„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრის ჩავარდნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მართლმსაჯულებაში არის „კლანი“ და მას „ქართული ოცნება“ მფარველობს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ხელისუფლებას ეშინია საგამოძიებო კომისიის შექმნის, რადგან იცის, ამით „კლანი“ ჩამოეშლება.
„ფაქტობრივად, ჩვენ მივიღეთ ორმაგი აღიარება და დადასტურება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მართლმსაჯულებაში არის „კლანი“ და მფარველობენ ისინი. ყველა მათი წინა საუბარი, მტკიცებულებები წარმოადგინეთ, არაფრის არ გვეშინიაო, ფარსი აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ მათ ეშინიათ საგამოძიებო კომისიის, რადგან იციან, ამით „კლანი“ ჩამოეშლებათ და გამომჟღავნდება, რომ მას თვითონ მფარველობენ. მათ ბევრი რამ შეიძლება თქვან, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. როცა ადამიანი თავს არიდებს მართლმსაჯულებას, ამ შემთხვევაში, მთავარი არის ის მექანიზმი, რომელიც კონსტიტუციით და კანონით არის გაწერილი“, - განაცხადა ვაშაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ის, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო დღესაც ვერ შედგა, სასამართლოში „კლანის“ არსებობაზე მიუთითებს.
„დადასტურდა და დამტკიცდა, რომ საქართველოში არის „კლანი“ და მას მფარველობს კობახიძე, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“. დადასტურდა, რომ აშშ-ს სანქციები იყო სწორი და ამ სანქციებს გაცილებით ფართო მოქმედების წრე ექნება, თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება იმიტომ, რომ აქ იმ 4 მოსამართლეზე კი არ იყო საუბარი, მთელ „კლანზეა“, სადაც ათობით ადამიანია ჩართული. ამის ეშინია „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიისთვის ბრძოლას ოპოზიცია ისევ გააგრძელებს.
„პარლამენტი და ოპოზიციონერობა, პარლამენტარობა არ ნიშნავს, რომ ყოველდღე ფიზიკურ ჩხუბში უნდა იყო ჩართული. როცა საჩხუბარია, ოპოზიცია კონკრეტული პოზიციების დაცვაზე უარს არ ამბობს, მაგრამ ახლა ცარიელი კედლების მტვრევას და სპეცრაზმთან მუშაობას არ მგონია, ის ეფექტი ჰქონდეს. ერთხელ რაც გაკეთდა, ნუ ჰგონია ხოლმე ყველას, რომ მეორედ, მესამედ, მეშვიდედ ისევ გამოვა, გვაცადეთ რა“,- განაცხადა ვაშაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მიზანი იყო სისტემის ბოლომდე გაშიშვლება და ამ 2 დღის მანძილზე ამ მიზანს მიაღწიეს.
„სისტემა შიშველია. ამ წინააღმდეგობით დადასტურებულია, რომ „კლანი“ არსებობს და მას „ქართული ოცნება“ მფარველობს. თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, კიდევ მეტ მტკიცებულებას წარვადგენთ“,-განაცხადა ვაშაძემ.
მისი შეფასებით, „დღეს პარლამენტი არის პარალიზებული“.
„ვერცერთ კანონს ვერ იღებს პარლამენტი. ვერცერთი მათთვის სასურველი კანონის კენჭისყრა ვერ ხდება. ფაქტობრივად, ოპოზიციამ, რომელიც უმცირესობაშია, შევძელით ის, რომ უპირატესობა აგვეღო“, - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი კვლავ არ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარა, ტაბლოზე მხოლოდ 52 დეპუტატი დაფიქსირდა. შედეგად კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა და მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა.