გიორგი კუნაძე - უკრაინაში ომის დაწყებით რუსეთმა თავი აბსოლუტურ ჩიხში მოიქცია, რომლისგანაც ტერიტორიული დანაკარგებისა და სახის დაკარგვის გარეშე, არანაირი გამოსავალი არ შეიძლება იყოს, აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ დანაკარგებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გაეროში ვიზიტის შედეგებზე, უკრაინა-რუსეთის ომის პერსპექტივებზე, გაემგზავრება თუ არა პუტინს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბრიქსის სამიტზე, ასვე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივებზე და თბილისში ევროპელი პარტნიორების გახშირებულ ვიზიტებზე ინტერპრესნიუსი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, აღმოსავლეთმცოდნეს, რუსეთის ყოფილ ელჩს სამხრეთ კორეაში, გიორგი კუნაძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, დასრულდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტი აშშ-ში. იგი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში ვრცელი სიტყვით გამოვიდა.

რადგან ვიზიტი დასრულდა, დროა მის შედეგებზე ვისაუბროთ. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ლავროვის აშშ-ში ვიზიტსა და გაეროში გამოსვლაზე?

- ჩემი შთაბეჭდილებები საკმაოდ მწარეა, მიუხედავად იმისა, რომ მე არ განვეკუთვნები ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებიც ლავროვისაგან გაეროში გამოსვლისას ახალ იდეებსა და ახალ წინადადებებს ელოდა.

ვისაც ასეთი მოლოდინი ჰქონდა, ისინიც კი მიხვდნენ, რომ ლავროვს გაეროში გამოსვლისას ახალი არაფერი უთქვამს. პირდაპირ ვიტყვი - ლავროვის თანამოაზრე არ ვარ, მაგრამ, მე ლავროვი, გარკვეულ წილად შემეცოდა კიდეც.

იგი დიდი აუდიტორიის წინაშე გამოვიდა იმ პირობებში, როცა იცოდა, რომ იმ დარბაზში, რომელშიც იგი გამოვიდა, მისი არც ერთი სიტყვა არავის დაუჯერებია. მეტიც, ამ დარბაზს არც მის მიმართ და არც იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც იგი წარმოადგენს, არათუ არავის არაფრის არ სჯერა, კარგა ხანია არავინ არაფრად აგდებს. მეტიც, ფაქტია, რომ ახლა რუსეთს აგრესორ ქვეყნად აღიქვამს ყველა და გაეროში გამოსვლა ლავროვისთვის დიდი და არასასიამოვნო გამოცდა იყო.

ახლა რუსეთს აგრესორ ქვეყნად აღიქვამს ყველა და გაეროში გამოსვლა ლავროვისთვის დიდი და არასასიამოვნო გამოცდა იყო

ბევრმა გაკვირვება გამოთქვა იმის, გამო, თუ რატომ მოუსმინეს მას დიპლომატებმა და არ დატოვეს დარბაზი. ასეთი მტკიცებები უსაფუძვლო მგონია, რადგან არ მახსენდება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას სხდომა პროტესტის ნიშნად ვინმეს დაეტოვებინა. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია - ლავროვს მოუსმინეს, მაგრამ რაზეც ილაპარაკა, დაივიწყეს.

მე ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ ლავროვმა მორიგჯერ შესთავაზა საერთაშორისო თანამეგობრობას ახალი ვერსია იმაზე, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა ომი უკრაინაში. ეს მან გააკეთა იმ ვითარებაში, რომ როცა კრემლს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების მიზეზად არა ერთი ვერსია ჰქონდა დასახელებული. მათი რაოდენობა უკვე იმდენია, მეც კი მიჭირს მათში გარკვევა.

ჩემი შთაბეჭდილება ასეთია - ლავროვს მოუსმინეს, მაგრამ რაზეც ილაპარაკა, დაივიწყეს

ლავროვმა ილაპარაკა, არა დონბასელ ბავშვებზე, რომლებსაც თურმე 8 წელია უკრაინელები კლავენ, არამედ იმაზე, რომ თურმე ნატოს გაფართოება რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება. ამგვარი მტკიცება პირადად მე სრულ იდიოტიზმად მიმაჩნია.

რატომ? იმიტომ რომ სულ ახლახან ნატოს წევრი გახდა ფინეთი. ამით ნატოს საზღვარი რუსეთთან 1400-მდე კილომეტრით გაიზარდა. მეტიც, ჩრდილოეთში რუსეთის მთავარ სამხედრო ბაზას ნატო საკმაოდ ახლოს მიუახლოვდა, რაც ობიექტურად რუსეთისთვის სერიოზული საფრთხეა. ფინეთის ნატოში შესვლაზე რუსეთს არაფერი უთქვამს. ამის შესახებ თავის გამოსვლაში ლავროვსაც არაფერი უთქვამს.

- ბატონმა ლავროვმა კოლეგა დიპლომატებს გაეროს წესდების შესაბამისად გადაწყვეტილებების „კონსენსუსურად მიღებისკენ“ მოუწოდა. ასევე ბევრი ისაუბრა ორმაგ სტანდარტებზე.

საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც თავის თავზე გამოცადა რუსული ორმაგი სტანდარტები, მაგრამ, ამას რომ თავი დავანებოთ, ცხადი იყო ის, რომ გაეროში გამოსვლით კრემლი შეეცადა კორექტივები შეეტანა კოლექტიური დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ შემუშავებულ იმ იზოლაციონისტურ პოლიტიკაში, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ მას შემდეგ შეიმუშავა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

ლავროვმა შეძლო კორექტივების შეტანა იმ პოლიტიკაში, რომელიც კოლექტიურ დასავლეთს რუსეთის მიმართ მას შემდეგ აქვს შემუშავებული, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო?

- ჩემი აზრით, ლავროვმა ამის გაკეთება ვერ შეძლო, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას ეს არც უცდია. ლავროვის გამოსვლა გაეროში რუსეთისთვის აბსოლუტურად უსარგებლო აღმოჩნდა. თუ რამეს აკეთებ და იგი აბსოლუტურად უსარგებლოა, ეს შენთვის აბსოლუტურ მინუსად იქცევა.

ლავროვის გამოსვლა გაეროში რუსეთისთვის აბსოლუტურად უსარგებლო აღმოჩნდა. თუ რამეს აკეთებ და იგი აბსოლუტურად უსარგებლოა, ეს შენთვის აბსოლუტურ მინუსად იქცევა

ამით ყველაფერი დასრულდა გაეროში. მე ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ მაშინ როცა ლავროვი გაეროში გამოდიოდა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი-ის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. შესაძლოა, ამ ფაქტების დამთხვევა შემთხვევითობა იყოს, მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ სატელეფონო საუბრის გაეროში ლავროვის გამოსვლასთან დაკავშირება მთლად დამთხვევაც არ ყოფილა.

ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ მაშინ როცა ლავროვი გაეროში გამოდიოდა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი-ის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა... მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ სატელეფონო საუბრის გაეროში ლავროვის გამოსვლასთან დაკავშირება მთლად დამთხვევაც არ ყოფილა

- ლავროვმა გაეროში გამოსვლისას პრაქტიკულად თქვა, რომ „რუსეთი ომს უკრაინაში მანამდე გააგრძელებს, ვიდრე ამ ომს რუსეთი არ მოიგებს“.

ლავროვის გამოსვლამ ცხადად გვაჩვენა, რომ რუსეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ არ შეიცვლება...

- დიახ, გაეროში გამოსვლით, პრაქტიკულად ეს თქვა ლავროვმა. რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებით გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად თავისი თავი აბსოლუტურ ჩიხში მოიქცია, რომლისგანაც ტერიტორიული დანაკარგებისა და სახის დაკარგვის გარეშე არანაირი გამოსავალი არ შეიძლება იყოს, აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ დანაკარგებზე.

ეს სულელური სპეცოპერაცია ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, წარმატებები აქვს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, მაგრამ უკრაინას წარმატებები გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე რუსეთს. რუსეთის წარმატებები მიკროსკოპივითაა საძებარი, უკრაინის კი, საკმაოდ ცხადად ჩანს.

ეს სულელური სპეცოპერაცია ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, წარმატებები აქვს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, მაგრამ უკრაინას წარმატებები გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე რუსეთს. რუსეთის წარმატებები მიკროსკოპივითაა საძებარი, უკრაინის კი, საკმაოდ ცხადად ჩანს

მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს თავისი ძველი პოზიციის გამეორებას - მოდით დავიწყოთ მოლაპარაკებები, მოვილაპარაკოთ, ყველაფერზე შეიძლება საუბარი გარდა იმისა, რაც ომის შედეგად რუსეთის ნაწილად იქცა. ცხადია, რომ ასეთი პირობებით რუსეთთან მოლაპარაკებებს არავის დაიწყებს.

- მათ შორის არც ჩინეთი, რომლის პრეზიდენტმა სი-მ მოსკოვში ვიზიტისას ერთმნიშვნელოვნად და ცხადად თქვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ უნდა დასრულდეს...

- დიახ, ასეა სწორედ. ამიტომაც ვამბობ, მე არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე. როცა რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, როგორც ჩანს, რუსულ საგარეო პოლიტიკურ აზროვნებაში ინტელექტუალურ ჩიხთან გვაქვს საქმე.

როცა რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, როგორც ჩანს, რუსულ საგარეო პოლიტიკურ აზროვნებაში ინტელექტუალურ ჩიხთან გვაქვს საქმე

რუსეთი ცდილობს ილაპარაკოს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, ანაც დასავლეთთან მოლაპარაკებებზე, ისე თითქოს იგი ომში მოგებული მხარეა. თუ ფაქტების მიხედვით ვიმსჯელებთ, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთი დღეს მოგებული მხარე სულაც არაა. და თუ ასეა, რუსეთის მცდელობებსაც აზრი არა აქვს.

თუ ფაქტების მიხედვით ვიმსჯელებთ, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთი დღეს მოგებული მხარე სულაც არაა. და თუ ასეა, რუსეთის მცდელობებსაც აზრი არა აქვს

- გასულ კვირას გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გამოვიდა.

როგორც მოგვიანებით ითქვა, ამ ნაბიჯზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა იმის გამო წავიდა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უნდა გაიმართოს ბრიქსის ქვეყნების სამიტი, რომლის მუშაობაში მონაწილეობა პრეზიდენტმა პუტინმაც უნდა მიიღოს. საერთაშორისო სასამართლოს კი მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პუტინმა ბრიქს-ის სამიტში მიიღოს მონაწილეობა?

- დღეს დილით წავიკითხე, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ამ თემაზე დააზუსტა თავისი პოზიცია - მათ თქვეს, რომ საერთაშორისო სასამართლოდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა არ გამოსულა და გამოსვლას არც აპირებს.

არ გამოვრიცხავ, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჯერ სპეციალურად გაავრცელა და შემდეგ უარყო საერთაშორისო სასამართლოდან ქვეყნის გამოსვლა, რომ ენახა ვის როგორი რეაქცია ექნებოდა.

რაც შეეხება პუტინის სავარაუდო ვიზიტს. რა თქმა უნდა, პუტინი ბრიქსის სამიტზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არ გაემგზავრება. პუტინი მამაცი და გაბედული კაცია, საკმაოდ ფრთხილია.

პუტინი ბრიქსის სამიტზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არ გაემგზავრება. პუტინი მამაცი და გაბედული კაცია, საკმაოდ ფრთხილია

- სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია დრო და დრო იძაბება. მხარეების მიერ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები ცნობილია, მაგრამ თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის?

- პრემიერ ფაშინიანის ზოგიერთი განცხადება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სომხეთი მიუახლოვდა იმას, რომ აღიაროს ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად და ცნოს ტერიტორიული მთლიანობა.

გახლდით ერევანში და ნანახი მაქვს გამოსვლები ფაშინიანის წინააღმდეგ. სომხების საკმაოდ დიდი ნაწილი ფაშინიანს ვერ იტანს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სომხეთის ტერიტორიაზე საუბრისას, მას არაფერი უთქვამს ყარაბაღზე.

ისეთი პირი უჩანს, რომ ყარაბაღის საკითხი სომხეთის დღის წესრიგიდან მოხსნილია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფაშინიანი და მისი გარემოცვა ყარაბაღის სტატუსის საკითხში აზერბაიჯანის მხრიდან სერიოზულ დათმობებზე წასვლას ელოდება.

ისეთი პირი უჩანს, რომ ყარაბაღის საკითხი სომხეთის დღის წესრიგიდან მოხსნილია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფაშინიანი და მისი გარემოცვა ყარაბაღის სტატუსის საკითხში აზერბაიჯანის მხრიდან სერიოზულ დათმობებზე წასვლას ელოდება

თუ ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები არაა, მაშინ ეს სერიოზული ფაქტორი აღმოჩნდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში. საქმე იმაშიცაა, რომ ზანგეზურის კორიდორზე აზერბაიჯანს საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა უნდა.

- აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა ყარაბაღელ სომხებთან დაკავშირებით ამას წინათ განაცხადა - „მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა და იცხოვრონ მშვიდობიანად ერთიან აზერბაიჯანულ სახელმწიფოშიო...

- დიახ, და ამ განცხადებაში განსაკუთრებული არც არაფერია. სომხები საქართველოშიც ცხოვრობენ და აქვთ მიღებული საქართველოს მოქალაქეობა.

რუსეთში უამრავი სომეხი ცხოვრობს, რომლებსაც აქვთ ორმაგი სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეობა.

- უკრაინაში მიმდინარე ომისა და საერთაშორისო ასპარეზზე გართულებული ურთიერთობების ფონზე ევროკავშირმა და ნატომ საქართველოს ფართედ გაუხსნეს კარი.

ამას უკავშირდება საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით ბრიტანეთის, შემდეგ გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები. თბილისში მალე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწევა.

თქვენი დაკვირვებით ამ ვიზიტებს როგორ აღიქვამს მოსკოვი?

- ჩემი აზრით, ისინი, მოსკოვში, რა თქმა უნდა, სიამოვნებით არ აღიქმება. გასაგებია, რომ საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა. რუსეთისთვის უკრაინის პრობლემა იმაშია, რომ უკრაინაში მცხოვრებთა 1/3 სახლში რუსულად საუბრობს და თავის თავს რუსებად მიიჩნევს. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან, მაგრამ ეთნიკურად რუსები არიან.

ამიტომაცაა, რომ ისეთი სახელმწიფოს მტრად ყოფნა, როგორც უკრაინაა, რომელსაც ლამის

მთელი მსოფლიო უჭერს მხარს,რუსეთისთვის სერიოზული გამოცდაა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ ყველაფერი ცხადია. მხედველობაში მაქვს ის, რომ რუსეთის პოზიცია ბევრად რბილია. საქმე იმაშია, რომ სსრკ-ს დროსაც საქართველო აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, ყოველთვის განსაკუთრებული რესპუბლიკა იყო და ასეთ ქვეყნად დარჩა.

საქართველო, როგორც სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკას, რუსეთისთვისაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მართალია ისეთი მნიშვნელობა არა, როგორც უკრაინას, მაგრამ, ფაქტია რომ მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რომელიც დასავლეთში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, დასავლელ დიპლომატებთან კონტაქტები, თან საკმაოდ მაღალი დონის დიპლომატებთან, გახლავთ ის ფაქტორი, რომელიც მის ხელისუფლებას ამყარებს. გითხრათ სიმართლე, მე ამას არც მივესალმები და არც მოვიწონებდი.

რატომ? იმიტომ რომ მე სინანულსა და გაკვირვებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების შემდეგ არაფერი ისმის იმაზე, გადახედავს თუ არა თავის დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის პრობლემის მიმართ.

სინანულსა და გაკვირვებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების შემდეგ არაფერი ისმის იმაზე, გადახედავს თუ არა თავის დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის პრობლემის მიმართ

ეს არ გახლავთ მხოლოდ ჰუმანიტარული პრობლემა. სააკაშვილის თემა გარკვეული თვალსაზრისით მარკერიცაა. ამიტომ ვამბობ, რომ მე არ მესმის, ამ საკითხთან დაკავშირებით მიდგომებში ცვლილებები რატომ არ ხდება. შესაძლოა, ამაზე ევროპელი დიპლომატები საქართველოს ხელისუფლებასთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ, მაგრამ, ჩვენ არაფერი ვიცით.

ახლა მნიშვნელობა არა აქვს იმას, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს სააკაშვილის მიმართ. რასაც სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ძალიან ჰგავს იმას, თუ როგორ ექცევა რუსეთის ხელისუფლება ნავალნის.

სხვათა შორის, თავის ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში ნავალნიმ ბოდიში მოუხადა საქართველოს და ქართველს ხალხს 2008 წელს მისი გამოთქმების გამო.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი