მალხაზ პაქსაშვილის მეგობარი - გამორიცხულია, პაქსაშვილს ტერორისტულ ორგანიზაციასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს, ეს არის აბსურდი და შეთითხნილი ბრალდება - სპეცსამსახურების რაღაც დაკვეთაა, რომ აქედან მოეშორებინათ

ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურის, მალხაზ პაქსაშვილის მეგობრის ლევან დუიშვილის განცხადებით, გამორიცხულია, რომ პაქსაშვილს ტერორისტულ ორგანიზაციასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს.

როგორც დუიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მალხაზ პაქსაშვილი არა სირიაში, არამედ თურქეთში იმყოფებოდა და ამ დრომდე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ იყო.

„მალხაზ პაქსაშვილი არის ჩემი მეგობარი, იყო სოფელში ძალიან აქტიური და ხეობისთვის კეთილმოსურნე ადამიანი. ყველანაირად ცდილობდა, რომ რაღაც კარგი გაეკეთებინა თავისი სოფლისთვის. აქედან გამომდინარე, არანაირი ტერორისტული საქმიანობა მასთან შემხებლობაში არ ყოფილა. ამბობენ, რომ ბრალი ედება 2015 წელს ტერორისტულ საქმიანობაში. ეს არის აბსურდი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შეთითხნილი ბრალდება. ამას ვადასტურებ, ვამოწმებ, რომ ეს ასეა და ის არის გაწირული სხვა საქმეზე, არ ვიცი რაზე. თურქეთში იყო, მე როგორც ვიცი, და დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთში იყო და არანაირ სირიასთან მას შემხებლობა არ ჰქონია.

მე არ შემიმჩნევია, მას რომ კონტაქტი ჰქონოდა ვინმესთან ან რამესთან, ან ისეთი რაღაც გაეკეთებინა, რაც კანონმდებლობასთან ყოფილიყო წინააღმდეგობაში.

ეს ყველაფერი არის სპეცსამსახურების რაღაც დაკვეთა, რომ აქედან მოეშორებინათ, არ ვიცი რაზე. დარწმუნებული ვარ, ტოხოსაშვილებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და სუს-ს მტკიცებულება არ გააჩნია.

იქამდე არანაირი ძებნა არ ყოფილა, გადაადგილდებოდა როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე. ახმეტაში იყო დაბარებული, როგორც თქვა, დაკავებამდე 2 საათით ადრე. გაუგებარი თემა ჰქონდათ, რომ რაღაცაზე უნდა დაგკითხოთო. ნასამართლევიც არ ყოფილა და საერთოდ ძალოვნებთან რამე შემხებლობა რომ ჰქონოდა, მე არ მახსოვს“, - განაცხადა მალხაზ პაქსაშვილის მეგობარმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მალხაზ პაქსაშვილი საქართველოში 2015 წელს დაბრუნდა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მალხაზ პაქსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, ვინაიდან საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

„2013-2015 წლებში იგი ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში. დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. „ნაიბის“ პოზიციას იკავებდა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო კონტრტერორისტული სისტემის ერთ-ერთ აქტიურ წევრად და საიმედო პარტნიორად“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი