პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
„მხარს ვუჭერ პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას, ქოლ-ცენტრების თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ უმრავლესობას, გაირკვეს, ვინ არის ქოლ-ცენტრების რეალური მფლობელი, რადგან როგორც ცნობილია, ეს ქოლ-ცენტრები დღესაც ფუნქციონირებს.
პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვას: თუ ქოლ-ცენტრების ნაწილი ეკუთვნის ბატონ კეზერაშვილს, როგორ მოახერხა მან, ანუ საქართველოს მთავრობის მიერ ძებნაში მყოფმა ადამიანმა, მასშტაბურ (საუბარია მილიარდებზე) კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში მონაწილეობა, ან ამ ქოლ-ცენტრების აწყობა საქართველოს ტერიტორიაზე .
ბატონი ივანიშვილის მფარველობის გარეშე, მსგავსი უკანონო საქმიანობის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია - ამ ყველაფერს ფარდა უნდა აეხადოს! ამიტომაც მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას“, - აცხადებს ოქრიაშვილი.