ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2023

ვახტანგ ძაბირაძე - “პროცედურული ომი ანუ რატომ იცავს მოსამართლეებს საპარლამენტო უმრავლესობა?!”

დიდი შეტევის დაწყების პირველი ფაზა - მოახერხეს თუ არა უკრაინელებმა დნეპრის ფორსირება ხერსონში

მაია მწარიაშვილი - “დიდ ამბებს უნდა ველოდოთ, თუკი კომისია შეიქმნება”

დარჩა თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობის რესურსი ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე

ბაჩო დოლიძე - “ხაბეიშვილმა მთელი პარტიის მისაკუთრება მოინდომა”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “პროცედურული ომი ანუ რატომ იცავს მოსამართლეებს საპარლამენტო უმრავლესობა?!”

“რაც თავი მახსოვს, სასამართლო სისტემა ყველა ხელისუფლების აქილევსის ქუსლი იყო. აღმასრულებელი ხელისუფლებები მუდმივად ცდილობდნენ დაემორჩილებინათ როგორც პარლამენტი, ისე სასამართლო სისტემა. კარგად გვახსოვს, წინა ხელისუფლებების დროს რაც ტრიალებდა სასამართლო სისტემაში. “ქართულმა ოცნებამ” არათუ რამე შეცვალა, სრულად გადმოიბარა სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი სასამართლო სისტემა და კიდევ უფრო მეტად დაიმორჩილა. დღეს ეს სისტემა თითქოს ნაკლებად მონაწილეობს პოლიტიკაში, მაგრამ ასე მხოლოდ გარედან ჩანს, რეალურად კი შიგნით ძალიან დიდი პრობლემებია. სახელისუფლებო ვერტიკალი კვლავაც შენარჩუნებულია - აღმასრულებელ ხელისუფლებას, სამწუხაროდ, უსიტყვოდ ემორჩილება როგორც პარლამენტი, ისე სასამართლო. კომისიის შექმნა ხელისუფლებას უპირველესად იმიტომ აშინებს, რომ შეიძლება სააშკარაოზე გამოვიდეს ისეთი ფაქტები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს, მაგალითად, კლანის ქმედებებს გააშიშვლებს”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პროცედურული ომი ანუ რატომ იცავს მოსამართლეებს საპარლამენტო უმრავლესობა?!.

“ჩემი აზრით, “ქართული ოცნებისთვის” დიდწილად სწორედ ამიტომ არის მისი შექმნა მიუღებელი. ხელისუფლებამ იცის, ყოველთვის აქვს იმის გარანტია, რომ მოსამართლეების უმეტესობა უსიტყვოდ გაატარებს სახელისუფლებო ინტერესებს. ამიტომაც იცავენ მათ ასეთი გააფთრებით. გარდა ამისა, ავტორიტარული რეჟიმები უკან დახევასა და დათმობაში ყოველთვის დიდ საფრთხეს ხედავენ. ცხადად ჩანს, რომ 7-8 მარტის ამბები მმართველმა გუნდმა ვერ მოინელა. ფიქრობენ, რომ ამ მოვლენებით და უკან დახევით დიდი დარტყმა მიიღეს. ხედავენ, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი ძალიან შეირყა და მისი ეროზია შიგნიდან დაიწყო. აი, ამ პროცესების უფრო გააქტიურების ეშინიათ. მათ კიდევ უფრო კარგად იციან, რა ხდება სახელისუფლებო შტოებს შორის, რა ბზარები გაჩნდა. დიდი ალბათობით, ბიუროკრატიის ნაწილი, რომელიც აქამდე დავალებებს უსიტყვოდ ასრულებდა, დღეს არცთუ ისე საიმედოა. თუ ხელისუფლება უარს იტყოდა მოსამართლეების დაცვაზე, მისი ჩამოშლა გაგრძელდებოდა. ამიტომ იძულებულია დაიცვას ყველა, რადგან ნებისმიერი კომპრომისი მას უკან დახევად ეთვლება არა მარტო ამომრჩევლის თვალში, არამედ შიდასახელისუფლებო სისტემაშიც. სახელისუფლებო სისტემაში კიდევ ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს, მათ შორის საზოგადოებრივი განწყობები, რაც აშკარად აღარ არის ხელისუფლების სასარგებლო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ჩემი აზრით, “ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ კომისიის შექმნა შიდა რღვევას უფრო გააძლიერებს და ეწინააღმდეგებიან როგორც შეუძლიათ. სხვათა შორის, თუ გაიხსენებთ, ხელისუფლებას მოსამართლეებმა კი არ სთხოვეს, პირდაპირ მოსთხოვეს, დაგვიცავითო... შეიძლება ითქვას, პრემიერს ლამის განკარგულება მისცეს, გამოდი და რამე თქვიო. საბოლოოდ “ქართული ოცნება” წავიდა იმაზე, რომ სადამდეც დასჭირდება, ჩაშალოს კენჭისყრა და დაელოდოს იმ დროს, როდესაც დარბაზში არ იქნება 50 ოპოზიციონერი დეპუტატი, რის შემდეგაც შეძლებს საკითხის ჩაგდებას. ჩემი აზრით, დღეს ოპოზიციას ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეუძლია გააკეთოს, ის არის, რომ სასესიო პერიოდში მუდმივად იყოს დარბაზში 50 ოპოზიციონერი დეპუტატი. რასაც ახლა სახელისუფლებო გუნდი აკეთებს, ამას პარლამენტის ბოიკოტირება ჰქვია, რაც ნონსენსია, მაგრამ საქართველოში ყველაფერი მოსულა. არ ვიცი, ამას რამდენ ხანს გააგრძელებენ. ამის გამო შესაძლოა საპარლამენტო კრიზისამდე მივიდეს საქმე?” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ოპოზიციამ მაქსიმალურად დიდხანს უნდა ამყოფოს სახელისუფლებო პარტია ბოიკოტის რეჟიმში. რაც დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უკეთესი ოპოზიციისთვის და უარესი მმართველი ძალისთვის. სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაცილებით ქმედუნარიანი იქნება, ვიდრე მიტინგების გამართვა. ხელისუფლება ამგვარი მოქცევით ვითომ იცავს “დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას”, არადა, რეალურად სააკაშვილის ხელისუფლების ნარჩენ მოსამართლეებს აფარებს ხელს; იმ სააკაშვილის, რომელიც ახლა ციხეში ჰყავთ, რაც კიდევ ერთი აბსურდია. ამ ხელისუფლების გარიჟრაჟზე, როდესაც იმჟამინდელი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მურუსიძეს შეხვდა, განაცხადა, ეს მოსამართლეები რეჟიმის მსხვერპლი არიან, ახლა მათ შანსი უნდა მივცეთ და ერთბაშად კარგი მოსამართლეები გახდებიანო. ამან საზოგადოების ნაწილის პროტესტი კი გამოიწვია, მაგრამ არა მასშტაბური. იმჟამად “ქართული ოცნების” საყრდენი მოსახლეობა იყო. მისი აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა მმართველ ძალას, ამიტომაც იმჟამად კი ჩაითვალა, რომ სწორი ნაბიჯი არ იყო, მაგრამ ეს კატასტროფად არავინ მიიჩნია. დაახლოებით ასეთი განწყობა იყო, თუ ყველაფერი კარგად წავა, ჯანდაბას, მურუსიძეს როგორმე ავიტანთო. დღეს კარდინალურად განსხვავებული ვითარებაა - ივანიშვილს ჭარბი ნდობა კი არა, რა პოლიტიკური რეიტინგი შერჩა, არავინ იცის”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ძალიან დაბალია “ქართული ოცნების” რეიტინგიც. წინამორბედი ხელისუფლებების მსგავსად, “ქართული ოცნების” საყრდენადაც ძალოვანი სტრუქტურებია. როგორც წესი, ბოლო მომენტში, როდესაც ხელისუფლება კარგავს ნდობას, მისი საყრდენია ის ვერტიკალი, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ, და ძალოვანი სტრუქტურები. “ქართულმა ოცნებამ” ისე გაანიავა საზოგადოების მხარდაჭერა, რომ დღეს უარიც რომ თქვას მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფებაზე, ეს მის რეიტინგს ვეღარ გაზრდის, ამას მშვენივრად ხვდებიან, ამიტომაც საზოგადოების განწყობა აღარ აინტერესებთ. ახლა ცდილობენ მონოლითად აქციონ სახელისუფლებო ვერტიკალი, თავისი მოსამართლეებით, და დაიცვან ბოლომდე, რათა მისი რყევა როგორმე აიცილონ თავიდან. ჩვენი საზოგადოება ხომ პორტირების ჩემპიონია, საკმარისია დაინახოს, რომ “ოცნება” ძალაუფლებას კარგავს და ძალის ახალი ცენტრი ჩნდება, რომ პოლიტიკური ელიტის თუ ბიუროკრატიის დიდი ნაწილი ისკუპებს “ქართული ოცნებიდან”. მე შენ გეტყვი, ვინმეს ზნეობრივი პრინციპები შეაწუხებს. “ქართულ ოცნებას” ყველაზე მეტად ამის ეშინია”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“როგორც უკვე ვთქვით, ავტორიტარული სისტემა კომპრომისებს ვერ იტანს. ეს ეგრევე იწვევს მის ეროზიას. მაგრამ შევარდნაძის, სააკაშვილის თუ ამჟამინდელი ხელისუფლება მუდმივად უშვებდა და უშვებს ერთ შეცდომას - არაფრით არ სურთ გაიგონ, რომ ეროზიას მარტო კომპრომისები არ იწვევს. ამას იწვევს უპირველესად ის გარემო, რაც ქვეყანაშია. დღეს რომც არ იყოს მოსამართლეების თემა გააქტიურებული, საზოგადოების დიდი უმრავლესობა იმდენად ნეგატიურად არის განწყობილი მმართველი ძალის მიმართ, რომ შეუძლებელია ეს ამ ვერტიკალზე არ ახდენდეს გავლენას. აი, ამიტომაც ვერ ამბობს უარს ხელისუფლება მოსამართლეების დაცვასა და ამგვარ აბსურდულ, გაუგონარ ნაბიჯებზე - სახელისუფლებო ძალა ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს, პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და მის პარალიზებას იწვევს. უარესიც გვახსოვს, მაგალითად, იყო მომენტი ჩვენს უახლეს ისტორიაში, როდესაც ხელისუფლებამ საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა საზოგადოებას. მას მერე 30 წელიწადი გავიდა და ისევ ერთ ადგილს ვტკეპნით”, - ამბობს რესპონდენტი.

“რაღა დაგიმალოთ და, კეზერაშვილის ხელისუფლებასთან რაღაც ტიპის თანამშრომლობის ვერსიას ვერ გამოვრიცხავ. ეს ქოლცენტრების თემა ძალიან საინტერესოა. როგორც ირკვევა, ბოლო წლების განმავლობაში ისინი ფუნქციონირებდა საქართველოშიც და შეუძლებელია ეს ხელისუფლებას არ სცოდნოდა. თუ ამ თაღლითობასთან კავშირშია კეზერაშვილი, მაშინ რატომ დროულად არ გამოიძიეს საქმე? აქვე გეტყვით ბარემ - არა მგონია, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა შემთხვევით წამოსწიეს, ერთი მხრივ, მოსამართლეების თემა, ხოლო მეორე მხრივ კეზერაშვილის ძალიან სკანდალური საკითხი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი პარტნიორები ქართულ პოლიტიკაში თუ მასთან კავშირში მყოფი ოდიოზური ფიგურების გამოაშკარავებას იწყებენ. ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყო, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით. დარწმუნებული ვარ, ოდიოზური ფიგურების მხილება გაგრძელდება. დღეს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ჭარბად არიან ისეთი პირები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას სჩადიოდნენ დანაშაულს და დღეს უკვე “ქართული ოცნების” სახელით იმავეს აკეთებენ. ასე რომ, ნამდვილად გვჭირდება ავგიას თავლის დასუფთავება”, - თვლის ექსპერტი.

“რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ ვითარებას, ჩემი აზრით, მელია სწორად იქცევა, რომ ჯერჯერობით პარტიიდან არ მიდის. ხაბეიშვილი ძალიან უსუსურია როგორც თავმჯდომარე. მან ჯერ ვერც ერთი ნაბიჯი სწორად ვერ გადადგა. განსაკუთრებით, 9 აპრილის აქცია იყო მისთვის კატასტროფა, როდესაც საპროტესტოდ პარტიული აქტივიც კი არ გაჰყვა. მისი თავმჯდომარეობით პარტიის საქმე გაცილებით უკან წავიდა. ის დატოვა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფიგურამ და ლაპარაკია იმაზეც, რომ შეიძლება პარტია კიდევ გაიყოს. ხაბეიშვილს “ნაციონალური მოძრაობა” გაძლიერების ნაცვლად, დასუსტებისკენ მიჰყავს. ამას დაემატა კიდევ კეზერაშვილის ფაქტორი, რაც აუცილებლად იმუშავებს ნიკა მელიას სასარგებლოდ - ის კეზერაშვილს კარგა ხნით ადრე დაუპირისპირდა. თუ სტრასბურგის სასამართლომაც არ მიიღო სააკაშვილის საქმეზე ისეთი გადაწყვეტილება, როგორსაც ელიან, ეს კიდევ ერთი ფაქტორი გახდება, რომ პარტიაში რიგგარეშე არჩევნების საკითხი დადგეს. თუ რიგგარეშე არჩევნები არ გაიმართა და რაიმე არსებითად არ შეიცვალა, მაშინ ნამდვილად გაიყოფა “ნაციონალური მოძრაობა” - ანუ მელია იძულებული გახდება წავიდეს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მისი მხარდამჭერების ბაზა გაცილებით დიდი იქნება შემოდგომაზე, ვიდრე დღეს არის”, - დასძენს ძაბირაძე.

დიდი შეტევის დაწყების პირველი ფაზა - მოახერხეს თუ არა უკრაინელებმა დნეპრის ფორსირება ხერსონში

“ბოლო რამდენიმე დღეა სამხრეთის ფრონტზე უკრაინელების გააქტიურება შეინიშნება, ამერიკული “ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” იმასაც კი წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე შესვლა მოახერხეს, თუმცა, ამ საკითხზე ანალიტიკოსთა აზრი ორად იყოფა. ნაწილის ინფორმაციით, გარდა პარტიზანული მოქმედებებისა, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე უკრაინული დანაყოფების წარმატებით რაიმე გადასვლა ჯერ არ დასტურდება. ნაწილი კი ამბობს, რომ უკრაინელებმა ფორსირება და გარკვეულწილად პოზიციების გამყარება შეძლეს. იქ კი შეიარაღების მომარაგება და ძალების გადასროლა მიდის. სპეციალისტები ამბობენ, რომ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროს დაკავება და პლაცდარმის შექმნა, ფაქტიურად უკრაინის გამარჯვებისა და რუსეთის დამარცხების დასაწყისის ტოლფასია, რადგან ხერსონის ოლქის ამ სანაპიროს დაკავება ნიშნავს, რომ არტილერია ყირიმს სწვდება. ამასთან, ანალიტიკოსებს უჭირთ იმის თქმა დაიწყო თუ არა დაანონსებული დიდი შეტევა, რადგან არ გამორიცხავენ, რომ შეტევა იმ სტრატეგიით განხორციელდეს, რომ ყველა აქტიურ მიმართულებაზე დაწოლა გაძლიერდეს, რათა რუსების სუსტი წერტილის მოძენა გაადვილდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი შეტევის დაწყების პირველი ფაზა - მოახერხეს თუ არა უკრაინელებმა დნეპრის ფორსირება ხერსონში.

“ამერიკული “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ხერსონის ოლქის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე შესვლა მოახერხეს, ამას კი რუსი სამხედრო კორესპონდენტებისა და ბლოგერების მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები აჩვენებს. ფოტოების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს პოზიციები ოლეშკის ჩრდილოეთით დნეპრის ნაპირებზე (ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 7 კმ სამხრეთ-დასავლეთით) და დასახლებული პუნქტის ჩრდილოეთის გარეუბანში, ასევე, სოფელ დაჩის დასავლეთით (ხერსონიდან სამხრეთით 10 კმ) წინსვლა შეძლეს. “კიდევ ერთი სამხედრო საბრძოლო მოქმედებების რუკის თანახმად, რუსული ძალები, 22 აპრილის მდგომარეობით, არ აკონტროლებენ ზოგიერთ კუნძულს მდინარე დნიპროს დელტაში, ხერსონის სამხრეთ-დასავლეთით, რაც მიუთითებს უკრაინელების შესაძლო წინსვლაზე ამ კუნძულებზე”, - აცხადებენ ორგანიზაციაში. ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე უპირატესობის მოპოვება, შესაძლოა, რუსული ჯარების საარტილერიო ცეცხლის დაბალი ინტენსივობის გამო შეძლეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

მანამდე ზოგიერთი რუსი “სამხედრო კორესპონდენტი” აცხადებდა, რომ საარტილერიო ცეცხლის დაბალი ინტენსივობა რუსული სამხედრო სარდლობის გადაჭარბებული ცენტრალიზაციით იყო გამოწვეული. ამავდროულად, “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსული ძალები, შესაძლოა, პრიორიტეტს ანიჭებენ თავდაცვის შენარჩუნებას ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ოლეშკი და ნოვა კახოვკა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ უკრაინელებმა დნეპრის ფორსირება და პლაცდარმის შექმნა შეძლეს. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი “რეზონსნსთან” ამბობს, რომ ჯერჯერობით გარდა პარტიზანული მოქმედებებისა, დნეპრის სამხრეთით დანაყოფების წარმატებით რაიმე გადასვლა არ დასტურდება”, - დასძენს გამოცემა.

“როგორც ვიცი, უკრაინელებმა ხერსონის მეორე სანაპიროზე გარკვეულწილად პოზიციების გამყარება შეძლეს. ფორსირება მოხერხდა და იქ როგორც ვიცი, შეიარაღების მომარაგება და ძალების გადასროლა მიდის, რომ შემდგომში ხერსონის რეგიონი გათავისუფლდეს, მერე უკვე ყირიმისკენ, ან მელიტოპოლისკენ გაჭრან. თუ პლაცდარმი გაფართოვდება და განვითარდება, ეს საკმაოდ კარგი დასაწყისია. სტრატეგიული შეტევის დაწყებას რამდენიმე ფაზა აქვს - მოსამზადებელი, შეტევისთვის განსაზღვრული კონკრეტული სივრცისკენ გაჭრა და ამ სივრცის ათვისება, დაკავება და ოპერაციისთვის მზადება. სავარაუდოდ საწყის ფაზაში არიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ჯერ ეს დადასტურებული ფაქტი არაა. მარცხენა სანაპიროს დაკავება, ეს უკრაინის გამარჯვებას და რუსეთის დამარცხების დასაწყისს ნიშნავს. დღეს რუსებს საკმარისი ძალა არ ჰყავთ და უკრაინელები თავდაცვითი პოზიციებით უნდათ შეაკავონ, მაგრამ მათ აქ ბუნებრივი მოკავშირე ჰყავთ - მდინარე დნეპრი, რომლის ფორსირება ძნელია. შეუძლებელი არაფერია, მაგრამ, ასეთ პირობებში ფორსირებას ვერ შეძლებენ. თუკი უკრაინელები მდინარის მარცხენა სანაპიროზე გადავლენ და გამაგრდებიან, სამხრეთის მიმართულება ფაქიურად გათავისუფლებული იქნება. სამხრეთით ორი საკვანძო ქალაქია. ერთია ნოვა-კახოვკა, რომელიც ზღვიდან ზაპოროჟიემდე დნეპრზე ერთადერთი გადასასვლელია, რუსებმა ხერსონის ხიდი ააფეთქეს, მხოლოდ ნოვა-კახოვკის კაშხალია დარჩენილი. როცა უკრაინელები ნოვო-კახოვკას დაიკავებენ და ახალ ბრიგადებს გადაიყვანენ, სამხრეთი ფაქტიურად მოშიშვლებულია და ყირიმის ჩათვლით მისი დაცვა შეუძლებელი გახდება, რუსებს ტერიტორიების დატოვება და წასვლა მოუწევთ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“ჯერჯერობით გარდა პარტიზანული მოქმედებებისა, დანაყოფების წარმატებით რაიმე გადასვლა არ დასტურდება. ორი კვირის წინ ითქვა, რომ რუსებმა ნოვა-კახოვკა დატოვესო, მაგრამ როგორც ჩანს მერე კონსოლიდაცია მოახერხეს და უკან შევიდნენ. ნოვა-კახოვკა და მელიტოპოლი სამხრეთ მიმართულების ჩამკეტი ადგილებია, ამ ორი პუნქტის დაკავება, ფაქტიურად სამხრეთის გათავისუფლებას ნიშნავს."ნოვა-კახოვკაზე გადასვლა და უკრაინელების პლაცდარმის შექმნა, ნიშნავს, რომ სამხრეთის მიმართულება უკრაინელებს უკვე დაკავებული აქვთ და მხოლოდ დონბასი დარჩება. “ომის შემსწავლელ ინსტიტუტს” ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებ თვალს, დიდ სამუშაოს ასრულებენ, შესაძლოა ეს ინფორმაცია მათ აქვთ და სხვას არავის, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი დადასტურებული ინფორმაცია არ მინახავს. თუ უკრაინელები გადავიდნენ, კარგია, მაგრამ ჯარის გადაყვანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. გადასასვლელი ხიდი უნდა დაიკავონ”, - განაგრძობს ბერიძე.

“ბრძოლები არა მხოლოდ ბახმუტში, არამედ ყველგანაა, სადაც შეუძლიათ. უკრაინელები აბსოლუტურად ყველგან იბრძვიან, უბრალოდ ხერსონის მიმართულებაზე მათი შესაძლებლობები შეზღუდულია. სამხრეთში მხოლოდ წინააღმდეგობების ქვედანაყოფები არიან ჩარჩენილები და შეიძლება სპეცდანიშნულების რაზმები შესვლას ახერხებენ, მაგრამ რეგურალური არმიის ქვედანაყოფები და არტილერია ვერ მიდის, თორემ ხერსონის ოლქის ამ სანაპიროს დაკავება ნიშნავს, რომ არტილერია ყირიმს სწვდება. ერთია, რომ იქ სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები და წინააღმდეგობის ძალები მოქმედებენ, რომლებიც ოკუპანტებს მოსვენებას არ აძლევენ. სულ სხვა იქნება, როცა იქ “ლეოპარდ 2”-ებით, “ჰაიმარსებით” და მძიმე არტილერიით გადავლენ და უკვე სრულფასოვან შეტევას დაიწყებენ. ეს მომქანცველი, გამომფიტავი ომია, რომელიც არ გაჩერებულა”, - ამტკიცებს რესპონდენტი.“ახლა ძალიან ძნელია იმის თქმა დიდი შეტევა დაიწყო თუ არა. მე მაგალითად იმ მოსაზრებას ვუჭერ მხარს, რომ ყველა მიმართულებაზე შეტევა გააძლიერონ, რათა სადაც რუსებს სუსტი წერტილი აქვთ, გამოჩნდეს, ეს უფრო სწორი სტრატეგია იქნება, ვიდრე ერთი კონკრეტული მიმართულების არჩევა და იქ შეტევა. რუსების განდევნა ნელ-ნელა უნდა მოხდეს, კიევიდან, სუმიდნ, ხარკოვიდან, იზიუმიდან, ხერსონიდან გავიდნენ და ბრძოლა ვერ შეძლეს. ასე ნელ-ნელა შეიძლება რუსული სარდლობა ჩამოიშალოს და ერთიანად გამოიქცნენ. ალბათ აქ საკვანძო მომენტი ყირიმისთვის ბრძოლა იქნება, რადგან დონბასთან შედარებით ადვილი ასაღებია, რუსულ წინააღმდეგობას კი წელში გატეხავს და ყველანაირ ჟინს დაუკარგავს”, - დაასკვნის ლაშა ბერიძე.

მაია მწარიაშვილი - “დიდ ამბებს უნდა ველოდოთ, თუკი კომისია შეიქმნება”

“ხელისუფლება რომ გადაეფარებოდა კლანს, ოპოზიციასა და საზოგადოებას რომ არ მისცემდა საშუალებას, ჩაიხედონ კლანის საქმიანობაში, რომელთანაც ამდენი პრეტენზიაა, დარწმუნებული ვიყავი. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ ნათელი იყო, რომ ხელისუფლება არაფერს გააკეთებდა. არაერთხელ მითქვამს, კლანი მხოლოდ სასამართლოში არ მთავრდება, მათთან ერთად მოიაზრება საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლება. პარლამენტის საგამოძიებო კომისია ერთადერთი თეორიული შანსია, რაღაცები გამოაშკარავდეს. ცხადია, არც ერთი საგამოძიებო ინსტიტუტი არ არის მზად ამის გამოსაძიებლად. არადა, პრობლემა გაცილებით მწვავეა - სასამართლო ხელისუფლებაში კორუფციაზეა ლაპარაკი, არაერთ კანონდარღვევაზე, კლანურ მმართველობაზე, ამიტომაც საჭიროა პარლამენტის საგამოძიებო კომისია. სხვა ფორუმი ქვეყანაში არ არსებობს, სადაც შეიძლება ამ ტიპის პრობლემებზე საუბარი, სიმართლის გამოაშკარავება, მათი მხილება. ამდენი მექანიზმი სხვა არც ერთ ორგანოს არა აქვს. საგამოძიებო ორგანოებს არ ვგულისხმობ, რადგან ისინი უმოქმედო, სამართლებრივად უვარგისია”, - აცხადებს იურისტი, ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „დიდ ამბებს უნდა ველოდოთ, თუკი კომისია შეიქმნება“.

“არა მარტო ყოფილი მოსამართლეების ეშინიათ, საგამოძიებო კომისიას ბევრ რამეზე ექნება წვდომა, შეუძლია ყველა დაიბაროს, ვისაც ჩათვლის საჭიროდ: ყოფილ თუ მოქმედ მოსამართლეებს, ადვოკატებს, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს, აპარატის თანამშრომლებს... მაგალითად, შეუძლია ის პირი დაჰკითხოს, რომლისგანაც მიწა იყიდა კონკრეტულმა მოსამართლემ. ასე რომ, ბევრი რამ შეიძლება გამოაშკარავდეს. მხოლოდ რამდენიმე ადამიანის მოსმენის კი არ ეშინიათ, ბევრი სხვა რამისაც. გაიხსენეთ, პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კომისია რომ შეიქმნა, ხომ ნახეთ, რა კომპეტენციის, რა კატეგორიის ხალხია დასაქმებული ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებში. მაშინ მთელი სისტემა გამოაშკარავდა. სწორედ ამას გაურბიან. საპარლამენტო მუშაობა პარალიზებულია. უმრავლესობამ თვითდაშლა გამოაცხადა და პარლამენტის უმთავრეს ფუნქციაზე, საკანონმდებლო საქმიანობაზე უარი თქვა. წარმოიდგინეთ, როგორ ეშინიათ, რომ ეს ნაბიჯი გადადგეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია მწარიაშვილი.

“რაც საზოგადოებამ იცის ამ კლანზე, არაფერია იმასთან შედარებით, რაც თავად ხელისუფლებამ იცის. ამიტომაც იქცევიან არაადეკვატურად. ეს ერთგვარი ნერვების ომიც არის - მთავარია, ოპოზიციამ უკან არ დაიხიოს. ადვილი არ არის მუდმივად შეინარჩუნო 50-კაციანი შემადგენლობა. ხელისუფლება ჩასაფრებულია, ამ ზომამდეა მისული, უკვე კომიკური სიტუაციაა. ამიტომაც ოპოზიციამ პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს. ვნახოთ, რამდენ ხანს ექნებათ საპარლამენტო საქმიანობა პარალიზებული. საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ხელისუფლებაც მონაწილეობს თანაბარ საწყისებზე, იქ უამრავი პროცედურული ბერკეტი აქვს, მაგრამ იქამდე მისვლასაც ვერ რისკავენ, იმდენად ტოქსიკურია ეს სფერო მათთვის. გაცილებით დიდ ამბებს უნდა ველოდოთ, თუკი კომისია შეიქმნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ისეთი ბრიყვი არავინ არის, დაიჯეროს სასამართლოს ზედა ეშელონებში კორუფცია ისე შემოეპარათ, არაფერი იცოდნენო. როცა სასამართლო სისტემაში მძიმე კორუფციაზე საუბრობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, გულისხმობს, რომ ხელისუფლების ყველა რგოლში კორუფციაა. არ შეიძლება სასამართლოში იყოს კორუფცია და კორუფცია არ იყოს პროკურატურაში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, პარლამენტში. ამ ხელისუფლებას არც აქვს რესურსი გაემიჯნოს კლანს, ერთნი არიან. სანქცირების გადაწყვეტილებას ამერიკის სახელმწიფო მდივანი ბლინკენი აწერს ხელს. ისე, რამხელა “პატივია” ეს ჩვენი კლანური სასამართლოსთვის და ამ ფიგურანტებისთვის. მათ გარკვევით თქვეს, ეს მტკიცებულებები ჩვენთვის საკმარისია, რომ ამ ტიპის კორუფციაში ჩართული მოსამართლეები არ შემოვუშვათ ჩვენს ქვეყანაშიო. ეს არის იმ ქვეყნის სახელმწიფოებრივი, მორალური და სამართლებრივი პოზიცია. ისიც გვითხრეს, ამ საქმეს თქვენ უნდა მიხედოთო”, - განმარტავს ყოფილი პროკურორი.

“ვინ უნდა იმუშაოს მტკიცებულებებზე? მე და თქვენ თუ გამოძიებამ და პროკურატურამ? მაგრამ როგორ იმუშავებს, როცა მთელი პარლამენტია გადაფარებული და მზად არიან უარი თქვან საკანონმდებლო საქმიანობაზე. ერთადერთი გამოსავალი საპარლამენტო კომისიაა. კორუფციასთან დაკავშირებული მტკიცებულებები ხშირად ზედაპირზე დევს და დიდი გამოძიება არ სჭირდება, ქონება არ იმალება. ამდენი უძრავ-მოძრავი ქონება და სასახლე საიდან არის მათ ხელში? მარტივი არითმეტიკის ამბავია, დათვალეთ მათი შემოსავლები და გამოჩნდება რეალობა. ჩინჩალაძის სახლი რომ აჩვენეს ერთ-ერთი საგამოძიებო სიუჟეტში, მის სახლში უნიფორმიანი მოსამსახურე ჩანდა. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ეს? მანამდეც იყვნენ მოსამართლეები, მაგრამ სასახლეები არ ჰქონდათ. ამ სისტემაში არიან მოსამართლეები იმავე ხელფასებით, მაგრამ იმათ არა აქვთ სასახლეები. ხომ უნდა თქვან, როგორ ახერხებენ ამ სასახლეების აშენებას? იმაზე არაფერს ვამბობ, რომ მათი ნახევარი ქონება გადამალულია, ნათესავებზე, ახლობლებზე, მეზობლებზეა გადაფორმებული”, - ამბობს მაია მწარიაშვილი.

“გაიხსენეთ, სანქცირებულმა მოსამართლე შენგელიამ, მისი ქონება შემოსავლებთან შედარებით მეტი რომ აღმოჩნდა, თქვა, ფული ახლობელმა მათხოვა, მაინცდამაინც ბანკიდან უნდა გამომეტანაო? ნორმალურ ქვეყანაში ამაზე აუცილებლად დაიწყებოდა გამოძიება, ვინ რაში ათხოვა, ფულის წარმომავლობას და სხვა საკითხებს აუცილებლად შეისწავლიდნენ. ჩვენთან კი მხოლოდ ტელეეთერში გავიდა და მორჩა. ამერიკა ამიტომ ამბობს, ზედაპირზე დევს ყველაფერიო... სისტემა სტერილურია და იმის შანსი არ არის, რომ ვინმე რამეს გაბედავს. კლანს ანგარიშვალდებულება აქვს ერთმანეთთან და არავის აძლევს შანსს, ეს დაივიწყონ. ამერიკაში წასვლის თემაც ბანალური საკითხია. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ამბობდა, რასაკვირველია, მივდივარ ამერიკაშიო და მერე თქვა, აღარ მივდივარო. რასაც შეუთვლიან, იმას აკეთებენ. შეიძლება უთხრან მოსამართლეებს თავიანთმა ბოსებმა, “კოკა-კოლა” აღარ დალიოთო, და წავა კამპანია, “კოკა-კოლას” აღარ ვსვამთო, მერე იქნება, არ ჩავიცვამთ ჯინსებსო... ჩვენს სასამართლოში პატრონყმობაა. ასეთი მოსამართლეების მიღებული გადაწყვეტილება რა იქნება? მოსამართლეებმა კლანის თამაშის წესები მიიღეს და შეგუებული არიან”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“კლანის შექმნაში, მის კულტივაციაში, წლების განმავლობაში ხელისუფლების არაერთი პირველი პირი მონაწილეობდა. დამნაშავეა როგორც აღმასრულებელი, ასევე საპარლამენტო ხელისუფლება. მათ მიზანმიმართულ მოქმედებებს საკანონმდებლო ფონს როგორ უდებდნენ, ესეც ვნახეთ. ამ კლანს პარლამენტში ჰყავს მხარდამჭერები ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. კობახიძე კლანის განუყოფელი ნაწილია. სხვათა შორის, ჩინჩალაძე და კობახიძე კურსელები არიან და არა მარტო ისინი. ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა აქვთ. თუ გახსოვთ, ტელესივრცეში რომ გავრცელდა კადრები და ისმოდა კითხვები, ვის ესაუბრება ირაკლი კობახიძე ამდენ ხანსო, დიდი ეჭვი მაქვს, ჩინჩალაძეს ესაუბრებოდა. არაფორმალურმა მმართველმა ამ კლანთან ურთიერთობის დალაგება 2013 წლიდან დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ეგონა, რომ ამ ხელისუფლებას მართლა ჰქონდა ამოცანა წინა ხელისუფლების უკანონობები გაესწორებინა”, - დასძენს მაია მწარიაშვილი და შეკითხვაზე - “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი და ახლანდელ კლანი რითი განსხვავდება?” - პასუხობს:

“პერსონაჟები იგივე არიან, მაგრამ სასამართლო ახლა სხვანაირად იმართება. მაშინ გადაწყვეტილების მიმღები ზურაბ ადეიშვილი იყო, ცერცვაძე და ჩინჩალაძე კი - აღმსრულებელი რგოლი სასამართლოში. მაშინ სასამართლოში ასეთი კლანური მმართველობა, რომელიც თვითონ მართავს სასამართლოს არ იყო, ადეიშვილის ფილტრს გადიოდა ყველა გადაწყვეტილება, ესენი დამოუკიდებელ თამაშს ვერ თამაშობდნენ და სახელმწიფოს შეკვეთაც სხვა იყო: ნულოვანი ტოლერანტობა, ამოცანები და სხვა დავალებები... 2012 წლიდან უკვე ობსტრუქციის რეჟიმში მუშაობდნენ, შიგნით გადაალაგეს ყველაფერი, გადანიშნეს თავმჯდომარეები, მათი ნდობით აღჭურვილი პირები დანიშნეს. ამ ხელისუფლებას დაანახეს, ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ წინააღმდეგობაო. 2013 წლის შემოდგომიდან კი დაიწყეს დალაგება, ავანგარდში იყვნენ ფარცხალაძე და სხვები. ხელისუფლებამ გადაწყვიტა მიეღო მათი სერვისი და თქვა, ჩემთვის პერსონაჟებს არა აქვს მნიშვნელობაო. ასე რომ, სისტემის მმართველად ჩინჩალაძე დარჩა. მან შესთავაზა იუსტიციის საბჭოს მდივნად მურუსიძის კანდიდატურა, რომელიც მანამდე არ იყო სისტემის თავში, მაგრამ იცოდა, ყველაზე მეტ ნეგატივს ის მიიღებდა, თვითონ კი კულისებში დარჩებოდა. ასეც მოხდა”.

დარჩა თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობის რესურსი ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე

“კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზეა დამოკიდებული. საბოლოო პასუხამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, პრიორიტეტების ნაწილი კი კვლავ ღიაა. ეს დიდწილად საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობაზეა დამოკიდებული, რის რესურსსაც ანალიტიკოსები ბოლო მოვლენების ფონზე, უკვე ვეღარ ხედავენ. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზოინანსთან” აღნიშნავს, რომ თუ “ოცნება” სანქცირებული მოსამართლეებზე სააგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ დაბლოკავს, მაშინ, სასამართლო რეფორმა შესრულებულად არ ჩაითვლება, ასევე, ღიაა სხვა პუნქტებიც და არაა გამორიცხული, რომ ეს გარკვეულწილად შემაფერხებელიც გახდეს. თუმცა, ჩიტაძე იქვე დასძენს, რომ არც ისაა გამორიცხული, რომ ევროკავშირმა ანგარიში არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ქართველ საზოგადოებას გაუწიოს და კანდიდატის სტატუსი გარკვეული დათქმებით მოგვცეს და თუ ვერ შესრულდება, ისევ გაგვიუქმონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დარჩა თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობის რესურსი ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე.

“ხელისუფლების და ოპოზიციის თანამშრომლობის რესურსი ძალიან მცირეა, თუნდაც იმ ფონზე, როცა ბოლო დღეებში პარლამენტის სხდომებს უკვე საპარლამენტო უმრავლესობა ბლოკავს, არ გადის რეგისტრაციას, რომ კომისია არ ჩამოყალიბდეს, რომელიც სასამართლო კლანის საქმიანობას გამოავლენს და ა.შ. ხელისუფლება ახლა დასანქცირებულ 4 მოსამართლეზე კონკრეტულ მტკიცებულებას ითხოვს. ასე სასამართლო რეფორმა შესრულებულად ვერანაირად ვერ ჩაითვლება. მგონია, რომ ღიად დარჩება დეპოლარიზაციაც, დეოლიგარქიზაციას რაც შეეხება, სადაც ივანიშვილს ოლიგარქად არ აღიარებენ და კეზერაშვილზე საუბრობენ, აქ ბუნებრივია ძალიან რთულია ილაპარაკო იმაზე, რომ დეოლიგაქიზაციაზე კანონს მიიღებენ. ასევე მგონია, რომ ღიად დარჩება მედიის პუნქტიც. პოლიტპატიმრების ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის სკაითხიც გადასაჭრელია. ჰელსინკის კომისია ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ გვარამია შეიწყალოს. თუმცა მგონია, რომ “ოცნება” მოტივირებული არაა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ყველაზე უკეთესი შემთხვევა ის იქნება, რომ მიუხედავად ყველაფრისა, კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვანიჭონ. თუმცა ეს იყოს დათქმებით და განაცხადონ, რომ ევროპა საქართველოს ხელისუფლებას კი არა, არამედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას უჭერს მხარს. ასეთ შემთხვევაში კი თქვან, რომ ხელისუფლებამ რეფორმები უნდა განახორციელოს, წინააღდეგ შემთხვევაში, რაღაც პერიოდში სტატუსი გაუუქმდეს. ანუ ისეთი ვარიანტი შეიქმნას, რომ თავად ხალხში გაჩნდეს უფრო მეტი მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ. მგონია, რომ ევროკომისიის შუალედური რეკომენდაციებიც ნეგატიური იქნება, რადგან “ოცნება” ე.წ. მოსამართლეებს ხელს აფარებს. ივანიშვილს ისევ მეცენატად მოიხსენიებენ და ოლიგარქად არ აღიარებენ, ასევე უმრავლესობა პარლამენტის სხდომების ჩატარებას ბლოკავს. დასავლეთის კრიტიკა და რუსეთზე დამოკიდებულება იზრდება. დასავლეთის კრიტიკა თუნდაც “ოცნების” სატელიტი “ხალხის ძალისგან”, - დაასკვნის ნიკა ჩიტაძე.

“როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, რომ 12 პუნქტის შესრულებას ხელი შეუშალოს, ამიტომაც მმართველი გუნდი მათთან თანამშრომლობას ვერ შეძლებს. თუმცა იქვე დასძენს, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს კარგად აცნობიერებენ და ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებენ. “მმართველი გუნდი თანამშრომლობას ვერანაირად ვერ შეძლებს იმ დესტრუქციულ პარტიასთან, რომელიც მხოლოდ ქვეყნის აყირავებაზეა ორიენტირებული და პატარა საბაბსაც კი ეძებს, რომ 12 პუნქტის შესრულებას ხელი შეუშალოს. ამას უკვე დაუფარავად, ქუჩიდან და პარლამენტის დერეფნებიდან აკეთებენ. გაუგებარი კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომლითაც მართლმსაჯულებაში ჩარევა მოხდება. კომისიის შექმნას იმ ბრალდებებზე აპირებენ, რომლის რეალური საფუძვლები არ არსებობს. სახელმწიფო დეპარტამენტი საგამოძიებო სამსახური არაა და თუ თვითონ აშშ-ს საელჩო ამბობს, რომ ეს ღია წყაროებიდანაა მიღებული”, - ამბობს აბაშიძე, რომლის აზრით, `ესე იგი, იმ ქართული მედიებიდანაა, რომელთა ნაწილი ძალიან უსინდისოდ იტყუება ხოლმე", - წერს სტატიის ავტორი.

“რაც შეეეხება სხვა პუნქტებს, იუსტიცის საბჭოს დაკომპლექტება, მართლმსაჯულების რეფორმა, თუ სხვა, ამაში რადიკალების მხრიდან ყოველთვის ობსტრუქცია იქნება, მაგრამ იმედია და ბრიუსელიდანაც გარკვეული სიგნალები მოდის, რომ ევროკომისიაში არსებულ სირთულეებს გაითვალისწინებენ და ადრეულ თუ გვიან შემოდგომაზე კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციას მოგვცემენ. თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცა, ეს “ნაც” ოპოზიციის ხელში ძალიან მნიშვნელოვანი დესტრუქციული საბაბი იქნება, რომ ქვეყნაში არეულობის მუხტის შემოტანა კიდევ ერთხელ სცადონ. მგონია, რომ ამას ევროკავშირის ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები კარგად აცნობიერებენ და ისე მოიქცევიან, როგორც ამ ინსტიტუტს და საქართველოს ეკადრება ყველანაირი პარამეტრების შესრულებით, მათ შორის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღებითაც”, - დასძენს გია აბაშიძე.

ბაჩო დოლიძე - “ხაბეიშვილმა მთელი პარტიის მისაკუთრება მოინდომა”

“მმართველი ძალა საპარლამენტო საქმიანობის უზურპაციას ცდილობს. ვერც ერთი ინსტიტუცია ვერ ასრულებს თავის უფლებამოსილებას, თუ ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებს არ იზიარებს. უკვე მეტისმეტია, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს, მხოლოდ ქვეყანაში კი არა, საერთაშორისო მასშტაბით გზავნის სიგნალს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარება შეუძლებელია... ხელისუფლება დამნაშავე მოსამართლეების დაცვით ქვეყანაში ინსტიტუციების ფუნქციონირებას უთხრის ძირს. აბსოლუტურად ვიზიარებ შენიშვნას - “ნაცმოძრაობას” თავის დროზე სწორად რომ გაეტარებინა სასამართლო რეფორმა, ახლა მურუსიძისა და ჩინჩალაძის მსგავსი მოსამართლეები აღარ გვეყოლებოდნენ, “ქართულმა ოცნებამ” ხელიდან ხელში გადმოიბარა კორუმპირებული მოსამართლეები”, - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხაბეიშვილმა მთელი პარტიის მისაკუთრება მოინდომა”.

“ნაციონალების” შეცდომები `ქართულ ოცნებას~ უფლებას აძლევს კლანთან ითანამშრომლოს. “ნაცმოძრაობის” ახალი მენეჯმენტი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს. ახლა პარტიაში ის კონფიგურაციაა, რომელიც დღევანდელ რეჟიმს ვერასდროს დაამარცხებს. ყბადაღებულ თემად აქციეს ის, რომ მელიამ ახალი ოფისი იქირავა. ვინც არ იზიარებდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკას, ყველას კარი დაუკეტეს და ბუნებრივი იყო, შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც ამ ადამიანებს თავს მოვუყრიდით. ეს ოფისი არის გაერთიანების და არა დაქსაქსვის. პარტიას უამრავი ოფისი აქვს. 2 თვეზე მეტი გავიდა, არსად არ გვეძახიან. შესაბამისად, ოფისის გახსნა აბსოლუტურად ბუნებრივი იყო. გამიკვირდა ეს აჟიოტაჟი. პარტიას შეემატა კიდევ ერთი ოფისი, რატომ ატყდა ისტერიკა? “ნაცმოძრაობაში” ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა, ამის მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილებებზე მაინც ვთანხმდებოდით. ახალი მენეჯმენტი კი აზრსაც არ გვეკითხება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბაჩო დოლიძე დ შეკითხვაზე - “კულუარული ინფორმაციით, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში პრობლემებს­ ქმნის ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც ინგლისური არ იცის...” - პასუხობს:

“ამ კულუარული ინფორმაციის წყარო ლევანის გარემოცვაა. ამის გამო ძალიან ვწუხვარ. როდესაც ახალი კანდიდატის საკითხს განიხილავდნენ, ბევრი დეტალი უნდა გაეთვალისწინებინათ. ასეა თუ ისე, ამომრჩეველმა მიიღო გადაწყვეტილება და დღეს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილია. სხვა საკითხია, ვის მოსწონს ეს და ვის არა. ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პარტიაში დემოკრატიის სტანდარტი შეიცვალა. დემოკრატიული არჩევნებით მოსულმა თავმჯდომარემ პირველი რაც გააკეთა, იყო რეორგანიზაცია. დაშალა ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის საბჭო, ბოლოს კი მთელი პარტიის მისაკუთრება მოინდომა”.

“ნაცმოძრაობას” ჩვენი გუნდი არ გამოეყოფა - ახლა ამოცანაა პარიტეტი იყოს დაცული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პარტიის ნახევარი ჩვენს პოზიციას იზიარებს. იმის გამო, რომ ახალ მენეჯმენტთან ჩვენი თანხვედრა ვერ შედგა, რა უნდა ქნას ამდენმა ხალხმა, პოლიტიკურ აქტიურობას გამოეთიშოს? ლევანისა და მისი მომხრეების განცხადებებს რომ ვუსმენ, მრჩება განცდა, რომ გვეუბნებიან, წადითო. მგონი, ერთადერთი მენეჯმენტია ოპოზიციაში, რომელიც ხალხს გაგდებისკენ მოუწოდებს, ნაცვლად იმისა, შემოიკრიბოს. პარტიის კარი დაკეტილია ძალიან ბევრი პირისთვის ერთი მიზეზის გამო, რომ ვანო მერაბიშვილის პოზიციას არ იზიარებენ. ამ კარს ყველა შემთხვევაში გავხსნით. ერთპიროვნულად მართვა ქართულ პოლიტიკაში დასრულდა. როცა ვამბობთ, რომ კოალიციური მმართველობა გვჭირდება, გვაქვს შესაძლებლობა ჩვენივე მოქმედებებით დავამტკიცოთ, რომ კოალიციური თანაცხოვრება შესაძლებელია პარტიაში და ანალოგიური მოდელი იმუშავებს ხელისუფლებაშიც. თუ პარტიაში ვერ შევძელით ეს, ხელისუფლებაში მოსვლას უნდა დავემშვიდობოთ”, - დაასკვნის რესპონდენტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა