„ბათუმობის“ დღესასწაულისთვის გამოყოფილი ხარჯები დისკრიმინაციულია, - ამის შესახებ პარტია „დროას“ რეგიონულმა ლიდერმა გენრი დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, „ბათუმობის“ დღესასწაულზე ხარჯები ერთი ჩინოვნიკის, სოფო ხალვაშის მეგობრებზეა გათვალისწინებული.
გენრი დოლიძე ამბობს, რომ ბათუმის დღესასწაულზე ადგილობრივი ხელოვანების დისკრიმინაცია მოხდა.
„დღესასწაული მთავარი ფუნქცია და სულისკვეთება ის, იყო რომ წარმოეჩინა ბათუმის კულტურული პოტენციალი, ადგილობრივი ხელოვანები, ადგილობრივი კოლორიტი ადამიანები და ამით ყოფილიყო საინტერესო ჩვენი ქალაქი. წლევანდელი „ბათუმობა“ საკუთარი სულისკვეთებისგან დაცლილია და ამ დღესასწაულმა საკუთარი თავი დაკარგა. ამ დღესასწაულს „სელებრითობა 2023” დავარქვი, იმიტომ რომ მოწვეული სტუმრების სიაში ძირითადად, არიან ერთი ჩინოვნიკის სამეგობრო და ჰონორარებზე გათვალისწინებული 83% იხარჯება დედაქალაქიდან მოწვეულ სტუმრებზე, რაც ადგილობრივი არტისტების დისკრიმინაციაა. თუ ბათუმელი არტისტის საშუალო ჰონორარი არის 1000 ლარამდე, არჩილ სოლოღაშვილის ჰონორარში იხარჯება 18 500 ლარი, თიკა ფაცაციას ჰონორარში - 6377 ლარი და ა.შ. ბათუმში გვყავს სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი ანსამბლი, ბენდი, ორკესტრი და დავით მაზანაშვილს ორკესტრს, რომელსაც თბილისიდან ვიწვევთ 52 ათას ლარს ვუხდით. მიმაჩნია, რომ ეს არამიზნობრივი ხარჯვა და დისკრიმინაციული მიდგომაა ბათუმის მერიის მხრიდან იმიტომ, რომ ეს ბათუმის დღესასწაული უნდა იყოს და ამ დღეს ბათუმი კულტურულად საინტერესო ქალაქად უნდა წარმოჩნდეს, ეს უნდა იყოს ანგარიში, თუ რა შემოქმედებითი პროცესები მიმდინარეობს ქალაქში. ჩემთვის მიუღებელი იყო სოფო ხალვაშის განცხადება ამ თემაზე, თითქოს არჩილ სოლოღაშვილი იმიტომ მოიწვიეს წამყვანად, რომ ბათუმელი არტისტები კომპლექსიანები და მორცხვები არიან და სცენაზე ვერ იცეკვებენ”,- განაცხადა გენრი დოლიძემ.