საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებას - „ინტელექტუალური საკუთრების მართვა მეცნიერებაში“ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და რუსთაველის ფონდის გრანტიორები, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, „საქპატენტის“ და მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ინტელექტუალური საკუთრებისა და საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების სამეცნიერო კვლევების წვლილზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ პროცესებზე, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევების ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციის მიმართულებით მიმდინარეობს.

„ინტელექტუალური საკუთრება ადამიანის გონებრივი და შემოქმედებითი საქმიანობის ნაყოფია და მას განეკუთვნება მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინოვაციები - ყველაფერი, რაც ერთობლიობაში ქმნის პროგრესისა და ქვეყნის განვითარების მძლავრ შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და მისი არსის გააზრებას. ნიშანდობლივია, რომ ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღინიშნება, რისთვისაც მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებს. ჩვენი უნივერსიტეტი უძველესი და ძლიერი საინჟინრო-ტექნოლოგიური ჰაბია რეგიონში. ეს არის ადგილი, სადაც ყოველდღიური შეხება გვაქვს საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების ინტელექტუალურ საკუთრებასთან, რომელსაც ჩამოყალიბების საუკუნოვანი ისტორია აქვს. ინტელექტუალური საკუთრების შექმნა-განვითარების პროცესები დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უნივერსიტეტში აქტიურად ვმუშაობთ სამეცნიერო კვლევების ტექტრანფერისა და კომერციალიზაციის მიმართულებით. სასიხარულოა, რომ გამოცდილ მეცნიერებთან ერთად, თავიანთ გამოგონებებსა და აღმოჩენებს ახალგაზრდა მკვლევრები და ჩვენი სტუდენტებიც აპატენტებენ იმ ფონზე, რომ საქართველოს მთავრობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევითა და ქმედითი მხარდაჭერით, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცე გახსნილია ჩვენი მკვლევრებისთვის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო კოლაბორაციებში - CERN-ში, იაპონიის KEK-სა და J-PARC-ში, ამერიკის FERMILAB-ში და სხვ. გაწეული მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისთვის მადლობას ვუხდით ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიურ წრეებს, ფაკულტეტებს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და ცენტრებს, ჩვენს ნიჭიერ და იმედისმომცემ ახალგაზრდებს, რომლებთან ერთადაც წარმატებით ვქმნით ინტელექტუალურ საკუთრებას“, - აღნიშნა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ერეკლე ასტახიშვილი და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე.

როგორც ზაზა მარუაშვილმა აღნიშნა, შემთხვევითი არ არის, რომ ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღე ქართული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ფლაგმანში - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღინიშნება. მისი განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარს უჭერს ინტელექტუალური საკუთრების ადმინისტრირების მიმართულებით, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისათვის ახალი ცოდნისა და უნარების გადაცემას, რაც საბოლოო ჯამში, მეცნიერების ხარისხის გაუმჯობესებასა და სამეცნიერო კვლევების რაოდენობრივ ზრდას წაადგება.

ერეკლე ასტახიშვილის ინფორმაციით, სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაცია და ინდუსტრიალიზაცია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. როგორც მან აღნიშნა, ღონისძიების მიზანია ინტელექტუალური საკუთრების ეფექტური მართვისა და დაცვის, გამოგონების პატენტის მნიშვნელობის წარმოჩენა მეცნიერების, გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების განვითარებაში. ამ მიზნით რუსთაველის სამეცნიერო ფონდი ახორციელებს გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს, რომელიც ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევის ტექნოლოგიურ ტრანსფერს და მეცნიერების ეფექტურ ჩართვას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საკონკურსო პირობების თანახმად, კონცეფციის დამტკიცებისთვის პროექტებს, კვლევების პროგრამის ფარგლებში, გამოგონების პატენტუნარიანობაზე „საქპატენტის“ მიერ გაცემული დადებითი დასკვნა უნდა ჰქონდეს, ხოლო საპილოტე და დანერგვითი კვლევების პროგრამების ფარგლებში, კვლევითი იდეა საქართველოში ან უცხოეთში გაცემულ პატენტს უნდა ეფუძნებოდეს.

სოსო გიორგაძის განცხადებით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობის შესახებ საუბარი მეცნიერების დარგის მხარდაჭერისა და სამეცნიერო პროცესებში საზოგადოების ინტეგრირებისთვის არის აუცილებელი. მისი თქმით, ყველა მეცნიერი, შემოქმედი, ავტორი, რომელიც ქმნის ინტელექტუალურ პროდუქტს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გარანტი სახელმწიფო იქნება.

ღონისძიებაზე ინტელექტუალური საკუთრების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოხსენებით წარსდგნენ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი ქეთევან გაბიტაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სტუ-ის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ ურთმელიძე და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერაბ კუცია.

ღონისძიების დასასრულს, მეცნიერების, ახალგაზრდა მკვლევრებისა და რუსთაველის ფონდის გრანტიორებისთვის „საქპატენტის“ გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერაბ კუციამ ინტელექტუალური საკუთრების ტიპების, პატენტის მოპოვებისა და ინტელექტუალური საკუთრების დარეგისტრირების პროცედურების შესახებ ვორქშოფი ჩაატარა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!