რუსთავის მერიასთან ერთად, მოქალაქეთა ასამბლეამ ქვეყნის მასშტაბით პირველად ეკოპროექტზე მუშაობა დაიწყო.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, მთავარი განსახილველი თემა, ასამბლეაზე რუსთავის ტერიტორიაზე არსებული ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიაა, რომელიც ექსპერტებთან და შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ რუსთაველებთან ერთად უნდა შემუშავდეს.
მათივე ცნობით, ასამბლეის გახსნას, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი, კობა ძლიერიშვილი და ადმინისტრაციის უფროსი, მიხეილ მუზაშვილი ექსპერტებთან ერთად დაესწრნენ.
,,რუსთავში ევროსაბჭოსთან ერთად დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. დღეს მოქალაქეთა ასამბლეაზე განიხილება ჭალის ტყის აღდგენის საკითხი, რომელიც ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მერიის გუნდისთვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა, აუცილებელი იყო. როგორც აღვნიშნე, ასამბლეის მონაწილე ძალიან ბევრი რუსთაველი ჩაერთვება ჭალის ტყის ტერიტორიის მდგრადი განვითარების საბოლოო გეგმის შემუშავებაში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
როგორც რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, კობა ძლიერიშვილმა განაცხადა, ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიაზე აქტიური მუშაობა, ერთი წელია, რაც დარგის ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს.
,,რუსთავისთვის ეს თემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ჭალის ტყის აღნიშნული მონაკვეთის ეკოლოგიური მდგომარეობა განსაკუთრებით სავალალოა. ექსპერტების მიერ ჭალის ტყის ამ ტერიტორიის შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს და საბოლოოდ დაიდება საპროექტო გეგმა. ამ გეგმის შემუშავებაში კი ექსპერტებთან ერთად, მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რუსთავის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, კობა ძლიერიშვილმა.
რუსთავის ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის საბოლო ვერსიის ჩამოყალიბების მიზნით, დარგის ექსპერტები და მოქალაქეთა ასამბლეის წევრები, სპეციალური გეგმის შემუშავებაზე, ერთობლივად სამი დღის განმავლობაში იმუშავებენ.
მოქალაქეთა ასამბლეა, დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების ფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, დამოუკიდებლად და ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, განსაზღვრონ ქალაქის მომავალი. ასამბლეის წევრები, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მოქალაქეები არიან, რომლებიც ერთად ქმნიან წარმომადგენლობით ჯგუფს.