გორის სახელმწიფო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თურქეთის საისტორიო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ქართველი და თურქი ახალგაზრდა ისტორიკოსების პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა სიმპოზიუმი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა. ინფორმაციის თანახმად, მან ქართულ-თურქულ ურთიერთობებზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა მსგავსი სამეცნიერო ღონისძიებების მნიშვნელობას და სიმპოზიუმში მონაწილეებს წარმატება უსურვა.
უნივერსიტეტის ცნობით, სიმპოზიუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს თურქეთის საისტორიო საზოგადოების წარმომადგენელმა, 19 მაისის უნივერსიტეტის პროფესორმა იბრაჰიმ თელლიოღლუმ; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა; საქართველოში თურქეთის საელჩოს მრჩეველმა განათლების საკითხებში, პროფესორმა სუათ ქოლუქირიქმა; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელდარ მამისთვალიშვილმა; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა კახა კვაშილავამ.
„სიმპოზიუმის გახსნის ცერემონია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზ-ბენდის „კანუდოსის“ მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრით დაიხურა. საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებს 15 მონაწილე შემდეგი 14 უნივერსიტეტიდან: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ფამუქალეს უნივერსიტეტი, რეჯეპ ტაიიპ ერდოღანის უნივერსიტეტი, ჟანდარმერიის და სანაპირო დაცვის აკადემია (ანკარა), ანკარის უნივერსიტეტი, ცხრამეტი მაისის უნივერსიტეტი, ქოჯათეფეს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი (ყარსი), სტამბოლის უნივერსიტეტი.
სიმპოზიუმი სამდღიანია და გაგრძელდება 28 და 29 აპრილს. სიმპოზიუმში მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.