ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და აჭარის მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს. რეზო ხარაზმა ჟურნალისტებს 2020-2021 წლის აუდიტის დასკვნა წარუდგინა. მისი თქმით, ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი კორუფციული გზით გაიფლანგა.
“დადასტურებულად ვამბობთ, რომ ამ შენობაში მჯდომი ადამიანები წლების განმავლობაში ხალხის ფულს იპარავდნენ. პროკურატურაში ირაკლი ღარიბაშვილი უნდა იკითხებოდეს, რადგან 10 მილიონი დოლარი გამოყო და დღეს ბათუმს საცურაო აუზი არ აქვს. საინტერესოა, 23 მილიონი ლარის სამუშაოები, ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე როგორ მიიღო სახელმწიფომ ბათუმის სტადიონზე.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაში 2 მილიონ 800 ათასი ლარი საერთოდ არ ფიქსირდება, რომელიც ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე გაკეთდა. ამ ყველაფერს სახელმწიფო აუდიტის სამსახური საუბრობს და ეს დადასტურებული კორუფციის ფაქტია. დღეს ჩიქოვანი და რიჟვაძეც უნდა იკითხებოდნენ, ხალხის ფულის მოპარვის გამო და ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ”, - განაცხადა რეზო ხარაზმა.