ცინიზმის მწვერვალია და ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, როდესაც დავით კეზერაშვილი, თურმე რაღაც წილებს გადასცემს კოლექტივს, მაგრამ ნაწილს მაინც იტოვებს, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
აღნიშნულით ის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნავს, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.
როგორც ამილახვარი განმარტავს, კეზერაშვილმა ქვეყნის სიამაყეს, ჯარს მოჰპარა ფული.
„ცინიზმის მწვერვალია და ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, როდესაც ის თურმე რაღაც წილებს გადასცემს კოლექტივს, მაგრამ ნაწილს მაინც იტოვებს. მან ჯერ გაძარცვა ქართული ჯარი და ამით აფინანსებდა სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ აქტივობას საქართველოში, ახლა კი წილებს იმიტომ იტოვებს, რომ გაძარცვული ევროპელი პენსიონერების ფული დააბრუნოს საქართველოში.
სამწუხარო რეალობა გვაქვს საქართველოში, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი მედიის დიდ ნაწილს და ოპოზიციური პარტიების დესტრუქციულ ნაწილს კეზერაშვილი აფინანსებს, რომელმაც თავის დროზე ქვეყნის სიამაყეს, ჯარს მოჰპარა ფული და ამით აფინანსებდა ყველაფერს.
ევროპელი პენსიონერები გაძარცვა და პარტიებს, ტელევიზიას ამით აფინანსებს. ეს არის ამ ადამიანის რეალური სახე. ვფიქრობ, საზოგადოება ნათლად ხედავს და გააკეთებს დასკვნებს, რომ ის ადამიანები, ვინც ფულს იღებენ კეზერაშვილისგან, იმ გზის გამგრძელებლები არიან, რომელსაც დიდი ხანია დაადგა დავით კეზერაშვილი“, - აღნიშნავს ამილახვარი.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ კი, სრულად გადასცემს დარჩენილ წილსაც.
როგორც კეზერაშვილი აცხადებს, ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, "დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართულ პოლიტიკაში".