ქვემო ქართლის რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად ახალი, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ისტორიაში პირველად, სწორედ ჩვენი მმართველობისას პერიოდში შენდება თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი. სპორტკომპლექსის არსებობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და სპორტის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია. ამ პროექტისთვის ჯამში 2 500 000 ლარი დაიხარჯება და ჩვენი მოქალაქეები სულ მალე შეძლებენ ახალი სპორტკომპლექსით სარგებლობას”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად სამუშაოები მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, მერის მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დაათვალიერეს.
„ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყობა 250 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა; პირველი დარბაზი დაეთმობა: კალათბურთს, ფრენბურთისა და ხელბურთის სივრცეებს; მეორე დარბაზი დაეთმობა: კრივის, ჭიდაობის, კარატისა და სხვა სპორტულ აქტივობების სივრცეებს; წესრიგდება ელექტროსისტემა; შენობა აღიჭურვება გათბობა-ვენტილაციის თანამედროვე სისტემით; შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის; მოხდება კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და ღირებულება, ჯამში 2 500 000 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.