სალომე ზურაბიშვილს კონკრეტული თავების მიხედვით მოუწევს პასუხების გაცემა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ევროპარლამენტის რეზოლუციაშია, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ექსპერტმა, ვანო მაჭავარიანმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 31 მაისს ევროპარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ზურაბიშვილს კრიტიკულ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.
„მე როგორც ვიცი, ევროპარლამენტში საკმაოდ რთული დღის წესრიგია. მე ისიც მიკვირს, რომ 31 მაისს გამოვა, რადგან საკმაოდ დატვირთულია. როგორც ჩანს, თვითონ ევროპარლამენტის სპიკერმა მოინდომა.
სალომე ზურაბიშვილს კონკრეტული თავების მიხედვით მოუწევს პასუხების გაცემა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ევროპარლამენტის რეზოლუციაშია. კითხვები იქნება 12 პუნქტთან, მიხეილ სააკაშვილთან, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით და ზოგადად ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ზურაბიშვილს კრიტიკულ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ევროპარლამენტის ფორმატიც გულისხმობს იმას, რომ თუ გაქვს პრეტენზია კანდიდატის სტატუსზე და ევროპული ოჯახის წევრობაზე, თავისთავად უამრავი კითხვაა, რომელზეც ევროპარლამენტს უნდა, რომ პასუხები მიიღოს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ექსპერტის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ასოცირებული ტრიოს“ ერთიან სურათში საქართველო არ ყოფილიყო.
„ჩვენი პარტნიორები ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველომ ევროპულ და ევროატლანტიკურ გზიდან არ გადაუხვიოს. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო-მოლდოვა-უკრაინას ერთიან სურათში არ ვყოფილიყავით და ამ მიმართულებით ლიდერი არ ვყოფილიყავით. თუ მთავრობა მოწადინებულია, რომ 12 პუნქტთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით კითხვები არ იყოს, რეკომენდაციებს შეასრულებდა. ჰუმანიტარული საფუძვლებით მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანდა. ასევე, სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეიწყალებდა. ყველაფერ საწინააღმდეგოს აკეთებენ. განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ საქმით იმას, რაც ბრიტანელი პარლამენტარის მიერ არის აღწერილი. აქედან გამოსავალს სად ხედავენ?“, - განაცხადა მაჭავარიანმა.