ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის საქმე, არა სანქცირებულმა სასამართლომ, არამედ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უნდა განიხილოს - ეს შესაძლებლობას გააჩენს, რომ ახალგაზრდა მოქალაქეების პოლიტიკური მოტივებით დასჯა თავიდან ავიცილოთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ნონიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, იმ მუხლებზე, რომლითაც გრიგორიადისი და აკოფაშვილი არიან ბრალდებულები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება უნდა გაფართოვდეს, შემდეგ კი ეს უფლება მთელ სისხლის სამართლის კოდექსზე გავრცელდეს.
„ლაზარე გრიგორიადისთან ერთად ბრალდებულია თორნიკე აკოფაშვილი, რომელიც ორი წლის განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, შემდეგ უკრაინაში იბრძოდა და ლაზარეს მსგავსად, 8 მარტს აქციაზე დააკავეს. ხელისუფლება უარყოფს, რომ აკოფაშვილის და ლაზარე გრიგორიადისის საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია. თუ ხელისუფლება ამას უარყოფს, არაფერი უშლის ხელს, რომ კორუმპირებული მოსამართლეები, საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა ჩაანაცვლონ. ლაზარესა და თორნიკეს საქმე, ჩვენი აზრით, უნდა განიხილოს არა სანქცირებულმა სასამართლომ, არამედ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. ეს შესაძლებლობას გააჩენს, რომ ახალგაზრდა მოქალაქეების პოლიტიკური მოტივებით დასჯა თავიდან ავიცილოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ რა მუხლებითაც არიან ბრალდებულები - 353-ე პრიმა მუხლი (პოლიციელზე თავდასხმა) და 187-ე მუხლი (ნივთის დაზიანება საშიში საშუალებით) - ამ მუხლებზე უნდა გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და მანამდე, ლაზარე უნდა გათავისუფლდეს გირაოთი. იმ პირობებში, როდესაც ჩვენი მართლმსაჯულება ასეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარ პარტნიორს, აშშ-ს სანქცირებული ჰყავს კლანის მოსამართლეები, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ამ ხელისუფლებას დავამარცხებთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება მთელ სისხლის სამართლის კოდექსზე გავრცელდეს“, - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.