ქართულ ავიაბაზარზე ოპერირებას მალე ახალი მოთამაშე Gryphon AIR CARGO იწყებს

რამდენიმე კვირაში, ქართულ ავიაბაზარს ახალი მოთამაშე, Gryphon AIR CARGO შეემატება. კომპანია მიზნად ისახავს, საქართველო მსოფლიო ბაზარზე სატვირთო ავიაციის ჰაბად აქციოს და ამით ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას ხელი შეუწყოს.

Gryphon AIR CARGO-ს უკლებლივ ყველა მეწილე საქართველოს მოქალაქეა. პირველადი ინვესტიცია 10 მილიონ დოლარსა შეადგენს, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ბაზის ბანკსაც მიუძღვის. კომპანია 2022 წელს დარეგისტრირდა და მისი პირველი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში რამდენიმე დღეში დაეშვება.

როგორც Gryphon AIR CARGO-ს დირექტორი, გიორგი მარრი აცხადებს, სტარტაპის წამოწყების მთავარი მიზეზი ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა გახდა. საქართველო ერთმანეთთან დააკავშირებს ცენტრალურ აზიას, ახლო აღმოსავლეთს, აფრიკისა და ევროპის ქვეყნებს. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ავიაგადაზიდვების ჰაბად ქცევის პერსპექტივა აქვს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და ხელისუფლების მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაა. როგორც ცნობილია, დოკუმენტი საავიაციო ნაწილსაც მოიცავს და მისი ხელმოწერის შედეგად, საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს ევროპის ბაზარზე ოპერირება დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ.

„ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველოს ავია უსაფრთხოების კანონმდებლობა ევროკავშირის რეგულაციებს დაუახლოვდა. ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა ავიაკომპანიებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში სულ რამდენიმე ქვეყანას აქვს ეს შესაძლებლობა. მათთან შედარებით კი საქართველოს ადგილმდებარეობა უპირატესია. ეს ქვეყანა გეოგრაფიულად აერთიანებს ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებს, ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ აზიას, ანუ ინდოეთსა და პაკისტანს, ასევე ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპას. სწორედ ამის გამო, როდესაც სხვადასხვა ავიაკომპანიასთან თვითმფრინავის შეძენაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, მათგანაც იგრძნობოდა ინტერესი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ერთმანეთთან ბევრი რეგიონი დააკავშიროს და აუცილებელია, აქ მსხვილი ავია გადამზიდავი ოპერირებდეს,“ - აცხადებს Gryphon AIR CARGO-ს დირექტორი, გიორგი მარრი.

ბოინგ 737-ს, რომელიც Gryphon AIR CARGO-მ ბრიტანული კომპანია World Star Aviation-ისგან შეიძინა, 16 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მისი ტვირთამწეობა და ფრენის მანძილი რეგიონული გადაზიდვებისათვის იდეალურია. ამ ეტაპზე, თვითმფრინავი ტექნიკურ შემოწმებას გადის. პროცესი დასრულების ფაზაშია. შემდეგი ეტაპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ოპერირების ლიცენზიის მიღებაა. Gryphon AIR CARGO-ში ვარაუდობენ, რომ ლიცენზიას მაისის დასაწყისში მიიღებენ და ფრენების განხორციელებასაც მაისშივე შეძლებენ.

ლიცენზიის მიღების შემდეგ, Gryphon AIR CARGO გაფართოვებას აპირებს. იგეგმება დამატებით ორი თვითმფრინავის ლიზინგით აღება. ასევე, სამომავლო გეგმებშია სასაწყობო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური მიმართულების განვითარებაც.

საქართველოში სატვირთო ავიაციის განვითარება მნიშვნელოვანია სხვა მიმართულებების წინსვლისთვისაც. მაგალითად, Gryphon AIR CARGO-ს მომსახურება, უპირველესად, ისეთი კომპანიებისა თუ მეწარმეებისთვის იქნება ხელსაყრელი, რომელთაც თავიანთი პროდუქცია ექსპორტზე გააქვთ. კომპანია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ექსპორტის ასოციაციასა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე მწარმოებლებთან. Gryphon AIR CARGO-ში ამბობენ, რომ მათთვის მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს უზრუნველყოფენ და დღეს არსებულ პრობლემებსაც მოუგვარებენ.

ამ დროის მონაცემებით, Gryphon AIR CARGO-ს უკვე 30-მდე თანამშრომელი ჰყავს. კომპანიის სამომავლო გეგმების გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში თანამშრომლების დამატება აუცილებელი იქნება. სწორედ ამიტომ, Gryphon AIR CARGO-ში შეიმუშავეს სამწლიანი გეგმაც. გეგმის მიხედვით, კომპანია მფრინავებსა და ტექნიკურ პერსონალს გადაამზადებს და დაასაქმებს კიდეც.

(R)

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა