გულაგების სისტემის და ადამიანის წამებაზე, ღირსების აყრაზე დაფუძნებული სახელმწიფო მანქანის შემქმნელისთვის ადამიანის უფლებების მიმართულებით ნებისმიერი ჯილდოს გადაცემა, ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილის გულაგების სისტემის მსხვერპლთა დაცინვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კარგია, რომ სააკაშვილის ადვოკატებმა შეიტანეს სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი. მისი თქმით, გაუგებარია ის ფაქტი, რომ ერთ თვეზე მეტი დრო დასჭირდათ მათ სარჩელის მოსამზადებლად, იმ დროს, როდესაც საუბრობენ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე.
„ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია, რომ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს. ჩვენც მოვუწოდებდით, რომ თუ კი მათ არ აქვთ რწმენა საკუთარი ქვეყნის სასამართლოსი, მიემართათ სტრასბურგის სასამართლოსთვის და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო. ჩვენ ვნახეთ, რომ ერთ თვეზე მეტი მოანდომეს, იმ პირობებში, როცა ისინი საუბრობდნენ, თითქოს წუთი-წუთზე და დღე-დღეზე გადასაწყვეტი საკითხია და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ, თვეზე მეტი დახარჯეს, იმისთვის რომ შეედგინათ საჩივარი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო. ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქცია, რა თქმა უნდა, ჩვენზე სრულად ვრცელდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.