ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2023

ენმ-ში ყველაფერი ახალ არჩევნებამდე მიდის - ანალიტიკოსები ხაბეიშვილის გადადგომის ფორმალურ მიზეზს ასახელებენ

სამგზის ჩავარდნილი - როგორ დასრულდება საგამოძიებო კომისიის შექმნის ეპოპეა პარლამენტში

***

ენმ-ში ყველაფერი ახალ არჩევნებამდე მიდის - ანალიტიკოსები ხაბეიშვილის გადადგომის ფორმალურ მიზეზს ასახელებენ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება და პრაქტიკულად ორად გაყოფილ პარტიაში ერთმანეთის მიმართ ბრალდებებს უკვე საჯაროდაც აღარ ერიდებიან. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კრიზისის საბოლოო შედეგი ახალი შიდაპარტიული არჩევნები იქნება. „რეზონანსთან“ საუბრისას ისინი იმ ფორმალურ საფუძველსაც ასახელებენ, რაც ენმ-ში ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მიზეზად დასახელდება”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ენმ-ში ყველაფერი ახალ არჩევნებამდე მიდის - ანალიტიკოსები ხაბეიშვილის გადადგომის ფორმალურ მიზეზს ასახელებენ

„დაპირისპირების მორიგი ფაზა ენმ-ში 15 აპრილს დაიწყო. ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას მომხრეებმა ახალს პრეტენზიები ღიად წაუყენეს და დამოუკიდებელი პარტიული ოფისიც იქირავეს, რაც ხაბეიშვილის გუნდში სეპარატიზმად შეფასდა. მათ თანაგუნდელებს სუს-ის აგენტებიც კი უწოდეს. მელიას ფლანგი კი აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილმა და მისმა მომხრეებმა მათ ოფისის კარი ჩააუკეტეს და პოლიტიკური აქტიურობის უფლებას არ აძლევენ. ხაბეიშვილის ფლანგი, თავის მხრივ, ამ ბრალდებებს უარყოფს. ასევე ირკვევა, რომ პარტიაში თავად ლევან ხაბეიშვილის მდგომარეობაც არამყარია და თავმჯდომარის პოსტზე მისი ლეგიტიმაცია კითხვის ქვეშაა. ახალი თავმჯდომარის საქმიანობით უკამაყოფილო მელიას გუნდი ღიად მიანიშნებს, რომ ლევან ხაბეიშვილი საარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ვერ ასრულებს, რაც შესაძლოა, პარტიაში ახალი შიდა არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, პრეტენზია ხაბეიშვილთან დავით კეზერაშვილს გაუჩნდა. ამის მიზეზად უცხო ენის არცოდნა სახელდება, რის გამოც ხაბეიშვილი უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს. შესაბამისად, პარტიაში თანდათან მწიფდება ხაბეიშვილის ჩანაცვლება და თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატებად პეტრე ცისკარიშვილი და ლევან ბეჟაშვილი მოიაზრებიან“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ენმ-ის წევრი ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ახალი ოფისის გახსნის საჭიროება დადგა მას შემდეგ, რაც პარტიის ძალიან ბევრ წევრს „ოფისის კარი დაუკეტეს“. მისივე თქმით, „კარის დაკეტვა“ იმაში გამოიხატა, რომ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში პარტიის პოზიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, არც მასთან და არც მის მეგობრებთან კომუნიკაცია არ ყოფილა. „ორი თვეა გასული, რაც ახალი მენეჯმენტია მოსული პარტიის სათავეში. რაც კი პარტიას რაიმე გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ან თუნდაც დაფიქსირებული აქვს პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე, არცერთ შემთხვევაში ჩემთან და ჩემს მეგობრებთან კომუნიკაცია საერთოდ არ ყოფილა, რომ არათუ ჩვენი აზრი გაზიარებული არ ყოფილიყო, არამედ უბრალოდ ჩვენი მოსაზრება რომ მოსმენილიყო“, - აცხადებს დოლიძე. ენმ-ის მეორე ფლანგის წარმომადგენელი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი ამას ტყუილს უწოდებს. „არავის არავისთვის არ უთქვამს არჩევნების შემდეგ, რომ ვინმე უნდა წასულიყო ოფისიდან და იქ უნდა მიეტოვებინა სამუშაო, თუმცა, მეორე თუ მესამე დღეს, როდესაც დილით ოფისში მივედით, ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანები ყუთებში აწყობდნენ საკუთარ პირად ნივთებს და მიდიოდნენ ოფისიდან. რა თქმა უნდა, გვქონდა პირადი კომუნიკაცია და ვეუბნებოდით, რომ ეს მათთვის არავის არ უთქვამს, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ჩემთვის ძალიან ბევრმა ძვირფასმა ადამიანმა, ვისთანაც ერთად წლებია ბრძოლაში ვარ და წლებია ერთად მოვდივართ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომელშიც ბევრი განსხვავებული აზრია და დღესაც ასეა. არავინ არასდროს არ დევნიდა და არც ახლა დევნის განსხვავებულ აზრს. ის, რომ ვინმესთვის კარები ჩაიკეტა, ეს არის ტყუილი, არცერთ ოფისზე საკეტი არ შეგვიცვლია და არც დაკეტილა არცერთი ოფისი“, - აცხადებს ბოტკოველი“, - განაგრძობს გამოცემა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს დაპირისპირება მოსალოდნელი იყო, რადგან სხვადასხვა ჯგუფები ენმ-ში დიდხანს მშვიდად პოლიტიკურ თანაცხოვრებას ვერ შეძლებდნენ. მისივე შეფასებით, ნიკა მელიას ტაქტიკა - არ დატოვოს პარტია - სწორია, რადგან ახალი პარტიის შექმნის შემთხვევაში მათი შანსები დიდი არ არის. „ნაციოანლურ მოძრაობაში“ ეს სიტუაცია არ მგონია ვინმესთვის გასაკვირი იყოს, რადგან, ფაქტიურად, პარტიაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ჯგუფია. როოგრც ჩანს, კეზერაშვილი და მერაბიშვილი, ლევან ხაბეიშვილის დახმარებით, ნიკა მელიას თავის მომხრეებთან ერთად პარტიიდან გაგდებას უპირებენ. მათ პარტიაში ყველანაირი აქტიურობა აქვთ შეზღუდული. ახლა კი რეგიონებში ცდილობს საკუთარი გავლენების გაძლიერებას. „მელიამ კარგად იცის, რომ მისი ცალკე გასვლის და ახალი პარტიის შემქნის შემთხვევაში პოლიტიკურად შანსები ძალიან მცირე აქვს. უბრალოდ გაქრება და იმდენივე რეიტინგი ექნება, რაც სხვა პატარა პარტიებს აქვთ. ამიტომ ითმენს და მომენტს ელოდება. „არ არის გამორიცხული თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ლევან ხაბეიშვილი თავმჯდომარე დიდხანს რომ ვერ იქნებოდა, ამას ყველა კარგად ხვდებოდა. როგორც ჩანს, კეზერაშვილი და მერაბიშვილი ფიქრობდნენ, რომ ამ სატყუარის შემოგდებით - ვითომ ხაბეიშვილი მიშას ყველაფრის ფასად დაიხსნიდა - ნიკა მელიას მოიშორებდნენ. მათი მთავარი მიზანი ეს იყო და შეძლეს კიდეც. „ახლა ხაბეიშვილს შარს ზუსტად იმაზე მოუდებენ, რასაც პარტიის მხარდამჭერებს ჰპირდებოდა. ამბობდა - ქაჯეთის ციხესაც კი ავიღებ და მიშას დავიხსნიო. ეს რომ დიდი ბლეფი იყო, ხომ ყველამ იცოდა... „ახლა ხაბეიშვილი კეზერაშვილსაც აღარ აწყობს. მას უკვე იმ დონის ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციას შეძლებს და კეზერაშვილს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ისე წარმოაჩენს. უკვე სჭირდება ადამიანი, ვინც მას პოლიტიკოსად „გაათეთრებს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“, - დასძენს გამოცემა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილი გარდამავალი ფიგურაა, ახლა კი მისი თავჯდომარედ ყოფნა პირიქით, პარტიის რეიტინგს დაბლა სწევს. საყვარელიძეც ფიქრობს, რომ მას ძალინ მალე შეცვლიან. „ლევან ხაბეიშვილის თავიდან მოშორება საერთოდ არ გაუჭირდებათ. უბრალოდ იმ დროს ფიქრობდნენ, რომ ის ყველაზე კარგი კანდიდტურა იყო. ნიკა მელიას წინააღმდეგ წასვლა ლევან ხაბეიშვილმა იკადრა და მისი დახმარებით ის მოიშორეს. ახლა უკვე ხაბეიშვილის მიმართ გულგატეხილობა თავად პარტიის შიგნით და მის გარეთ გაჩნდა. „ხაბეიშვილს რამოდენიმე კაცი ჰყავს მხოლოდ შემოკრებილი და იმის 10%-საც ვერ აკეთებს, რასაც ნიკა მელია აკეთებდა. მელიას ციხეში დაკავებას მთელი დასავლეთი ეხმაურებოდა და მისი ცნობადობა უფრო მაღალი იყო. ახლა კი პარტიაში იმდენად სავალალო სიტუაციაა, რომ ფაქტიურად ორად გაიყო. ეს არის უკვე ოპოზიციაში ოპოზიციის შექმნა, რომელიც პარტიაზეც აისახება. მათ მხარდამჭერების დიდი ნაწილი უკვე დაკარგეს და მხოლოდ სააკაშვილის ერთგული ამომრჩეველი ჰყავთ. ხაბეიშვილიც და მელიაც სწორედ ამ ნარჩენების შენარჩუნებისთვის იბრძვიან, თუ რომელი მოახერხებს მათ გადაბირებას“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

სამგზის ჩავარდნილი - როგორ დასრულდება საგამოძიებო კომისიის შექმნის ეპოპეა პარლამენტში

„პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი უკვე მესამედ არ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რეგისტრაცია სამშაბათსაც არ გაიარა და ტაბლოზე მხოლოდ 52 ხმა დაფიქსირდა. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ეს პროცესი გაჭიანურდება და ახლო მომავალში კვლავ იქნება კომისიის შექმნის მცდელობები. შესაბამისად, ოპოზიცია ეცდება დასავლელი პარტნიორების დახმარებით ზეწოლა მოახდინოს „ოცნებაზე" და კომისიის შექმნა აიძულოს, ხოლო მმართველი პარტია კი დაელოდება მომენტს, როდესაც ოპოზიცია ვეღარ შეძლებს კომისიის შექმნისათვის საჭირო 50 ხმის მობილიზებას“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სამგზის ჩავარდნილი - როგორ დასრულდება საგამოძიებო კომისიის შექმნის ეპოპეა პარლამენტში

„პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი არც 18 და 19 აპრილს შედგა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრის წინ არც მაშინ გაიარა. 18 აპრილს მხოლოდ 51 დეპუტატი დარეგისტრირდა და 19 აპრილს - 52. სამშაბათს დღის განმავლობაში პარლამენტში კეთდებოდა განცხადებები როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან. ოპოზიცია ხელისუფლების ქმედებას ევროპული მისწრაფების საბოტაჟად აფასებს. ხოლო მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნით სურს ის მიღწევები და რეფორმები დააზიანოს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად ხორციელდება. „ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე. რა თქმა უნდა, დაცული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი ჩვენი მხრიდან. შესაბამისად, დღესაც, ბუნებრივია, არ გავივლით რეგისტრაციას", - აცხადებდა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რეგისტრაციის წინ“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამ პროცესის ახლო მომავალში დასრულებას არ მოელის იმის გათვალისწინებით, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს სურვილია და მისი დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება დადგეს ხელისუფლების დელეგიტიმაციის საკითხი. „რამდენ ხანს გაგრძელდება ამას ვერ გეტყვით. სადამდეც ეყოფა ოპოზიციას მოთმინების და გამძლეობის რესურსი, მანამდე დააყენებს ამ საკითხს. მით უმეტეს, რომ დღეს ფაქტიურად გაირკვა, რომ აშშ-ის საელჩოც არის გარკვეულწილად ყველაფერში ჩართული. მისი გარკვეული კურატორობით ხდება ეს ამბავი, თორემ არასდროს ოპოზიცია ასეთი სოლიდარული და ერთმანეთთან მოთანამშრომლე ჩვენ არ გვინახავს. „ამერიკის ელჩის განცხადებების შინაარსიდან და პათოსიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ეს საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას და საგამოძიებო კომისია რომ შეიქმნება, ამას მოჰყვება ის ნაბიჯები, რასაც მათი დათქმით უნდა მოჰყვეს ხელისუფლების დელიგიტიმაცია - რომ სასამართლო სისტემაში ასეთი პრობლემებია და დაიბარებენ გამოკითხვაზე სხვადასსხვა მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიტიკოსებს და ამაზე აეწყობა პოლიტიკური ცხოვრება. ეს, რა თქმა უნდა, არანაირად არ აწყობს „ქართულ ოცნებას", რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლებისთვის გაუთვალისწინებელი შედეგები", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ“, - განაგრძობს გამოცემა.

„ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" საგამოძიებო კომისიის შექმნას თვითონ ჩააგდებს, როცა ოპოზიცია პარლამენტში სრულად არ იქნება წარმოდგენილი. „ქართული ოცნება" აკონტროლებს ყველაფერს - სასამართლოს, პარლამენტს, პროკურატურას, ბიუჯეტს და უცებ ასეთ ისტერიკაში ვარდება და ხელს უშლის გამოძიებას. „რა არის „ქართული ოცნების" ამოცანა? დაღალონ ოპოზიცია, ან ჩაუსაფრდნენ - როდესაც ოპოზიციის რაღაც ნაწილი არ იქნება საქართველოში და დარწმუნებული იქნებიან, რომ ისინი არ არიან პარლამენტის სხდომაზე, ჩაატარონ უცებ რეგისტრაცია, უკვე თვითონ დააყენონ კომისიის შექმნის საკითხი და ჩააგდონ. ერთადერთი სამართლებრივი ლოგიკური გამოსავალი არის ეს, მათი გადასახედიდან", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა“, - წერს სტატიის ავტორი.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ