რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რუსთავის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია 18 მუნიციპალიტეტს შორის საქართველოში, რომელმაც მუშაობა დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დასანერგად.
მათივე ცნობით, დღევანდელ სამუშაო შეხვედრას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო.
როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, დოკუმენტის შემუშავება, მნიშვნელოვანია მუნიციპალური პროექტებისა და სერვისების გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
„რუსთავის მერიისთვის მდგრადი განვითარების გეგმის შემუშავება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მთავარია გრძელვადიან პერსპექტივაში დავისახოთ ის სერვისები, პროექტები, რომელთაც ვახორციელებთ, რადგან უფრო მეტი მდგრადობა შევძინოთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მერიის სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხზე. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი რეკომენდაციები და შენიშვნები განხილული და რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რუსთავის მერიის წარმომადგენლებმა სამუშაო ფორმატში მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, არსებული საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, დეტალურად განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების ადგილობრივ დონეზე დანერგვის საკითხები.
„ღონისძიების ფარგლებში, შემუშავდება და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცდება მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი.
2015 წელს საქართველომ, გაეროს ყველა სხვა წევრ ქვეყანასთან ერთად, გამოთქვა სურვილი, განეხორციელებინა 2030 წლისთვის დასახული მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები, მოეხდინა მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაცია, ეროვნულ სტრატეგიებში მათი ინტეგრაცია, ამოცანების შესრულების მონიტორინგის, პროგრესის შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის ჩამოყალიბება.
ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისთვის გაწეული ძალისხმევა არ იქნებოდა სრულყოფილი ადგილობრივი ხელისუფლებების მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად შემუშავდა მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების, ანუ ადგილობრივ თვითმმართველობებში დანერგვის, სამოქმედო გეგმა, რომელსაც მუნიციპალიტეტებმა მხარი დაუჭირეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.