სასამართლოს შიგნით ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ადამიანებს, ვის მიმართაც სოლიდარობაზე ვსაუბრობთ - აბსოლუტურად არადამაჯერებელია, რომ ვინმე ვინმეზე ზეწოლას იმ მიზნით ახორციელებს, რათა აშშ-ში ვიზიტისგან თავი შეიკავონ, - ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე სამი მოსამართლის მიერ აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე უარის თქმის თაობაზე დასმულ შეკითხვას.
სარჯველაძის თქმით, ნამდვილად არ არის გასაკვირი, თუკი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რომელიმე კონკრეტულ წევრს თავად მოსამართლეთა კორპუსში მხარდამჭერები და სოლიდარობის გამოხატვის მსურველები აღმოაჩნდება.
„სასამართლო ხელისუფლება კონსტიტუციის მიხედვით დამოუკიდებელი რომ არის, მთავარი პრინციპი რაც მას აქვს, არის ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა არჩევას მოსამართლეთა კონფერენცია ახორციელებს, რომელიც მოსამართლეთა თვითმმართველობის სტრუქტურაა. მოსამართლეები ირჩევენ ადამიანებს, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განწესდებიან. აქედან გამომდინარე, ალბათ, ხვდებით, თავად სასამართლოს კორპუსის შიგნით როგორი შეიძლება იყოს ცალკეულ პირთა მხარდაჭერა, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არიან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძე კვლავ აღნიშნავს, რომ არ არის ცხადი და გასაგები, თუ რომელ კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო აშშ-მ მოსამართლეთა სანქცირების გადაწყვეტილება. როგორც მან აღნიშნა, არ ჰგონია, რომ მოსამართლეთა სანქცირება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებას ეხმარება.
„სასამართლო ხელისუფლების განვითარების პერსპექტივები არსებობს. ამას ყველა ხედავს, თუმცა ყველაფერს სწორი შეფასება სჭირდება. ჩვენი ოპონენტებიდან ვინმე შეგიმჩნევიათ, ვინც სასამართლოს რეფორმის ოთხ ტალღას დადებით კონტექსტში მოიხსენიებს? მე ასეთი ძალიან იშვიათად შემხვედრია, თუმცა ერთ-ერთი ვინც კონკურსში მონაწილეობდა, თქვა, რომ გვაქვს შესანიშნავი საკანონმდებლო ჩარჩო, მაგრამ ამას ვერც ერთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტს ვერ წამოაცდენინებ. ხელისუფლებამ ოთხი უმნიშვნელოვანესი და უსერიოზულესი რეფორმის ტალღა განახორციელა იმისთვის, რომ მართლმსაჯულება გაცილებით უფრო ხარისხიანი ყოფილიყო და გვაქვს კიდეც - თუკი 2012 წლამდე სასამართლო ხელისუფლება არ გვქონდა, რადგან ის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან იყო გადაზელილი, ეს ვითარება ოთხი ტალღის შედეგად თვისობრივად შეცვლილია. დღეს ჩვენ გვაქვს სასამართლო ხელისუფლება, რომელიც არის დამოუკიდებელი. მას შეიძლება აქვს გარკვეული ნაკლოვანება შიგნით, მაგრამ ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან დამოუკიდებელია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.