ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ხმაური 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაშვილმა ბიუჯეტის შესრულება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის წარუმატებელია. მისი თქმით, გასული წლის ბიუჯეტის მხოლოდ 72 პროცენტია შესრულებული, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილი 60 პროცენტით იქნა ათვისებული, მაშინ, როცა ადმინისტრაციული ხარჯები ანუ ხელფასების ნაწილი მუნიციპალიტეტმა 92 პროცენტით აითვისა.
უმრავლესობამ ნიკოლაშვილის აღნიშნულ განცხადებას სიცრუე უწოდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატების თქმით, ოპოზიცია საკრებულოს მუშაობაში, ბიუჯეტის დაგეგმვასა და მასთან დაკავშირებულ განხილვებში მონაწილეობას არ იღებს და მუდამ კრიტიკით არის დაკავებული. მათივე თქმით, ისინი მხოლოდ დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავენ.