მარნეულის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გამწვანების და დასუფთავების აქცია მოეწყო.
მათივე ცნობით, გამწვანების აქციის ფარგლებში, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ მერიის შენობის მიმდებარედ ნერგები დარგეს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კამპანიის ფარგლებში, სოფელ თამარისის, შულავრისა და შაუმიანის საჯარო სკოლების ეზოებში დაირგო ნერგები.
„აქციის ფარგლებში, სოფელ თამარისის 9 აპრილის სკვერი, მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის წერეთლის მონაკვეთი, სოფელ შულავრის და სოფელ შაუმიანის საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა. დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. აღნიშნული კამპანიის მიზანს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა წარმოადგენს. საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.