ასრულებს, მაგრამ, ჩვენ ჯერ ისიც არ ვიცით ევროკავშირი ჩაგვითვლის თუ არა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, რომელიც პრემიერს ექვემდებარება და სახალხო დამცველის არჩევას, რომლის არჩევის დროს არასამთავრობო სექტორის აზრი არ ყოფილა გათვალისწინებული.

გაქვთ მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე ხელისუფლება ევროპულ რეკომენდაციებს შეასრულებს და საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს?

- უკრაინის ომის შედეგი განმსაზღვრელი ფაქტორია. გამოვდივარ რა ზემოთ მოყვანილი ჩემი ხედვიდან, მე არ მჯერა, რომ თორმეტპუნქტიანი რეკომენდაცია რეალურად შესრულდება წლის ბოლომდე. აქ სხვა რამ არის საინტერესო, რამაც აქა იქ გაიელვა კიდეც - არ არის გამორიცხული, რომ ევროპამ მაინც მოგვცეს სტატუსი, რათა უფრო "ახლო დისტანციაზე" მოგვთხოვოს იმ რეკომენდაციების ნამდვილად შესრულება, რასაც სიტყვიერად ჩვენც ვეთანხმებით და ვალდებულებებადაც გვაქვს აღიარებული.

არ არის გამორიცხული, რომ ევროპამ მაინც მოგვცეს სტატუსი, რათა უფრო ახლო დისტანციაზე მოგვთხოვოს იმ რეკომენდაციების ნამდვილად შესრულება, რასაც სიტყვიერად ჩვენც ვეთანხმებით და ვალდებულებებადაც გვაქვს აღიარებული

ასე რომ, ეს პროცესი უამრავ სხვა ფაქტორზეცაა დამოკიდებული და ფორმულა "არ შეასრულებთ რეკომენდაციებს - ვერ მიიღებთ სტატუსს" ჩემთვის ასე ცალსახა არ არის.

- პოლიტიკურ ველზე შესამჩნევად გააქტიურებულია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამის ნათელი მაგალითი გახლდათ 9 აპრილს მისი ინიციატივით გამართული შეხვედრა ქალბატონებთან.

პრეზიდენტმა ამ შეხვედრაზე ჩვენი უახლესი ისტორიის სიმბოლოებად ქცეული ორი ქალბატონი დააჯილდოვა. თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ ზურაბიშვილის გააქტიურებას? რა როლის შესრულება შეუძლია მას იმ პროცესში, რასაც ქვეყნის ევროპული გზა ჰქვია?

- საზოგადოებისთვის ცნობილია პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების კონსოლიდაციას ევროინტეგრაციის იდეის გარშემო და საყოველთაო ეროვნულ შეთანხმებას ამ იდეის საფუძველზე.

ამას რიგი აქტივობებიც მოჰყვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ცნობილი პოლიტიკური პროცესების გამო, მაინც არსებობს დაპირისპირება. ჩამოყალიბდა ევროსკეპტიკოსების, "რუსული ორიენტაციის" პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც აქტიურად იბრძვიან საკუთარი მიზნებისთვის. დაპირისპირება პიკს აღწევს. პროცესი გადასულია ისეთ ეტაპზე, როცა ერთ-ერთმა უნდა გაიმარჯვოს, მორიგება, სამწუხაროდ, ძნელად წარმოსადგენია.

დაპირისპირება პიკს აღწევს. პროცესი გადასულია ისეთ ეტაპზე, როცა ერთ-ერთმა უნდა გაიმარჯვოს, მორიგება, სამწუხაროდ, ძნელად წარმოსადგენია

მხოლოდ მშვიდობიანი, სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული, მაგრამ მკაფიო ხასიათის პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მოქმედება მოიტანს შედეგს - ერთი მხრივ საზოგადოების პროევროპულად განწყობილი ნაწილი კიდევ უფრო განმტკიცდება თავის შეხედულებებში, ხოლო მოყოყმანეები დასძლევენ სკეფსისს.

მეორე მხრივ - საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენი პარტნიორები დაინახავენ, რომ პროევროპულად განწყობილ ანუ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხს ჰყავს ლიდერი პრეზიდენტის სახით!.

ასეთ პირობებში გაჩნდება გაცილებით მეტი რესურსი იმისათვის, რომ ჩვენმა სახელმწიფომ მიაღწიოს პოზიტიურ შედეგებს რაციონალურ დროში. მე არ შემიძლია ვამტკიცო, რომ ეს ზუსტად ასე მოხდება, მაგრამ საამისო სიგნალებს ნამდვილად იძლევა სულ უფრო გააქტიურებული პრეზიდენტის საჯარო განცხადებები და მოწოდებები... ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი