საგარეო და საშინაო პოლიტიკის „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, ვისაც საერთაშორისო პოლიტიკა, უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობა აინტერესებს და თვალს ადევნებს საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებს, ყველა ელოდება უკრაინის კონტრშეტევას.
ზამთარში ყველა საუბრობდა იმაზე, რომ უკრაინული კონტრშეტევა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც მიწა გაშრება და დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებულ ტანკებს არ გაუჭირდებათ უკრაინის ველებზე სიარული.
კონტრშეტევის დაწყების თარიღად სხვადასხვა რიცხვები სახელდებოდა. ბევრი საუბრობდა იმასაც, რომ რომ უკრაინას ჯერ სრულად არ ჰქონდა მიღებული პარტნიორებისგან ის სამხედრო ტექნიკა, რაზეც კარგა ხანია საუბრობენ. ამ ტექნიკაში იგულისხმება არა მხოლოდ ტანკები და სხვადასხვა აღჭურვილობა, არამედ საჰაერო თავდაცვის სისტემები.
იმის ფონზე, როცა რუს დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ „ახლა პუტინის ბედი უკრაინელი მეომრების ხელშია“, სულ უფრო აქტუალურია როდის დაიწყება უკრაინული კონტრშეტევა.
იმ ინფორმაციების ანალიზი, რაც ამ თემაზე საჯარო სივრცეში ხვდება, რისი თქმის საშუალებას იძლევა - სავარაუდოდ, როდის დაიწყებს უკრაინა კონტრშეტევას?
- ამ თემაზე უამრავი სპეკულაცია ცირკულირებს მედიაში, ამიტომ მე თავს შევიკავებ თარიღის პროგნოზირებაზე. ცხადია, კონტრ შეტევის განსახორციელებლად რამდენიმე ფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული.
როგორც ახსენეთ ეს გახლავთ სამხედრო ტექნიკის, აღჭურვილობის და სათანადო მასალების მარაგების შექმნა, მოიერიშე ქვედანაყოფების ფორმირება და ახალი აღჭურვილობის გამოსაყენებლად გაწვრთნა, მათი შეკავშირებული მოქმედების უზრუნველყოფა, და ბევრი სხვა მოქმედება, რაც უზრუნველყოფს ასეთი რთული ოპერაციის ჩატარების წარმატებულობას.
აქვე ბუნებრივი და კლიმატური პირობებიც ძალიან დიდ როლს თამაშობს. ამგვარად, ყოველივე ეს გახლავთ მნიშვნელოვანი ფაქტორი უკრაინული კონტრშეტევის დაწყების თარიღის განსაზღვრაში.
გარდა ამისა, მინდა გავამახვილო ყურადღება რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ინტენსიურ საფორტიფიკაციო სამუშაოებზე, თავდაცვის ზღუდეების შესაქმნელად, რომელიც ჩატარდა ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით სამხრეთის მიმართულებით.
ამგვარად, უკრაინის ჯარს მოუწევს კარგად მომზადებული დაცვის ხაზების გადალახვა, რაც თუნდაც ტექნიკისა და სათანადო აღჭურვილობის ქონის პირობებშიც კი მოითხოვს საბრძოლო ქვედანაყოფების ინტენსიურ მომზადებას, როგორც ტექნიკური, ტაქტიკურ, ასევე ოპერატიულ და სტრატეგიულ დონე.
უკრაინის ჯარს მოუწევს კარგად მომზადებული დაცვის ხაზების გადალახვა, რაც თუნდაც ტექნიკისა და სათანადო აღჭურვილობის ქონის პირობებშიც კი მოითხოვს საბრძოლო ქვედანაყოფების ინტენსიურ მომზადებას, როგორც ტექნიკური, ტაქტიკურ, ასევე ოპერატიულ და სტრატეგიულ დონე
ამ მიზანს ემსახურება დასავლეთის მიერ ინიციირებული უკრაინული სამხედროების მასიური და ინტენსიური წვრთნის და მომზადების პროგრამა. ყოველივე ეს, სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის მიწოდებასთან ერთად უნდა შექმნას სათანადო ხელსაყრელი პირობები უკრაინული კონტრშეტევის წარმატებისთვის.
- რამდენიმე დღეა საერთაშორისო მედია აქტიურად განიხილავს პენტაგონიდან უკრაინის ომთან დაკავშირებით საიდუმლო მასალების შემცველი ფაილების გაჟონვაზე.
ზოგის მტკიცებით პენტაგონიდან საკმაოდ ბევრმა და მნიშვნელოვანმა ინფორმაციებმა გაჟონა. ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ არაა გამორიცხული „ინფორმაციების გაჟონვა“ თავად ამერიკული სპეცსამსახურის ორგანიზებული იყოს იმისთვის, რომ უკრაინასთან მებრძოლ რუსი სამხედროების ხელში დეზინფორმაცია აღმოჩენილიყო.
ფაქტია ისიც, რომ როგორადაც არ უნდა იყოს, მომხდარის გამო კმაყოფილება არც რუსებს ეტყობათ, არც ამერიკელებს და შესაბამისად არც უკრაინელებს.
მესმის, რომ თემა სპეციფიკურია. ეს ის შემთხვევაა, როცა სიმართლის დადგენა ძნელია. სავარაუდოდ, რასთან გვაქვს საქმე? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინული კონტრშეტევის დაწყების ვადებში კორექტივების შეტანა სწორედ პენტაგონიდან გაჟონილ ფაილებს უკავშირდება?
- ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძველ სადაზვერვო სამსახურების კონკურენციასთან, რომელიც დრო და დრო ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი ხდება. არაფერი ახალი ამაში, ვფიქრობ, არ არის.
ცხადია, რომ სხვადასხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები მუდმივად მუშაობენ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. როგორც იტყვიან, ასეთ საქმიანობაში კეთილი ურთიერთობები არ არსებობს. ამიტომ, თუ დავუჯერებთ ღია საინფორმაციო სივრცეში გაჟონილ ინფორმაციას, დავინახავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სააგენტოები ძალიან დეტალურად და კომპლექსურად სწავლობენ ყველაფერს რაც ეხება უკრაინაში მიმდინარე ომს.
გარდა ამისა, გასაჯაროებული ინფორმაციებიდან გამომდინარე, ისინი შესანიშნავად არიან გათვითცნობიერებულები რუსეთის სამხედრო ძალების, მისი გენერალური შტაბისა და ხელმძღვანელობის გეგმებზე, როგორც სტრატეგიულ, ასევე ქვედა ტაქტიკურ დონეზე.
გამომდინარე აქედან მათ გააჩნიათ საშუალება, სათანადოდ გაანალიზონ არსებული ვითარება რეალურ დროში, განსაზღვრონ არა მარტო რუსეთის სამხედრო ძალების შესაძლო შემდგომი სვლები, არამედ აგრეთვე, დაეხმარონ უკრაინულ მხარეს, შეიმუშაონ შესაბამისი საპასუხო ზომები, განსაზღვრონ საჭირო რესურსები, და ამით აამაღლონ პარტნიორი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი, არსებულ ვითარებაში.
აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული დოკუმენტების გაჟონვა, მიუთითებს პენტაგონში არსებულ პრობლემაზე, რომელიც ლოიდ ოსტინის თქმით სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოძიებული.
აღნიშნული დოკუმენტების გაჟონვა, მიუთითებს პენტაგონში არსებულ პრობლემაზე, რომელიც ლოიდ ოსტინის თქმით სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოძიებული
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ექსპერტების მტკიცებით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა, ერთ-ერთ გაჟონილ დოკუმენტში შეცვალეს დაღუპულთა რაოდენობა ორივე მხრიდან, რუსეთის სასარგებლოდ. ამით კარგად გამოჩნდა ასეთი ინფორმაციის გამომზეურების მიზეზი, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივ აზრის ზემოქმედებაზე. ასეთი ქმედება მიზნად ისახავს საზოგადოების “შეცდომაში შეყვანას უკრაინაში ომის შედეგად დაღუპულთა რაოდენობაზე, რაც თავის მხრივ მოწინააღმდეგე საზოგადოებაში ფრუსტრაციის გამოსაწვევად კეთდება.
გარდა ამისა, რუსეთისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ დაადანაშაულოს დასავლეთი და პირველ ყოვლისა აშშ ომში პირდაპირი მონაწილეობისთვის. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთი ინფორმაცია, სათანადო დამუშავების და შეფუთვის შემდგომ, პროპაგანდისტული მიზნებით, სათანადო შეფუთვით მიეწოდება თვით რუსეთის მოსახლეობას, რომელიც მზად არის „სწორად“ მიიღოს ასეთი ინფორმაცია, რუსეთში მრავალწლიანი საინფორმაციო-პროპაგანდისტული პოლიტიკის კვალობაზე.
შეიტანს თუ არა გაჟონილი დოკუმენტების გასაჯაროება უკრაინული კონტრშეტევის გეგმებში? ამ კითხვაზე საპასუხოდ ლოიდ ოსტინს დავესესხები, რომელმაც თქვა - არა. რა თქმა უნდა, გაჟონილ დოკუმენტებში ასახულია სენსიტიური ინფორმაცია. მაგრამ ამავდროულად არაფერი სენსაციური იქ, ჩემის აზრით, არ იყო.
შეიტანს თუ არა გაჟონილი დოკუმენტების გასაჯაროება უკრაინული კონტრშეტევის გეგმებში? ამ კითხვაზე საპასუხოდ ლოიდ ოსტინს დავესესხები, რომელმაც თქვა - არა
ანუ, დარწმუნებული ვარ რომ რუსეთის მხარისათვის ხსენებულ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია ცნობილი იყო. ამიტომ, ასეთი მასშტაბური ოპერაციის გადადება, გაჟონილი დოკუმენტების კვალობაზე სავარაუდოდ არ მოხდება. თუმცა, მცირე სიტუაციური კორექტივები შესაძლებელია მოხდეს.
- უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტზე ბევრი კი ითქვა, მაგრამ, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში რომ სი-ს მოსკოვური ვიზიტით მთლად კმაყოფილი არ არიან, ფაქტია.
სი-ის მოსკოვური ვიზიტის შემდეგ პეკინს საფრანგეთისა და ევროკავშირის პრეზიდენტები სტუმრობდნენ. პრესა რამდენიმე დღე განიხილავდა საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის მიერ პეკინში ნათქვამს - „ახლა რუსეთთან მოლაპარაკებების დრო არაა“.
საფრანგეთისა და ევროკავშირის პრეზიდენტებმა ჩინეთში ვიზიტისას რომ პეკინში კოლექტიური დასავლეთის გზავნილები ჩაიტანეს, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ უკრაინა-რუსეთის ომში კრემლს პეკინის გადამწყვეტი როლის შესრულების იმედი ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არ ხდება.
ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჩინეთის ეკონომიკა ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე იმდენადაა დამოკიდებული, გასაკვირი უფრო ის იქნებოდა რომ ჩინეთი ღიად დამდგარიყო რუსეთის მხარეს. თუმცა, სხვადასხვა ინფორმაციით, იგი რუსეთს მაინც ეხმარება.
სავარაუდოდ, რა როლი შეიძლება შეასრულოს ჩინეთმა უკრაინა-რუსეთის, პრაქტიკულად კი რუსეთთან უკრაინა-კოლექტიური დასავლეთის დაპირისპირებაში?
- თქვენ ძალიან საინტერესო საკითხს შეეხეთ და მოდით თანმიმდევრობით განვიხილოთ ის, რაც ჩინეთს ეხება საერთაშორისო ასპარეზზე მოცემულ მომენტში. სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში, მისთვის ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა ბევრი დამკვირვებლის აზრით.
მოკლედ რომ ავსახოთ, ამ ვიზიტის შედეგად ჩინეთმა პრაქტიკულად ყველა მისთვის მნიშვნელოვანი ამოცანა რუსეთთან მიმართებაში შეასრულა. ამავე დროს, თქვენს მიერ ნახსენები მოსკოვის უკმაყოფილება სავარაუდოდ გამოწვეულია ჩინეთის მხრიდან რუსეთის ფედერაციისთვის იარაღის, სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდების და მჭიდრო ეკონომიკურ-პოლიტიკური კავშირების მიუღწევლობით. გამოაშკარავდა რუსეთის სისუსტე ჩინეთთან მიმართებაში და ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ამ ვიზიტის შედეგად.
მოსკოვში სი-ის ვიზიტის შედეგად ჩინეთმა პრაქტიკულად ყველა მისთვის მნიშვნელოვანი ამოცანა რუსეთთან მიმართებაში შეასრულა.. გამოაშკარავდა რუსეთის სისუსტე ჩინეთთან მიმართებაში და ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ამ ვიზიტის შედეგად
რაც შეეხება პრეზიდენტ მაკრონისა და ურსულა ფონ დერ ლაინის ვიზიტებს, ის უფრო ევროპისა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გასარკვევი ბუნების იყო. გაჟღერდა ევროპის „სტრატეგიული ავტონომიის“ ტერმინი და ცნება, რომელსაც პრეზიდენტი მაკრონი ეყრდნობა.
აღნიშნული არ ჯდება ერთიანი დასავლეთის კონცეფციაში. თუმცა ისტორიიდან გვახსოვს აგრეთვე საფრანგეთის ერთ ერთი თვალსაჩინო პრეზიდენტის, გენერალ დეგოლის ნატოს მიმართ დემარშები და საფრანგეთის განსაკუთრებული აზრის დაფიქსირება საერთაშორისო ასპარეზზე. ესეც ბუნებრივია, რადგან საფრანგეთი ძლიერი და ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოა.
ჩემთვის მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ რატომ გაჟღერდა „სტრატეგიული ავტონომიის“ ხედვა? ჩემი აზრით აღნიშნული გამოწვეულია ბუნებრივი წუხილით, აზია წყნარი ოკეანეს რეგიონში შესაძლო დაძაბულობის გამო. განსაკუთრებით ეს ეხება ტაივანის საკითხს და აშშ-სა და ჩინეთის განსხვავებულ ხედვას ამ საკითხის მოგვარებაზე.
მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ რატომ გაჟღერდა „სტრატეგიული ავტონომიის“ ხედვა? ჩემი აზრით აღნიშნული გამოწვეულია ბუნებრივი წუხილით, აზია წყნარი ოკეანეს რეგიონში შესაძლო დაძაბულობის გამო. განსაკუთრებით ეს ეხება ტაივანის საკითხს და აშშ-სა და ჩინეთის განსხვავებულ ხედვას ამ საკითხის მოგვარებაზე
ასეთი ვითარება პოტენციურად ქმნის არახელსაყრელ სტრატეგიულ და ეკონომიკურ პერსპექტივებს ევროპისათვის, რადგან, როგორც ვხედავთ, რეალობა ისეთია, რომ ევროპა ეკონომიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალზედ დამოკიდებულია ამერიკის შეერთებულ შტატებთან კავშირზე. აღნიშნული კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.
ამდაგვარად, თუ აზია-წყნარი ოკეანეს რეგიონში, ტაივანის ირგვლივ ვითარება დაიძაბა, ევროპელებს მოუხდებათ აშშ-თან და მის სხვა მოკავშირეებთან (AUKUS, ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო და აშშ) როგორც მინიმუმ სანქციების პოლიტიკის გაზიარება, რასაც ევროპული ეკონომიკებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმა შეიძლება იყოს.
ამიტომ ევროპული პოლიტიკური სპექტრისთვის, მნიშვნელოვანია პოტენციური ზიანის მინიმიზაცია, რისთვისაც „სტრატეგიული ავტონომია“ არის მოწოდებული.
ძალზედ მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ მაკრონის სიტყვები, რომელიც ეხება ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებს. როგორც ჩანს, მსოფლიო ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტ მაკრონიც და სავარაუდოდ სი ძინპინიც, თანხმდებიან რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს, უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე ამ მომენტისთვის აზრი აღარ აქვს.
მსოფლიო ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტ მაკრონიც და სავარაუდოდ სი ძინპინიც, თანხმდებიან რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს, უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე ამ მომენტისთვის აზრი აღარ აქვს
ეს შეიძლება აიხსნას მრავალჯერადი უშედეგო კონტაქტების გამოცდილებით რომელიც ჰქონდათ პრეზიდენტ მაკრონსა და პუტინს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
აგრეთვე ნუ დაგვავიწყდება ჩინეთის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება პრეზიდენტ პუტინის განცხადებით ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების თაობაზე, მაშინ როდესაც რამდენიმე დღით ადრე რუსეთის და ჩინეთის ხელმძღვანელები საპირისპირო პოზიციაზე შეჯერდნენ.
ჩემი აზრით ყოველივე ეს მიუთითებს ვლადიმირ პუტინის მიმართ უნდობლობის სიღრმეზე, რაც განპირობებულია საერთაშორისო ძალისხმევის უშედეგობაზე სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე მასთან მოლაპარაკებების კვალობაზე.
- მას შემდეგ, რაც უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე აზერბაიჯანმა ანკარის ღია და რუსეთის ჩუმი მხარდაჭერით რამდენიმე წარმატებული ნაბიჯები გადადგა ყარაბაღზე ბაქოს კონტროლის დასამყარებლად, სამხრეთ კავკასიაში ვითარება აშკარად შეცვლილია.
არ ვგულისხმობ მხოლოდ იმას, რომ რეგიონში გაძლიერებულია თურქეთი, არც იმას, რომ ანკარასა და ერევანს შორის შესაძლოა მართლაც დაიწყოს გარკვეული ტიპის, მათ შორის ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობები.
ვგულისხმობ იმას, რომ მას შემდეგ, რაც სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები საკმაოდ გართულებულია ბევრი რამის გამო, სულ უფრო ხელშესახები ხდება ერევნისა და თეირანის დაახლოება. ვითარებაში, როცა უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად კრემლი იცლის საქართველო 3+3-ის ფორმატში დროდადრო მიიწვიოს, ძნელი დასაჯერებელია სომხეთ-ირანის დაახლოება მოსკოვის გარეშე ხდებოდეს.
სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს სომხეთ-ირანის დაახლოება და რა კორექტივები შეიძლება შეიტანოს ამ პროცესმა სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაში?
- ეს ყოველივე არის რეგიონში ძალთა ბალანსის, უპირველეს ყოვლისა სამხედრო ძალების, ცვლილების შედეგი. ვითარება ნამდვილად რთულია, და შეიცავს მკვეთრი ესკალაციის ნიშნებს.
მოგეხსენებათ შეთანხმება რომელიც 44 დღიანი ომის შედეგად 2020 წელს დაიდო სომხეთი, აზერბაიჯანის და რუსეთს შორის. ორივე, სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ამტკიცებენ რომ ეს შეთანხმება არ სრულდება. ამას ემატება სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებული პრობლემები, და ორ ქვეყანას შორის საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი.
იქმნება შთაბეჭდილება რომ მხარეები ცდილობენ ვითარებაზე ზეგავლენა ყველა მიმართულებით მოახდინონ, რათა სამომავლოდ უკეთესი პოზიციებიდან ესაუბრონ მოწინააღმდეგეს. ეს იწვევს დაძაბულობას, რაც დრო და დრო შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზრდება ხოლმე.
იქმნება შთაბეჭდილება რომ მხარეები ცდილობენ ვითარებაზე ზეგავლენა ყველა მიმართულებით მოახდინონ, რათა სამომავლოდ უკეთესი პოზიციებიდან ესაუბრონ მოწინააღმდეგეს. ეს იწვევს დაძაბულობას, რაც დრო და დრო შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზრდება ხოლმე
ასე, აზერბაიჯანის მტკიცებით, სომხეთის შეიარაღებული ძალები, და მათი კუთვნილი ტექნიკა არ არის გაყვანილი სომხების მიერ კონტროლირებადი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან. გარდა ამისა ბაქოდან ისმის უკმაყოფილება ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომლის გადასაჭრელად ერევანი, როგორც ჩანს, მზად არ არის.
ამავდროულად ერევანი მიუთითებს ლაჩინის გზის გადაკეტვის პრობლემაზე და ამ კონტექსტში მიუთითებს პრობლემებს რომელიც აქვს ყარაბაღის სომხურ მოსახლეობას გადაადგილების და მომარაგების თვალსაზრისით. საინტერესოა რომ ორივე მხარის მტკიცებით, რუსეთის პასიური პოზიციის გამო, ბევრი საკითხი რჩება გადაუჭრელი.
საინტერესოა რომ ორივე მხარის მტკიცებით, რუსეთის პასიური პოზიციის გამო, ბევრი საკითხი რჩება გადაუჭრელი
მაგრამ, სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნულ ვითარებაში, სულ უფრო აქტიურად გამოჩნდა ირანის ფაქტორი. ეს გამოიხატება ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯარის კონცენტრაციით მის ჩრდილოეთ პროვინციებში. აგრეთვე გარკვეულ რიტორიკაზე, რომელიც აზერბაიჯანის საწინააღმდეგოდ არის მიმართული და ცალსახად მხარდამჭერია სომხეთის მიმართ.
გარდა ამისა, აზერბაიჯანის ოფიციალური წყაროებიდან ვიგებთ, რომ შესაძლოა ირანი სამხედრო თვალსაზრისითაც ეხმარებოდეს სომხურ მხარეს, რაც ბუნებრივია აზერბაიჯანში შეშფოთების გამოხატვის საგანია. გარდა ამისა ცნობილი ხდება რომ სომხეთს დაწყებული აქვს იარაღის შესყიდვები ინდოეთიდან და ლოგისტიკური ხაზები ირანის ტერიტორიაზე გადის.
აზერბაიჯანის ოფიციალური წყაროებიდან ვიგებთ, რომ შესაძლოა ირანი სამხედრო თვალსაზრისითაც ეხმარებოდეს სომხურ მხარეს, რაც ბუნებრივია აზერბაიჯანში შეშფოთების გამოხატვის საგანია. გარდა ამისა ცნობილი ხდება რომ სომხეთს დაწყებული აქვს იარაღის შესყიდვები ინდოეთიდან და ლოგისტიკური ხაზები ირანის ტერიტორიაზე გადის
ამავდროულად ერევანი ცდილობს მოახდინოს დივერსიფიკაცია თავისი საერთაშორისო ძალისხმევის. ამ თვალსაზრისით ფაშინიანის მთავრობა საკმაოდ შედეგიანად დაამყარა ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, და შედეგად მიიღო დამკვირვებელთა მისია აზერბაიჯანთან საზღვარზე.
თუმცა, არსებობს დიდი კითხვის ნიშნები, რადგან ხსენებული დივერსიფიკაცია, რთულ და ზოგ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავ კონსტრუქციას შეიცავს. აქ იგულისხმება სამი ცალკე აღებული ვექტორი, რუსეთი, ირანი, დასავლეთი. ასეთი დივერსიფიკაცია, დღევანდელი საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე ძალზედ ძნელი ასამუშავებელია, რაც სომხეთის რთულ გეოსტრატეგიულ და პოლიტიკურ ვითარებაზე და არჩევანზე მიუთითებს.
აქ იგულისხმება სამი ცალკე აღებული ვექტორი, რუსეთი, ირანი, დასავლეთი. ასეთი დივერსიფიკაცია, დღევანდელი საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე ძალზედ ძნელი ასამუშავებელია, რაც სომხეთის რთულ გეოსტრატეგიულ და პოლიტიკურ ვითარებაზე და არჩევანზე მიუთითებს
რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას გააჩნია რესურსების ბაზა, კარგად და სტაბილურად დამყარებული ურთიერთობები ყველა მნიშვნელოვან მოთამაშესთან. აქედან გამომდინარე, ის მტკიცედ იცავს თავის პოზიციებს და თანმიმდევრულად აცხადებს პრიორიტეტებს როგორც საზღვრის ზოლთან ასევე თვით ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე, აგრეთვე ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე. უკიდურეს შეშფოთებას იწვევს აზერბაიჯანში ირანის აქტიურობა, რომელიც ბაქოს თქმით აზერბაიჯანის წინააღმდეგ არის მიმართული.
უკიდურეს შეშფოთებას იწვევს აზერბაიჯანში ირანის აქტიურობა, რომელიც ბაქოს თქმით აზერბაიჯანის წინააღმდეგ არის მიმართული
როგორც ზემოთ ჩამოვაყალიბეთ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის პრობლემების ნუსხა საკმაოდ დიდია, და გარე ფაქტორების გათვალისწინებით, და ზოგადად გლობალური უსაფრთხოების ტენდენციებიდან გამომდინარე, აღნიშნული დაძაბულობის ესკალაცია სავსებით რეალისტურად მიმაჩნია.
- გასულ კვირას აშშ-მ საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. ვხედავთ, რომ ეს თემა ჩვენში აქტიურად განიხილება.
ამ თემაზე ვნახეთ აშშ-ს წინააღმდეგ მოღერებული მუშტები ერთი მხრივ თავად მოსამართლეების, მათი თანამოაზრეებისა და გარკვეული პოლიტიკური წრეების, ხოლო მეორე მხრივ მთელი სახელისუფლებო გუნდის.
მოსამართლეების დასანქცირებით სავარაუდოდ რა გვითხრა ვაშინგტონმა? როგორ შეაფასებდით ამ თემაზე სახელისუფლებო გუნდის რეაქცია? და მთავარი - სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესი?
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია არა მარტო სასამართლო სისტემისთვის, არა მედ მთელი ქვეყნისთვის. ამას სათანადო გააზრება და სწორი დასკვნების გამოტანა სჭირდება.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ზედაპირზე ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, და ზოგადად დასავლური მოკავშირეები, ძალიან ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ცხადია რომ ამ დაკვირვების შედეგად მათ სავარაუდოდ გააჩნია დეტალური ინფორმაცია ჩვენში მიმდინარე პროცესებზე და ამ პროცესებში მონაწილე მთავარ მოქმედ პირებზე.
ჩვენ ყველას გვახსოვს უკმაყოფილება, გამოთქმული აშშ-ს წარმომადგენლების მხრიდან სასამართლო რეფორმის თაობაზე. ყოველივე ამან განაპირობა ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა სანქციების, თუნდაც ყველაზე მსუბუქი ხასიათის, დაწესების სახით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება, პარტნიორი ქვეყნის მიმართ, იოლი ვერ იქნებოდა.
ამერიკის შეერთებული შტატები, და ზოგადად დასავლური მოკავშირეები, ძალიან ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ცხადია რომ ამ დაკვირვების შედეგად მათ სავარაუდოდ გააჩნია დეტალური ინფორმაცია ჩვენში მიმდინარე პროცესებზე და ამ პროცესებში მონაწილე მთავარ მოქმედ პირებზე... თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება, პარტნიორი ქვეყნის მიმართ, იოლი ვერ იქნებოდა
ამ პროცესის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ორო გზით. ერთი, მჭიდრო თანამშრომლობით აშშ-თან და სხვა დასავლურ პარტნიორებთან ყველა საჭირბოროტო საკითხებისა და პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც ვითარების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.
მეორე განვითარების გზა გახლავთ, კონფრონტაციული, რის შედეგადაც უფრო მკაცრი ქმედებების მოლოდინში უნდა ვიყოთ, სხვადასხვა მიმართულებით, რაც კრიზისის გაღრმავებასა და გაურკვევლობას შეუწყობს ხელს.
ჩვენ გვჭირდება აშშ-თან და სხვა დასავლურ პარტნიორებთან თანამშრომლობა რაც ვითარების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს... კონფრონტაციული გზის შემთხვევაში უფრო მკაცრი ქმედებების მოლოდინში უნდა ვიყოთ, სხვადასხვა მიმართულებით, რაც კრიზისის გაღრმავებასა და გაურკვევლობას შეუწყობს ხელს
მოცემულ ვითარებაში უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება და მის ირგვლივ არსებულ გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობების ამაღლება. როგორც უკვე ვახსენე, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება, რეგიონში გარე ფაქტორების გაძლიერება, თან ისეთის, რომელიც საუკუნეების მანძილზე დავიწყებული გვქონდა, უკრაინაში მიმდინარე ომი, და მასთან დაკავშირებული დიდი ალბათობა სტრატეგიული და სამხედრო ბალანსისა და ახალი რეალიების ჩამოყალიბება, მიგვითითებს იმაზე, რომ საქართველოს არ აქვს ფუფუნება მარტო გაუმკლავდეს ამ პროცესებს.
ჩვენ გვჭირდება ძლიერი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო კავშირები დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოთა გაერთიანებასთან, რათა შევძლოთ ცვალებად სამყაროში თავის დამკვიდრება და ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი