ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ჯანდაცვის მინისტრს დახურულ ფორმატში უსმენენ

ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ჯანდაცვის მინისტრს დახურულ ფორმატში უსმენენ. მინისტრი კომიტეტზე "ლელოს" მოთხოვნის საფუძველზე მივიდა.

ზურაბ აზარაშვილი კომიტეტზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა საკითხთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხებს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აჯობებს საკითხი დახურულ რეჟიმში მოისმინონ.

სხდომას ესწრებიან მშობლებიც, რომლებიც რამდენიმე თვეა მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აქციებს მართავენ.

"ჯანდაცვის მინისტრს ოთხი თვეა ქუჩაში ვთხოვდით შეხვედრას და არანაირი რეაგირება არ ჰქონდა. ვითხოვთ მედიკამენტის შემოტანას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი შვილების დაფინანსებას. არ გვაქვს დასაკარგი დრო, არ გვაქვს ზღაპრების მოსმენის დრო. მოსულები ვართ არგუმენტებით, ყველა მის კითხვას პასუხს გავცემთ და ანალოგიურად ისიც მზად იყოს კითხვებზე გვიპასუხოს. საპროტესტო აქციები გრძელდება. წუხელაც ვიყავით კანცელარიასთან მისული, ვითხოვდით პრემიერთან შეხვედრას. ევროპის მოწინავე ქვეყნებში იღებენ ბავშვები ამ მედიკამენტს, ანალოგიურად ჩვენს შვილებსაც აქვთ ჯანმრთელობის უფლება, ეკუთვნით და ვალდებულია სახელმწიფო ამ ბავშვებს დაუფინანსოს ერთადერთი, სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტი. ბევრი დრო დავკარგეთ, არიან ბავშვები ვისაც ზრდის ზონები მალე ეხურებათ და ამ მედიკამენტს აღარ ექნება ეფექტურობა. ვითხოვთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობის უფლებას, რომელიც ირღვევა,"- განაცხადა ქეთევან ბეგიაშვილმა.

"ჯანდაცვის სამინისტროს წინ, თვეების განმავლობაში, მათ შორის, წინა საახალწლოდ შეკრებილი მშობლები უშედეგოდ ითხოვდნენ შეხვედრას მინისტრთან და მათი შვილებისთვის აუცილებელი მედიკამენტის შემოტანას.

მინისტრთან მათი შეხვედრა თვეების განმავლობაში ვერ მოხერხდა, "ლელოს" საპარლამენტო გუნდმა გამოვიყენეთ საპარლამენტო ბერკეტი, დავიბარეთ მინისტრი კომიტეტზე და მშობლების ჩართულობით იქნება საკითხის განხილვა. ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა მინისტრი დაინტერესებული პირების ჩართულობით იქნა მოწვეული და გასცემს პასუხებს კითხვებს, რომლებიც მათ აქვთ," - განაცხადა "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მშობლები რამდენიმე თვეა აქციებს მართავენ და სახელმწიფოსგან სამკურნალო პრეპარატის ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა