„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს.
სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიციის ინიციატივა პოლიტიკურად ცხელი თემის შექმნას ისახავს მიზნად და არა კონკრეტულ საკითხზე ჭეშმარიტების დადგენას.
მისივე განცხადებით, მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს არსებობს რაღაც გარემოებები, რის გამოც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილია, დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებულია.
„პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ იქმნება ნებისმიერ დანაშაულთან და დანაშაულის შემცველ ფაქტთან დაკავშირებით. ამას კიდევ ბევრი სხვა დასაბუთება სჭირდება. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საგამოძიებო კომისია არ შეიძლება განვიხილოთ როგორც საგამოძიებო ორგანოების ალტერნატივა. ეს არის განსხვავებული მიმართულებების შემსწავლელი მექანიზმი, მაგრამ არამც და არამც სტანდარტული გამოძიების ალტერნატივა.
განცხადება იმის შესახებ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები საკითხით არ ინტერესდებიან, სწორი არ არის. პოლიტიკოსები მსგავსი საკითხების შეფასებას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ. ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელსაც ტრანსსასაზღვრო ანუ სხვადასხვა სახელმწიფოთა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობა სჭირდება. საქართველოს ევროპულ კოლეგა დაწესებულებებთან თანამშრომლობის ძალიან კარგი არხები აქვს. არ მგონია ვინმეს საიმისო მიზეზი ჰქონდეს, რომ ქართულ საგამოძიებო სტრუქტურების საქმიანობას კრიტიკულად მიუდგეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს შეისწავლის.