კომპანია „ჭარებულამ“ ინტენსიური ვაშლის ბაღების გაშენება 2020 წელს დაიწყო და „თიბისის” მხარდაჭერით ახლა უკვე 12 ჰა ბაღების მფლობელია. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
კომპანია „ჭარებულას“ დირექტორის, გიორგი აბესაძის განცხადებით, ინტენსიურ ბაღს ტრადიციულთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს.
„ინტენსიურ ბაღს, ტრადიციულთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობა აქვს: პირველ რიგში, აქ ჰექტარზე ძალიან ბევრი - 3000-ამდე ხე ირგვება. ხეები მსხმოიარობაში მალე შედიან და ინვესტიციაც მალე ამოგებადია. ამასთანავე, მარტივად მოსავლელი ხეებია, გამძლე, დაავადებების მიმართ მედეგი, მოსავალსაც მეტს იძლევა და დასაკრეფადაც ადვილია.
„ჭარებულა“ მდინარეა, რომელიც გორის რაიონში, ამჟამად ოკუპირებულ სოფელში, ჭარებში იღებს სათავეს და ტყვიავში ჩვენს ბაღებს ჩამოუდის. ამ ლამაზი მდინარის სახელი დავარქვით ჩვენს მეურნეობასაც, რომლის გაშენებაც „თიბისის“ შეღავათიანი აგროკრედიტის და დანერგე მომავლის მხარდაჭერით, 2019 წელს დავიწყეთ.
პირველი ნერგები 2020 წელს, 4 ჰა მიწაზე ჩავყარეთ. 2021 და 2022 წლებში კიდევ ოთხ-ოთხი ჰექტარი დავამატეთ და დღეისათვის ჯამში 12 ჰა ინტენსიური ვაშლის ბაღი გვაქვს. პირველმა, 2020 წელს ჩაყრილმა ნერგებმა ნიშანი - 60 ტონამდე ვაშლი - უკვე გასულ წელს მოგვცა. ამ ბაღიდან შემოდგომაზე უფრო მეტს ველოდებით. შემდეგი წლის ხეებსაც ექნება ნიშანი და წელს, ალბათ, 150 ტონამდე ავალთ. შემდეგ წლებში კი სხვა ბაღების ნიშანიც წამოგვეწევა. ვაპირებთ კიდევ 1,5 ჰა მიწის დამატებას. ასე რომ, საბოლოო ჯამში, „ჭარებულას“ ბაღებიდან წლიურად 700-800 ტონა მოსავალს ველოდებით.
პირველი მოსავლის აღებისთანავე დადგა ხილის შესანახი მაცივრის საჭიროება. „თიბისის“ მხარდაჭერით დავიწყეთ მაცივრის დამზადება. კონსტრუქციული ნაწილი თითქმის დასრულებულია და ახალ მოსავალს უკვე იქ შევინახავთ. ამ მაცივრის გარეშე ხილის შენახვა ჭირს, ამიტომ იძულებული ვიყავით, პირველი მოსავალი აღებიდან მალე, შემოდგომითვე გაგვეყიდა, რაც არახელსაყრელია, რადგან შემოდგომაზე ვაშლი ბაზარზე ბევრია და ფასი, შესაბამისად, დაბალი. ახლა შეგვიძლია მოსავალი 6 თვე მაცივარში შევინახოთ და გაზაფხულზე გავყიდოთ, რაც გაცილებით მეტ მოგებას მოგვცემს.
მოსავალს, 6 ჯიშის ვაშლს, ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. 4 მუდმივი თანამშრომელი გვყავს, სეზონურად კი - ვაშლის დარგვის, მოსავლის აღების, დახარისხების, ჩაწყობის დროს - მათი რიცხვი 25-ამდე ადის.
მომავალში, „თიბისის“ მხარდაჭერით, ვგეგმავთ კიდევ რამდენიმე ჰექტარი მიწის დამატებას და, შესაბამისად, მაცივრის გაფართოებასაც.
თუ საქმე კარგად წავიდა, ვაპირებთ, ასევე, შესაფუთი, ჩასაწყობი თუ სხვა საჭირო მასალის ადგილზე დამზადებასაც, რომელსაც ახლა სხვაგან ვყიდულობთ.
ჯერჯერობით კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმემ გაამართლა, რაც, ჩვენს მონდომებასთან ერთად, „თიბისის“ შეღავათიანი აგროკრედიტის და დანერგე მომავლის დამსახურებაა“, - განაცხადა გიორგი აბესაძემ.