„ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, თითქოს ბათუმის მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, უხარისხობის გამო, ხიდის კონსტრუქცია დაზიანდა და დაიშალა, არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ მაყურებლის შეცდომაში შეყვანას, - ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სიუჟეტში მოტანილი არცერთი ფაქტი არ ყოფილა გადამოწმებული საავტომობილო გზების დეპარტამენტთან.
„გვსურს გამოვეხმაუროთ „ტელეკომპანია პირველის“ მორიგ ტყუილს, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით და საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და სწორი ინფორმაცია.
ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, თითქოს ბათუმის მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, უხარისხოობის გამო, ხიდის კონსტრუქცია დაზიანდა და დაიშალა, არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ მაყურებლის შეცდომაში შეყვანას.
2023 წლის 28 მარტს, 4 რკინაბეტონის კოჭის ბათუმიდან გრიგოლეთის მიმართულებით ტრანსპორტირებისას, დაბა მახინჯაურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სატვირთო ავტომობილიდან გადმოვარდა ერთი რკინაბეტონის კოჭი, რომელიც შემდგომ გადაიტანეს გზის გვერდულზე და იქვე დაშალეს ნაწილებად. შესაბამისად, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, არაფერი ჩანგრეულა და სამუშაოები მიმდინარეობს შეუფერხებლად.
ამჟამად, ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების 70%-ზე მეტი უკვე შესრულებულია. დასრულებულია 3 გვირაბის და 14 ხიდის მშენებლობა, დარჩენილ 2 გვირაბზე და ხიდებზე სამუშაოები გრძელდება. პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ფინანსდება.
ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში მოტანილი არცერთი ფაქტი არ ყოფილა გადამოწმებული საავტომობილო გზების დეპარტამენტთან. სიუჟეტი აგებულია ტყუილზე, დამახინჯებულ ფაქტებზე და ემსახურება საკუთარი მაყურებლის შეცდომაში შეყვანას სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.