მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კალიგრაფიის კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა ჩატარდა და გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული სამი მასწავლებელი და სამი მოსწავლე გამოვლინდა.
„მოსწავლეებიდან პირველი ადგილი თამარ ჩაფიჩაძეს, მეორე ადგილი მარიამ ესებუას, ხოლო მესამე ადგილი თეკლა მორჩაძეს ერგო.
პედაგოგებიდან პირველი ადგილი მაკა ბარდაველიძემ, მეორე ადგილი სოფიო ბოყოველმა და მესამე ადგილი ნატო დანგაძემ დაიმსახურა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა ნუგეშა გაგნიძემ საჯარო ლექცია თემაზე „გრიგოლ რობაქიძის ლირიკა“ წაიკითხა. ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოფენილი იყო ქუთაისელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი პირველი ქართული ბოდიფონტის ნიმუშები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ქალაქ ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ყოველწლიურად ჩატარებული კალიგრაფიის კონკურსით, მერიას სურს, ქართული ენის დაცვასა და პოპულარიზაციას ხელი შეუწყოს.
„ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ტრადიციულად, ატარებს კალიგრაფიის კონკურსს, რომელიც დედა ენის დღეს ეძღვნება. ჩვენმა პედაგოგებმა და მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს წლევანდელ კონკურსში და ულამაზესი ქართული ხელნაწერები შექმნეს. მათ შორის 6 საუკეთესო გამოვავლინეთ და დავაჯილდოვეთ. ამით გვინდა ხელი შევუწყოთ ქართული ენის დაცვას და მის პოპულარიზაციას“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.