აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭვანაში რამაზან ბაირამის ლოცვას დაესწრნენ და მორწმუნეებს საღვთო დღესასწაული მიულოცეს.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს რამაზან ბაირამს, ერთ-ერთ გამორჩეულ საღვთო დღესასწაულს ვულოცავ. ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას,“ - აღნიშნა დავით გაბაიძემ.
ასევე, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მუსლიმანური სამყაროს დღესასწაული მორწმუნეებს ბათუმის ორთაჯამეში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ მიულოცა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს წევრი, მეჩეთში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან და რეგიონის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
„რამაზან ბაირამი, როგორც წესი, 30-დღიანი მარხვის დასრულების შემდეგ აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ეხმარებიან შეჭირვებულებს და პატივს მიაგებენ გარდაცვლილებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.