ოპოზიციონერი დეპუტატების ხათუნა სამნიძის და თამარ კორძაიას განცხადებით, სასამართლოში სისტემურ პრობლემებთან და კორუფციასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა 18 აპრილის სხდომაზე შედგება.
როგორც მათ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კოლეგების ინფორმირების მიზნით, 5 დეპუტატი თითოეულ მათგანს პირადად დაუკავშირდება.
„გვინდა მივმართოთ თითოეულ კოლეგას, რომელსაც პირადადაც დავუკავშირდებით და უკვე ვუკავშირდებით, რომ კენჭისყრა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გაიმართება მორიგ სასესიო კვირაში, პირველსავე დღეს, 18- ში, სამშაბათს, როცა დასრულდება განცხადებები. ბიუროს მივმართავთ დილითვე თხოვნით, რომ ჩაისვას ეს დღის წესრიგში. თითოეულ დეპუტატს ვთხოვ, გადადონ ყველაფერი, ვიყოთ ერთად და შევქმნათ ეს საგამოძიებო კომისია. ხუთმა ქალმა დეპუტატმა: მე, თამარ კორძაიამ, თეონა აქუბარდიამ, სალომე სადაშვილმა, ანა ნაცვლიშვილმა ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ პირადად დავუკავშირდებით თითოეულ დეპუტატს და უზრუნველვყოფთ იმას, რომ ყველა იყოს პირადად ინფორმირებული და ყველა ვიყოთ სასესიო დარბაზში“, - განაცხადა სამნიძემ.
კორძაიას თქმით, დეპუტატებს პირადად დაუკავშირდებიან, რადგან დასრულდეს იმაზე საუბარი, ვინმე იყო თუ არა ინფორმირებული.
მისივე თქმით, ეს კომუნიკაცია უკვე ჰქონდათ ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებთან.
„დავასრულოთ საუბარი, რა იყო წარსულში და მოვახდინოთ სრული მობილიზება 18 აპრილის სხდომაზე, რათა შეიქმნას კომისია. როგორც არასდროს ოპოზიცია არის ერთიანი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ამისთვის მთელს ძალისხმევას მივმართავთ“, - განაცხადა კორძაიამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"